ზაფხული დაიწყო და უკვე პირველი ბოსტნეული გვაქვს! დროა მათი დახმარებით გემრიელი და მაცდუნებელი კერძები მოამზადოთ. მაგალითად, ყაბაყის ღვეზელი. გასაგებია, რომ შეგიძლიათ უბრალოდ ტაფაზე შეწვათ, მაგრამ რა საჭიროა სირთულეები, თუ შეგიძლიათ ყველაფერი აურიოთ და უბრალოდ მომზადებას დაელოდოთ? თეფშებზე გადაანაწილეთ და მიირთვით!
Paparazzi არასდროს შეიცვლის აზრს, რომ კერძი მარტივი, გასაგები და სწრაფი უნდა იყოს. ამასთან ლამაზი, გემრიელი და იაფი! ფიქრობთ, ასეთი კომპრომისი შეუძლებელია? ამ საკითხზე თქვენს ეჭვებს სიამოვნებით გავაქარწყლებთ. წინსაფარი გაიკეთეთ და ინგრედიენტები შეამოწმეთ.
ყაბაყის ღვეზელი
ინგრედიენტები ბაზისთვის:
- 3 ახალი, საშუალო ზომის ყაბაყი
- 1 ხახვი
- 50 გრ ხმელი ყველი
- 3 კბილი ნიორი
- 2-3 ტოტი კამა
- მარილი გემოვნებით
ინგრედიენტები მოსასხმელად:
- 250 გრ არაჟანი
- 3 კვერცხი
- 200 გრ ფქვილი
- 3 გრ გამაფხვიერებელი
- 0,5 ჩ/კ მუსკატის კაკალი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადება:
- ახალ ყაბაყს გათლა არ სჭირდება, ის ჯერ კიდევ ნაზია. უბრალოდ გამდინარე წყალში გარეცხეთ და თხელ ნახევარ რგოლებად დაჭერით. ხახვი ოთხად გაჭერით, კამა და ნიორი უბრალოდ დააქუცმაცეთ. ყველაფერი აურიეთ.
- ღვეზელის მოსასხმელი ასე მზადდება: ცალკე თასში არაჟანი ჩაასხით, კვერცხი, წიწაკა, მარილი და მუსკატის კაკალი დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ, შემდეგ გამაფხვიერებელი და ფქვილი დაუმატეთ, კვლავ აურიეთ.
- ყაბაყი და მოსასხმელი აურიეთ ისე, რომ „მშრალი“ ადგილი არ დარჩეს. 10 წუთით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ, დაე, წვენი გამოიღოს. ახლა წვრილად გახეხილი ყველის დიდი ნაწილი დაუმატეთ და კვლავ აურიეთ.
- მზა მასა საცხობ ფორმაში (ღრმა ფორმა უმჯობესია) გადაასხით. წინასწარ საცხობ ფორმას ცხიმი წაუსვით. უმჯობესია თუ პერგამენტის ქაღალდს დააფენთ და ზემოდან ცხიმს წაუსვამთ. როცა ყველაფერი მზად იქნება, მომავალ ღვეზელს დარჩენილი ყველი მოაყარეთ და ღუმელში შედგით.
- შეხსენება არ გჭირდებათ, რომ ღუმელი წინასწარ გახურებული უნდა იყოს. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთით აცხვეთ. ახლა გამოიღეთ, ცოტა ხნით გააგრილეთ და თეფშზე გადმოიტანეთ. მზადაა!
ყაბაყის ღვეზელი შესანიშნავი ზარმაცული ვარიანტია მსუბუქი საუზმისა და სადილისთვის. მუცელიც არ გადაიტვირთება და კმაყოფილიც დარჩებით. გემრიელად მიირთვით.