ცხოვრებაში ხშირია შემთხვევები, როცა ვფიქრობთ, რომ იდეალური დამთხვევაა. ზოგჯერ სრულიად შემთხვევით ყველაფერი ერთ წერტილში თავს იყრის და თავდაყირა აყენებს. ასე მოხდა ირინას ცხოვრებაში. სიმართლე შემთხვევით გაიგო, მაგრამ სწორედ ეს ცხოვრებაში დაეხმარა. Paparazzi ამ საინტერესო ისტორიას გიზიარებთ.
იდეალური დამთხვევა – ირინამ ქალიშვილი სკოლაში გააგზავნა და სამზარეულოში ფუსფუსებდა. მისი დღეები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებოდა. ყველაზე ადრე იღვიძებდა, ქმარს საუზმეს უმზადებდა, ქალიშვილს აღვიძებდა, სკოლისთვის ამზადებდა. შემდეგ სადილის მომზადებას იწყებდა. ასე სიის მიხედვით, დალაგება, რეცხვა და სხვა საოჯახო საქმე. ვერ ვიტყვით, რომ ცხოვრებით სრულიად უკმაყოფილო იყო, მაგრამ ხანდახან დარდი ჭამდა. ადრე ხომ ჟურნალში ფოტოგრაფად მუშაობდა. მისი ცხოვრება ჩქეფდა: გადაღებები, ინტერვიუ, გამოძიება. ცხოვრება სავსე და მრავალფეროვანი იყო. მისგან მხოლოდ კარგი კამერა დარჩა და მეტი არაფერი. გუშინ სახლი გენერალურად დაალაგა და ვახშმისთვის საჭმელი მზად იყო. დღეს ლამაზი კადრის დასაჭერად გასეირნება გადაწყვიტა. დროდადრო კამერით ხელში ქალაქში სეირნობდა, ფოტოებს იღებდა.
შემთხვევითი შეხვედრა – გადაწყვიტა, უბანი დაეტოვებინა, ამიტომ პირველივე ავტობუსზე ავიდა და ქალაქის მეორე ბოლოში გაემგზავრა. მოსწონდა, რომ რაღაცას საკუთარი თავისთვის აკეთებდა. ტრანსპორტიდან გამოვიდა და ქუჩას დაუყვა. ლამაზი ხეებით გარემოცული საოცრად ლამაზი ქუჩა იყო. აქ ბევრი კაფე ტერასით მდებარეობდა. ირინას ხალხისთვის ფოტოების გადაღება უყვარდა. აი, ობიექტი მჯდომარე ხალხისკენ მიმართა და გაშეშდა. ნაცნობი ფორმები დაინახა. თითქმის დარწმუნებული იყო, მაგიდასთან მისი ქმარი იჯდა. აქ რას აკეთებს? აქედან ძალიან შორს მუშაობს. თავიდან მისვლა და კითხვა გადაწყვიტა, შემდეგ გაახსენდა, რომ ქმარი მისი ჰობით აღფრთოვანებული არაა. საერთოდ არ უყვარს, როცა სახლიდან დიდხანს გადის. ცნობისმოყვარეობამ გაიმარჯვა და გადაწყვიტა ენახა, ვის ელოდებოდა მისი ქმარი.
ოჯახური იდილია – ირა თვლიდა, რომ თითქმის იდეალური ოჯახი ჰქონდა. ქმარი კარგად მუშაობდა, ის სახლს უვლიდა და ბავშვს ზრდიდა. ბუნებრივად მიაჩნდა, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ მეუღლემ სამსახურიდან წამოსვლა სთხოვა. უკვე 13 წელია სახლში ზის. ქმარი სამსახურზე საუბარს დაწყებისთანავე უკმაყოფილოდ აწყვეტინებდა. ირინა დარწმუნებული იყო, რომ ამას სიყვარულით აკეთებდა. მიშა ხომ ისაა, ვისაც მთელი ცხოვრება ეძებდა. მზრუნველი, სერიოზული, შეურაცხყოფას არასდროს აყენებს. ნუთუ რამე შეიძლება მოხდეს? ერთმა იდეალურმა დამთხვევამ ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა.
იდეალური დამთხვევა – ირინა ტერასაზე შორეულ მაგიდასთან დაჯდა. ქმარს კარგად ხედავდა, მაგრამ თავად დიდი პალმა ფარავდა. ყავა შეუკვეთა და ელოდა. რამდენიმე წუთში კაფეში მოხდენილი შავგრემანი შემოვიდა. მიშას მაგიდისკენ თავდაჯერებული მივიდა. ქმარმა შავგრემანს წელზე ხელი შემოხვია და მიიზიდა. კაფეში შუადღეს ერთმანეთს კოცნიდნენ. თითქოს სახლში ცოლი არ ელოდა. ირინას ფეხქვეშ მიწა გამოეცალა. ბრაზს, სიძულვილს და წყენას ერთდროულად გრძნობდა. მივარდნა სურდა, მაგრამ ფეხები არ ემორჩილებოდა. კიდევ ერთხელ სურდა დარწმუნებული იყო, რომ ეს რეალობაა. ტელეფონი აიღო და ქმარს დაურეკა. რა თქმა უნდა, უპასუხა: „გამარჯობა, ირა, ახლა შეხვედრაზე ვარ, საუბარი არ შემიძლია. თუ სასწრაფო არაფერია, სახლში ვილაპარაკოთ“. მაშინვე გაუთიშა. ირამ საკუთარი თვალით ნახა, რა შეხვედრაზეც იყო. მისი ქმარი და ახალგაზრდა საყვარელი კაფეში დიდხანს ისხდნენ. ირინა მთელი ეს დრო მათ უთვალთვალებდა. უყურებდა, როგორ ტკბილად საუბრობდნენ, როგორ აჭმევდა საყვარელი მის მეუღლეს დესერტს. ბრაზი შიგნიდან ახრჩობდა. ამ დროს მაგიდაზე დადებული კამერა თვალში მოხვდა. ფოტო უნდა გადაიღოს. თავად არ იცოდა, რისთვის, მაგრამ გადაწყვიტა, რომ აუცილებელია.
საიდუმლო გეგმა – ირინა სახლში ნაჩქარევად წავიდა. თავში მილიონი აზრი უტრიალებდა. როცა სიბრაზემ გადაუარა, საკუთარ ცხოვრებაზე დაფიქრდა. მიხვდა, რომ ამას ვერავის მოუყვება. ქმარმა მეგობრები შეუმჩნევლად ჩამოაშორა. ყველაფერი გააკეთა, რომ მეგობრების, სამსახურის და სოციალური ცხოვრების გარეშე დარჩენილიყო. მხოლოდ ახლა მიხვდა, როცა სამყარო თავდაყირა დატრიალდა. ნივთების შეგროვება და წასვლა სურდა, მაგრამ წასასვლელი არსად ჰქონდა. გადაწყვიტა, რომ ნაჩქარევად არ ემოქმედა. საიმედო გეგმა სჭირდებოდა. არ გაამხილა, რომ ქმრის ღალატის შესახებ იცოდა. რამდენიმე თვე წასასვლელად და ქალიშვილის თან წასაყვანად ემზადებოდა. აღმოჩნდა, რომ ქმარი მას დიდ ყურადღებას არ აქცევდა. მთავარია, რომ ვახშამი ცხელი იყოს. რედაქციას, სადაც ადრე მუშაობდა, დაუკავშირდა. მისი ხელახლა აყვანის წინააღმდეგი არ იყვნენ. შეთანხმდნენ, რომ თავიდან დღეში რამდენიმე საათი იმუშავებდა. ასე რამდენიმე თვეში ცოტა თანხის შეგროვება შეძლო, რომ ბინა ექირავებინა. ადვოკატს რჩევისთვის მიმართა, რომ ქმარს ქალიშვილი არ წაერთმია.
ბოლო წერტილი – ირინას ექვსთვიანი მტანჯველი გრაფიკი დასჭირდა, რომ გეგმა სრულყოფილებამდე მიეყვანა. ერთ დღეს, როცა ქმარი სახლში არ იყო, ნივთები შეაგროვა და ნაქირავებ ბინაში გადავიდა. ქალიშვილისთვის ყველაფრის ახსნა გაუჭირდა, მაგრამ გოგონა ძალიან გამგებიანი აღმოჩნდა. ქმარს მაგიდაზე კაფეში გადაღებული ფოტო დაუტოვა, ასევე წერილი: „განქორწინებას ვითხოვ. სასამართლოში შევხვდებით“. ამის შემდეგ სამსახურში მთელი დღით გავიდა. განქორწინების პროცესი ხანგრძლივი და დამღლელი იყო, მაგრამ საბოლოოდ ირინამ გაიმარჯვა. ქმრის ქონებიდან თითქმის არაფერი შეხვდა, მაგრამ მისი დანაზოგიდან სოლიდური თანხა ეკუთვნოდა, რადგან საერთო საბანკო ანგარიშზე ინახებოდა. როგორც ჩანს, ქმარმა ყველაფერი ვერ გათვალა. სასამართლომ დაადგინა, რომ ქალიშვილმა დედასთან უნდა იცხოვროს. გადაღებული ფოტო ძალიან დაეხმარა. დიდი ალიმენტი დაუნიშნეს.
ქმარი განრისხებული იყო, ირინას ურეკავდა და ემუქრებოდა. ამბობდა, რომ მასთან უნდა დაბრუნდეს. ქალმა გადაწყვიტა, რომ ქმარს მაქსიმალურად უნდა ჩამოშორდეს. ის ხომ წლები ასულელებდა. მისი მოსმენის ეშინოდა. მალავდა, სად ცხოვრობდა, მის ზარებს აღარ პასუხებდა. სასამართლო პროცესის შემდეგ ყველაფერი შეწყდა. ქმარი ალიმენტებს აგზავნიდა. მოგვიანებით, თვეში ერთხელ შვილს ნახულობდა. ირინას კიდევ ბევრი პრობლემა ჰქონდა მოსაგვარებელი, მაგრამ გეგმა წარმატებით განახორციელა. როგორც იქნა, კვლავ ცხოვრება დაიწყო.
რედაქციის მოსაზრება – სამწუხაროდ, ასეთი ისტორიები ბევრია. იდეალური დამთხვევა ყოველთვის არ ხდება. ზოგი მოძალადესთან წლები ცხოვრობს და ეჭვიც არ ეპარება. ყველა ვერ ახერხებს თავის დაძვრენას ისე, როგორც ირინამ შეძლო. თუ დღევანდელ გმირში საკუთარი თავი ამოიცანით, გახსოვდეთ, რომ ცხოვრების შეცვლის იმედი ყოველთვის არის. არიან ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან. იმედი გვაქვს, რომ ირინას ცხოვრება დალაგდება და ახალი ფერებით ათამაშდება.