14 იანვარს 911 სერვისის დისპეტჩერმა ტელეფონით 17 წლის გოგოს ხმა მოისმინა. უბედურის თქმით, მასზე და მის 12 და-ძმაზე მშობლები ყოველმხრივ ძალადობდნენ. საწყალმა გათავისუფლება სასწაულებრივად მოახერხა, სახლში მობილური ტელეფონი იპოვა და სამაშველო სამსახურის ნომერი აკრიფა.
შემთხვევის ადგილას პოლიციის რაზმი სასწრაფოდ გაგზავნეს. წესრიგის დამცველები არ მოუტყუებიათ: ბნელ, ბინძურ შენობაში მათ მშობლების საზარელი სისასტიკე დახვდათ. ზოგიერთი ბავშვი იმდენად დასუსტებული იყო, რომ პოლიციელებს მათი ხელით გამოყვანა მოუწიათ.
57 წლის დევიდი და 49 წლის ლუიზა ტურპინები ახლა დაპატიმრებულნი არიან. ცოლ-ქმარმა პოლიციელებს ვერ აუხსნეს, თუ მათი შვილები ასეთ საშინელ მდგომარეობაში რატომ იყვნენ. დაზარალებულები საავადმყოფოებში მოათავსეს, მშობლებს კი ცხრა პუნქტით ბრალი დაუყონებლივ დასდეს.
სამართალდამცველები, რომლებიც ტურპინების სახლთან შემოვლას აკეთებდნენ, ამბობენ, რომ წყვილის ბავშვები ძალიან ღარიბები, გამხდრები და ასაკთან შედარებით უფრო პატარები ჩანდნენ. გამოცდილი პოლიციელებიც კი გაოგნებულნი იყვნენ იმის გაგებით, რომ გადარჩენილთა შორის 29 წლის ადამიანიც იყო.
ტურპინების მეზობლები ერთხმად ამბობენ, რომ ბავშვებს ეზოსა და სახლში ძალიან იშვიათად ხედავდნენ. კოტეჯის შიგნით შუქი ყოველთვის ენთო, ეზოს კი არავინ არასდროს არ ალაგებდა.
ზოგიერთმა მეზობელმა ბავშვების ზუსტი რაოდენობაც არ იცოდა. ასეთ პატარა სახლში ამდენი ბავშვის გაზრდა ფიზიკურად შეუძლებელი იყო!
დევიდი და ლუიზა კალიფორნიის ქალაქ პერისში საცხოვრებლად 2010 წელს გადავიდნენ. როცა 1 წლის შემდეგ თავი გაკოტრებულად გამოაცხადეს, მათ საქმეს ხელი ადვოკატმა მოკიდა.
წესრიგის დამცველებმა ადვოკატი იპოვეს, მაგრამ მამაკაცის თქმით ტურპინები 7 წლის წინ ძალიან საყვარელი წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. იურისტი იხსენებს, რომ კლიენტები დისნეილედში ბავშვებთან ერთად მოგზაურობაზე ბევრს საუბრობდნენ.
ტურპინებს ყოველ წელს ოჯახური კავშირის „განახლების“ ჩვეულება ჰქონდათ და ამიტომ საქორწინო ცერემონიას ატარებდნენ. 5 წლის წინ ასეთ წვეულებაზე მყოფი თამადა ამბობს, რომ არაფერი ცუდი არ შეუმჩნევია.
სპეციალისტის თქმით, ბავშვები აღზრდილები, მოვლილები იყვნენ და ბევრს იღიმოდნენ. გარდა ამისა, დევიდი და ლუიზა მას ძალიან რელიგიურ ადამიანებად მოეჩვენა.
როცა მეზობლებს ჰკითხეს, თუ რატომ დუმდნენ, ისინი პასუხობდნენ, რომ არ იცოდნენ, თუ რა ხდებოდა ტურპინების სახლში. ბავშვები, რომელთაც ადგილობრივები იშვიათად ხვდებოდნენ, უცნობებთან საუბარს ერიდებოდნენ. ტურპინების ოჯახის ახალგაზრდა წევრები მხოლოდ რამდენიმე სიტყვის თქმით შემოიფარგლებოდნენ. პოლიციელების გამოჩენამდე წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, თუ ამ სახლში რა ხდებოდა!
საშინელი წარმოსადგენია, თუ მშობლების საკუთარ შვილებზე ძალადობა რამდენ ხანს გაგრძელდებოდა. საბედნიეროდ, ოჯახის ერთმა ქალიშვილმა გამბედაობა მოიკრიფა და დახმარება ითხოვა. მამაცი გოგოს ჩარევის გარეშე მის და-ძმას და თავად მას მძიმე განსაცდელი ელოდათ!