ზაფხულში მსუბუქი და გემრიელი დესერტების მირთმევა გვსურს, თუმცა არომატული ცომეული სეზონური კენკრით აქტუალობას არ კარგავს. დღეს Paparazzi გიზიარებთ იულია ვისოცკის რეცეპტებს ნაზი ტკბილეულის მოსამზადებლად. ასე საკუთარი თავის და ოჯახის წევრების გახარებას შეძლებთ.
საზაფხულო ცომეული კენკრით – დღეს 2 რეცეპტს გთავაზობთ: საზაფხულო ტარტი კენკრით, ასევე ფუნთუშა ვანილის კრემით და ლურჯი მოცვით. დარწმუნებული ვარ, რომ შეგიყვარდებათ და მათ როგორც ზაფხულში, ასევე წლის ნებისმიერ სხვა სეზონზე გამოაცხობთ.
საზაფხულო ტარტი კენკრით
ინგრედიენტები:
- 250 გრ ხორბლის ფქვილი
- 2 ს/კ შაქარი
- 1 მწიკვი მარილი
- 125 გრ კარაქი
- 50 მლ ცივი წყალი
- 1 კვერცხის გული
- ფორთოხლის ცედრა გემოვნებით
- 400 მლ ცხიმიანი ნაღები
- 2 ს/კ შაქრის ფხვნილი
- 200 გრ მდნარი ყველი
- 2 მუჭა მარწყვი, ჟოლო, მაყვალი და ლურჯი მოცვი
მომზადების წესი:
- მარილი და შაქარი ფქვილს დაუმატეთ. ეს ტკბილი, ფხვიერი ცომის ბაზაა. კარაქი მაცივრიდან გამოიღეთ და კუბებად დაჭერით. პროდუქტის ცხიმიანობა 82,5% უნდა იყოს. მშრალი ინგრედიენტები კარაქს აურიეთ. 1 კვერცხის გული და 2 ს/კ წყალი დაუმატეთ.
- გირჩევთ ცომი სპეციალურ კომბაინში მოზილოთ. ასე კარაქი არ გათბება, ხოლო ცომეული უფრო გემრიელი გამოვა. კარაქის და ფქვილის შერევის შემდეგ კიდევ რამდენიმე კოვზი ცივი წყალი დაუმატეთ. სულ ამ მოცულობის ცომს 50 მლ წყალი სჭირდება. მზა ცომს ცოტა ფორთოხლის ცედრა დაუმატეთ.
- საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და კარაქი წაუსვით. შემდეგ ცომი მოათავსეთ, ძირი გაასწორეთ და მცირე გვერდები გაუკეთეთ. ეცადეთ, ყველგან ერთნაირი სისქის ცომი იყოს. ამის შემდეგ ტარტის ფენას კიდევ ერთი ფენა საცხობი ქაღალდი დააფარეთ და ლობიო ან ბარდა სიმძიმისთვის დააყარეთ. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთით აცხვეთ.
- კრემისვის ცხიმიანი ნაღები შაქრის ფხვნილთან ერთად ათქვიფეთ. 200 გრ მდნარი ყველი დაუმატეთ და აურიეთ. მიღებული მასა მაცივარში შეინახეთ.
- დავუბრუნდეთ ტარტის ფენას. სიმძიმე მოაშორეთ. ახლა 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში კიდევ 5 წუთით გააჩერეთ.ეს ზედმეტი სითხის ასაორთქლებლად საჭიროა.
- შიგთავსისთვის მარწყვი, ჟოლო, მაყვალი და ლურჯი მოცვი აურიეთ. ნებისმიერი კენკრა თქვენი გემოვნებით გამოიყენეთ. გრილ ბისკვიტის ფენას კრემი უხვად წაუსვით, შემდეგ ახალი კენკრა დაუმატეთ. კენკრა ბევრი უნდა იყოს. ზემოდან თუ სურვილი გაქვთ, შაქრის ფხვნილით გააფორმეთ. მზადაა!
ფუნთუშები ვანილის კრემით და ლურჯი მოცვით
ინგრედიენტები:
- 360 გრ ხორბლის ფქვილი
- 4 კვერცხი
- 0,5 ჩ/კ ზღვის მარილი
- 160 გრ კარაქი
- 585 მლ რძე
- 7 გრ სწრაფად მოქმედი მშრალი საფუარი
- 175 გრ შაქარი
- 1 მწიკვი ვანილი
- 50 გრ სიმინდის სახამებელი
- 2 მუჭა ლურჯი მოცვი
- 4 კვერცხის გული
- 1 მწიკვი ვანილის პარკი
მომზადების წესი:
- ფქვილი და 15 გრ შაქარი აურიეთ, ზღვის მარილი და საფუარი დაუმატეთ. მშრალი ინგრედიენტები 150 გრ დარბილებულ კარაქს აურიეთ. 3 კვერცხი და 85 მლ თბილი რძე აურიეთ. შემდეგ ცომს თხევადი ინგრედიენტები და ვანილი გემოვნებით დაუმატეთ. თუ კომბაინს იყენებთ, ცომი 8-10 წუთით მოზილეთ.
- მოხარშული კრემის მოსამზადებლად 500 მლ რძე შეათბეთ და 1 პარკი ვანილის მარცვლები დაუმატეთ. ცალკე კვერცხის გულები და 160 გრ შაქარი აურიეთ და ათქვიფეთ. მცირე პორციებად კვერცხის ნარევს სახამებელი დაუმატეთ. ახლა მასა დააბლენდერეთ და თანდათან ცხელი რძე დაუმატეთ.
- მზა მასა ქვაბში გადაიტანეთ და გაზქურაზე დადგით. მუდმივად აურიეთ, ნარევი 5 წუთით ხარშეთ, სანამ კრემი გასქელდება. ამის შემდეგ თეფშზე გადაიტანეთ და შესაფუთი პარკი დააფარეთ ისე, რომ კრემი მთლიანად დაფაროთ. კრემი მაცივარში შეინახეთ.
- მზა ცომი თეფშზე გადაიტანეთ, წინასწარ 10 გრ კარაქი წაუსვით. ცომს პარკი დააფარეთ და რამდენიმე საათით მაცივარში შეინახეთ. სჯობს მთელი ღამე გააჩეროთ.
- ფუნთუშის ფორმები მოამზადეთ. გირჩევთ ტარტის პორციული ფორმები გამოიყენოთ. ცომის მცირე ნაჭერი აიღეთ, დაამრგვალეთ და შემდეგ ფორმაში ჩადეთ. ცომი ჩააღრმავეთ ისე, თითქოსდა ხაჭოს ნამცხვრებს აკეთებთ.
- თითოეული ფუნთუშის ჩაღრმავებაში 1 ს/კ მოხარშული კრემი მოათავსეთ. ზემოდან ახალი ლურჯი მოცვით გააფორმეთ. ფუნთუშები შეგიძლიათ 15 წუთით ამოსასვლელად გააჩეროთ, მაგრამ ახლა აუცილებელი არაა. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით აცხვეთ. შემდეგ კარგად გააგრილეთ და მიირთვით!
იულია ვისოცკის რჩევები – როგორც იულია ამბობს, ფხვიერი ცომი, რომლის რეცეპტიც დღეს გაგიზიარეთ, ნებისმიერ შიგთავსს უხდება, იქნება ეს მოხარშული თუ ხაჭოს კრემი. ხოლო ფუნთუშის ცომიდან შეგიძლიათ ღვეზელები (მარილიანი, ტკბილი) გააკეთოთ. კულინარიულ ექსპერიმენტებში წარმატებას გისურვებთ. დარწმუნებული ვარ, საზაფხულო დესერტები ახალი კენკრით თქვენს გემურ რეცეპტორებს გააოგნებს, ხოლო ოჯახის წევრები დამატებას მოგთხოვენ. გემრიელად მიირთვით!