ხაჭოს დესერტები ბევრს მოსწონს. ეს საყოველთაო სიყვარული განსაკუთრებით ჩიზქეიქს ეხება. უფრო მეტიც, მთელ მსოფლიოში რესტორნებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად შეკვეთილ კერძად ითვლება. სავალდებულო არ არის ეწვიოთ რომელიმე დაწესებულებას, რომ მისი ნაზი გემო დააგემოვნოთ. ხაჭოს და ალუბლის ნამცხვარი ფხვიერი ცომით სახლის პირობებშიც მარტივად მზადდება. „პაპარაცი“ გიზიარებთ რეცეპტს.
როგორ მოვამზადოთ ხაჭოს და ალუბლის დესერტი ფხვიერი ცომისგან სახლის პირობებში?
კლასიკური ჩიზქეიქი წარმოუდგენლად გემრიელია, მაგრამ ალუბლის შიგთავსით მიიღებთ უფრო ორიგინალურ დესერტს ტკბილ-მჟავე გემოთი. აუცილებლად სცადეთ ხაჭოს ნამცხვრის მომზადება ალუბლით.
ცომის ინგრედიენტები:
- 250 გ ფქვილი
- 2 კვერცხი
- 100 გ კარაქი
- 60 გ შაქარი
- 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- მწიკვი მარილი
ხაჭოს ფენის ინგრედიენტები:
- 500 გ 5-9%-იანი ხაჭო
- 3 კვერცხი
- 100 გ შაქარი
- 3 ს/კ სიმინდის სახამებელი
- 60 გ არაჟანი
- მწიკვი ვანილი
ალუბლის ფენის ინგრედიენტები:
- 400 გ ახალი ალუბალი
- 50 მლ კონიაკი
- 70 გ შაქარი
- 8 გ ჟელატინი
- 60 მლ წყალი (ჟელატინისთვის)
მომზადების წესი:
1. ფხვიერი ცომის მომზადებით დაიწყეთ. პირველ რიგში, ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად დიდ თასში გაცერით. მეორეც, აქვე დაუმატეთ ცივი კარაქი. ნაფშვენის მიღებამდე ინგრედიენტები შეურიეთ. ეს ჩანგლით ან უბრალოდ თითებით გააკეთეთ.
2. ცალკე ღრმა თასში კვერცხი, შაქარი და მარილი ათქვიფეთ. მიღებული ნარევი ერთგვაროვანი უნდა იყოს, შაქარი ბოლომდე გახსნილი.
3. ათქვეფილი კვერცხის ნარევი ფქვილს დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. ბევრი ფქვილი არ დაუმატოთ, რომ არ გამაგრდეს. ნამცხვრის ბაზა რბილი უნდა იყოს. როგორც კი, ცომი მზად იქნება, საცხობ ფორმაში შეგიძლიათ გადაიტანოთ.
4. ინგრედიენტების მითითებული რაოდენობისთვის იდეალურია 18-20 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა. ცომი საცხობი ფორმის ძირში თანაბრად გადაანაწილეთ, პატარა გვერდები გაუკეთეთ. სპატულით ზედაპირი გაასწორეთ. ამის შემდეგ ფორმა ცომით 30 წუთი მაცივარში შეინახეთ, რომ ოდნავ გამაგრდეს.
5. ამ დროში ხაჭოს შიგთავსის მომზადება დაიწყეთ. ღრმა თასში შიგთავსის ყველა ინგრედიენტი ბლენდერით შეურიეთ. მასას ისეთი კონსისტენცია უნდა ჰქონდეს, რომ მასში კოშტები არ დარჩეს.
6. საცხობი ფორმა მაცივრიდან გამოიღეთ და ცომში ხაჭოს მასა ჩაასხით. 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთი აცხვეთ. შემდეგ ოთახის ტემპერატურაზე ფორმაშივე გაგრილება აცადეთ.
7. სანამ ნამცხვარი გრილდება, ალუბლის ფენას მიხედეთ. პირველ რიგში, ჟელატინი წყალში 10 წუთი გააჩერეთ. ამ დროში ალუბალი გარეცხეთ და კურკები მოაშორეთ. შემდეგ პატარა ქვაბი სუსტ ცეცხლზე დადგით, ალუბალი და შაქარი ქვაბში ჩაყარეთ. შიგთავსს აურიეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ. ამის შემდეგ კონიაკი ჩაასხით და ისევ აურიეთ. როცა შაქარი ბოლომდე გაიხსნება, ალუბალი ქურიდან გადადგით. ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ. როცა ალუბლის შიგთავსი გაგრილდება, სუსტ ცეცხლზე ჟელატინი გაადნეთ. ალუბალს დაასხით და აურიეთ.
8. მზა ალუბლის შიგთავსი ხაჭოს ფენას დაუმატეთ. შემდეგ ალუბლის და ხაჭოს დესერტი 2-3 საათი მაცივარში შეინახეთ. როცა ზედა ფენა სრულად გაცივდება, დესერტი სუფრაზე შეგიძლიათ გაიტანოთ.
უნაზესი ხაჭოს და ალუბლის დესერტი ფხვიერი ცომით გულგრილს არავის დატოვებს. მნიშვნელობა არ აქვს, სტუმრებისთვის ამზადებთ თუ ოჯახის წევრებისთვის, ისინი ნამდვილად დააფასებენ თქვენს კულინარიულ შესაძლებლობებს. ეს შესანიშნავი დესერტი თქვენს ძალისხმევად ღირს. გემრიელად მიირთვით!