იცით, რომ ცილის მიღება მხოლოდ ხორცისგან არ ხდება და მცენარეულიც არსებობს? ეს სტატია არ მოგიწოდებთ ვეგეტარიანელობისკენ. უბრალოდ დღეს paparazzi.ge გაგიზიარებთ ხორცის საუკეთესო ალტერნატივას, წითელი ლობიოს რეცეპტს – ის არის მსუყე და გემრიელი, მოსამზადებლად კი ძალიან მარტივი.იცოდეთ, რომ არ უნდა დაინანოთ მწვანილი. ის არის სასიამოვნო არომატის განმსაზღვრელი და ვიტამინების მთავარი წყარო. ამასთან, კერძის ტექსტურა იქნება უკეთესი.
წითელი ლობიოს რეცეპტი
ინგრედიენტები
500 გრ. წითელი ლობიო, 4 თავი ხახვი, 3 კბილი ნიორი, 1 ჩ/კ უცხო სუნელი, 1 ჩ/კ ხმელი ქინძი, 0,5 მწარე წიწაკა, 2 ს/კ ვაშლის ძმარი, ქინძი, ოხრახუში, მარილი,მცენარეული ზეთი.
მომზადების წესი
1 . დაალბეთ მთელი ღამით ლობიო. დილით ის გაფუებული დაგხვდებათ, გამოუცვალეთ წყალი, დადგით ცეცხლზე და აადუღეთ. ადუღების შემდეგ დაუწიეთ გაზს მინიმუმამდე და ხარშეთ რამდენიმე საათი.
2 . ამასობაში დაჭერით წვრილად ხახვი. დაყარეთ ის ტაფაზე მცენარეულ ზეთთან ერთად, ისინი ხომ ძალიან უხდებიან ერთმანეთს, მაგრამ ლობიოში ბევრ ზეთს არ დავუმატებთ. გარეთ ზაფხულია და ჩვენს ფორმებს უნდა გავუფრთხილდეთ.
3 . როდესაც ლობიო მოიხარშება, გადაუწურეთ ზედმეტი წვენი და დატოვეთ მხოლოდ 200 გრამი, რომ ტექსტურის გაზავება შეძლოთ. ჩაჭყლიტეთ დაახლოებით მესამედი ნაწილი, დანარჩენი დატოვეთ. ასე უფრო საინტერესო ტექსტურა გამოვა. აურიეთ მოშუშული ხახვი.
4 . დაყლიტეთ ნიორი და დაჭერით მწარე წიწაკა. დაუმატეთ ძმარი და უცხო სუნელი, ხმელი ქინძი. აურიეთ ლობიოში, დააყარეთ მარილი. ბოლოს მოაყარეთ ლობიოს მწვანილი: წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ქინძი. გარანტიას გაძლევთ, რომ მიიღებთ საინტერესო და განსხვავებულ გემოს.
როგორც მიხვდით, ლობიო საკმაოდ მსუყე კერძია. ის დაგანაყრებთ სხვა დანამატების გარეშეც. თუმცა გაითვალისწინეთ – მცენარე მძიმე მოსანელებელია და ერთდროულად მისი ბევრის მირთმევა არ არის რეკომენდებული. უმჯობესია თუ ექნება გარნირის ფუნქცია. უხდება ყველაფერი – თევზი, ხორცი, ბოსტნეული გრილზე. შეიძლება სოკოს რომელიმე ჯიშის გამოყენებაც.
ლობიოსთან ერთად თქვენი ორგანიზმი მიიღებს ცილების და ნახშირწყლების დიდ დოზას. სუფრიდან კარგად დანაყრებული ადგებით. სპორტსმენებს და დიეტაზე მყოფ ადამიანებს გამოადგებათ განსაკუთრებით, რადგან ეს არის ნატურალური და სწორი საკვები. გემრიელად მიირთვით.