5 უხილავი საფრთხე: რა გავლენას ახდენს სახლში არეულობა ადამიანზე

1528

ყველა ადამიანს წესრიგისა და სისუფთავის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. ზოგი ყოველდღიურ წმენდასა და ნაგვის დახარისხებაზე დიდ დროს ხარჯავს, სხვები რაიმე ნივთის შეძენის აკვიატებულ აზრს ვერ იშორებს. ზოგჯერ ეს გრძელდება მანამ, სანამ საცხოვრებელი დიდ საწყობად არ გადაიქცევა. Paparazzi გიამბობთ, საიდან მოდის სახლში არეულობა და როგორ არ გამოგრჩეთ პათოლოგიური შემგროვებლობის ნიშნები. გაიგებთ, რატომ არ არის არეულობა ყოველთვის დროის დეფიციტით ან ბანალური სიზარმაცით გამოწვეული.

5 მიზეზი, რატომ ჩნდება სახლში არეულობა – ბავშვობიდან თითქმის ყველას გვასწავლიან, რომ სახლში სისუფთავის დაცვა მნიშვნელოვანია, მაგრამ უმეტესობა ჩვენგანი სახლს მხოლოდ სტუმრების მოსვლამდე ან საერთოდ დროდადრო ალაგებს. ბრიტანული კვლევის თანახმად, მუდმივი დალაგების სურვილის უქონლობა მხოლოდ ნებისყოფის საკითხი არაა. მიზეზი ფსიქოლოგიურ ასპექტებსა და პრობლემებში უნდა ეძებოთ.

  • შემგროვებლობისკენ ლტოლვა – სახლში არეულობის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი ნივთების გაუთავებელი დაგროვებაა. ერთი საქმეა, როცა ამ გროვას ახარისხებენ. მეორე, როცა ჩვევა პანიკურ შემგროვებლობაში გადადის. პირველი სიმპტომი – ძველი ნივთების გადაყრის სურვილის არ ქონა იმ იმედით, რომ ოდესმე გამოგადგებათ. აქ წინა პლანზე წამოწეულია შეგროვების პროცესი და არა ნივთების გამოყენება. ყველა „აღმოჩენა“ წლები დაუხარისხებელი ინახება. ნივთებს ადგილი რომ დაუბრუნოთ, ექსპერტები გირჩევთ, რომ რევიზია ხშირად ჩაატაროთ, ასევე უსარგებლო ნივთები სინანულის გარეშე მოიშოროთ.
  • საკუთარი სახლის სიძულვილი – არეულობის მეორე მიზეზი შეიძლება საკუთარი სახლის მიმართ სიძულვილი იყოს. თუ რაიმე მიზეზით ადამიანს საკუთარი სახლი არ მოსწონს, მაშინ მისი მყუდროდ მოწყობის და სისუფთავის დაცვის სურვილიც არ ჩნდება. ამ შემთხვევაში, თქვენი გემოვნებით რემონტის გაკეთება ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. რთულ შემთხვევაში – რეგიონი ან ქალაქი შეცვალეთ.
  • ნივთების მოუფიქრებელი შენახვა – სახლში უწესრიგობის მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი ნივთების მოუფიქრებლად შენახვაა. თუ სივრცეს ირაციონალურად იყენებთ, სათავსო (კარადა, კომოდი, სტელაჟი) მოფიქრებული არაა, ადამიანი ნივთებს იქ დაყრის, სადაც მოისურვებს. წარმოიდგინეთ, საშუალოდ 4 ადამიანის სახლში დაახლოებით 200-300 ათასი ნივთი ინახება: დაწყებული ნემსით და დამთავრებული სასადილო მაგიდით. თუ სათავსოს სწორად არ მოაწყობთ და ხარახურას არ მოიშორებთ, დროთა განმავლობაში ამ გროვაში უბრალოდ დაიკარგებით.
  • ქრონიკული სტრესი – სტრესი არა მხოლოდ ადამიანზე, არამედ მის სახლზეც აისახება. მუდმივი შფოთვა, დეპრესია, აპათია ან დაკარგვის გრძნობა უწესრიგობისა და შემგროვებლობისკენ გვიბიძგებს. ადამიანი ასეთი არაჯანსაღი ქცევით განცდებთან გამკლავებას და პრობლემების დროებით დავიწყებას ცდილობს. ყოველდღიური არეულობა სიტუაციას უფრო ამწვავებს. საბოლოოდ, ახლობლებთან ცუდ ურთიერთობას და ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს.
  • საქმის გადადების ჩვევა – მუდმივ ქაოსსა და გაჭინაურებას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყველაფრის გაჭინაურებაში იმალება მოტივაციის უქონლობა, ასევე კომპლექსები, შინაგანი შიშები და თავდაუჯერებლობა. ადამიანი შეთანხმებებს და ვადებს არღვევს, შემდეგ საკუთარ თავს საყვედურობს. ასე უსასრულოდ გრძელდება.

მოზარდებში სახლის დალაგებაზე უარის თქმა ერთგვარი პროტესტის ნიშანია. ბავშვები საკუთარ უკმაყოფილებას ყოველთვის ვერ გამოხატავენ, მაგრამ მეამბოხე ხასიათს არეულობის სახით ავლენენ! ასე სხვებს საკუთარ უმწეობას ზრუნვის და ყურადღების მიღების იმედით აჩვენებენ.

ისეც ხდება, რომ ადამიანები მარადიულ უწესრიგობაში ცხოვრობენ მხოლოდ იმიტომ, რომ იდეალური სურათის მიღწევა შეუძლებელია (როგორც ისინი ფიქრობენ). მოქმედება, რომელიც 100%–ით ვერ შესრულდება, პირად წარუმატებლობად აღიქმება, ამიტომ ურჩევნიათ, რომ არ დაიწყონ. მტკივნეული პერფექციონიზმი ადამიანზე ნეგატიურად აისახება, რადგან ამას ყველაფრის თავის ნებაზე მიშვების სურვილი მოყვება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს