ახლახანს კარადაში უსიამოვნო სუნი შევნიშნე. განსაკუთრებით მაშინ იგრძნობა, როცა ძველი ნივთის ჩაცმას ვაპირებ. კარადა ძველი არაა! რაშია საქმე და როგორ მოვიშორო უსიამოვნება? საკითხის გარკვევა დავიწყე და საყოფაცხოვრებო ცოდნის ყულაბა რამდენიმე პატარა ხრიკით შევავსე. Paparazzi გიამბობთ, რატომ ჩნდება უსიამოვნო სუნი კარადაში და როგორ მოიშოროთ ერთხელ და სამუდამოდ.
სუნი კარადაში – უსიამოვნო სუნი კარადაში საკმაოდ ვერაგი რამაა. ფიქრობთ, რომ მოიშორეთ, მაგრამ სუნი ისევ ბრუნდება. პირველ რიგში, გაარკვიეთ, რატომ ჩნდება უსიამოვნო არომატი გარდერობში საერთოდ. კარადა ბანალურად ძველი შეიძლება იყოს. მკვეთრი არომატი ხის საბჭოურ ავეჯში განსაკუთრებით გავრცელებულია. სამწუხაროდ, მისი მოშორება თითქმის შეუძლებელია. მეორეც, პრობლემა ნივთების არასწორად შენახვაშია. თუ სუფთა და ჭუჭყიან ტანსაცმელს, ასევე სხვა ნივთებს ერთსა და იმავე ადგილას ინახავთ, სიძველის სუნმა არ გაგაკვირვოთ. საიდან ჩნდება? მტვრის ტკიპა ტანსაცმელსა და ავეჯში შეიძლება გაჩნდეს. მისი დანახვა შეუირაღებელი თვალით გაგიჭირდებათ. მოშორება რთულია, რადგან ამისთვის სპეციალური საშუალებით ავეჯი და ტანსაცმელი უნდა დაამუშაოთ. კარადაში უსიამოვნო სუნი მაღალი ტენიანობის გამო შეიძლება გაჩნდეს. მიზეზი ტანსაცმლის და გარდერობში ადგილის არასწორი თანაფარდობა შეიძლება იყოს. მარტივად რომ ვთქვათ, კარადა პატარაა, ხოლო ნივთები ძალიან ბევრი. სუფთა ჰაერი არ მოძრაობს, ტანსაცმელი არ ნიავდება.
როგორ მოვიშოროთ უსიამოვნო სუნი გარდერობში – პირველ რიგში, საგულდაგულოდ დაალაგეთ. გარდერობი ტანსაცმლისგან გაათავისუფლეთ. ტანსაცმელი თავიდან გარეცხეთ. კარადა კარგად გარეცხეთ. ამ ავეჯის მასალისთვის განკუთვნილი საყოფაცხოვრებო ქიმია გამოიყენეთ. საუკეთესო ეფექტისთვის წყლით და სარეცხი საპნით გაწმინდეთ. შემდეგ ღია დატოვეთ, რომ კარგად განიავდეს. ყველა კარი და ფანჯარა (ან აივანი) გააღეთ. კარადა რამდენიმე დღე გაანიავეთ.
მნიშვნელოვანია, რომ კარადა კედელს დააშოროთ და დაათვალიეროთ, რა მდგომარეობაში კარადის უკანა მხარე. ხშირად აქ ობია გავრცელებული, რაც უსიამოვნო სუნს იწვევს. თუნდაც კარადის უკანა მხარე და გვერდები ნორმალურ მდგომარეობაში იყოს, წყალბადის ზეჟანგით დაამუშავეთ. ეს უფრო საპროფილაქტიკო საშუალებაა. თუ კარადა ძველია, სიტუაციის გადარჩენა შეგიძლიათ სცადოთ. ამისთვის საგულდაგულო გაწმენდის შემდეგ კარადა ხარისხიანი საღებავით გადაღებეთ.
როცა კარადის მომზადებას დაასრულებთ, ტანსაცმელს მიხედეთ. ყველა ნივთი გარეცხეთ. თუ კვლავ უსიამოვნო სუნი აქვს, წყლისა და თეთრეულის კონდიციონერის ნარევში მინიმუმ ნახევარი საათით ჩაალბეთ. შემდეგ ისევ გარეცხეთ.
ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ კარადა ისევ ტანსაცმლით შეგიძლიათ გაავსოთ. მნიშვნელოვანია, რომ მთლიანად მშრალი იყოს. ნივთებს შორის სპეციალური არომატული საშე სხვადასხვა ბალახებით ჩადეთ. ქსოვილის ტომარაში ჩაყრილი ყავა ან ჩაიც გამოგადგებათ. მიხაკი და დარიჩინი არა მხოლოდ უსიამოვნო სუნს აქრობს, არამედ ჩრჩილის გაჩენას ხელს უშლის. მაგალითად, ტანსაცმელს შეგიძლიათ ახალი საპონი და მშრალი სუნამო დაადოთ. ეფექტურად მუშაობს.
რედაქციის რჩევა – როგორი სუფთაც არ უნდა ჩანდეს კარადა, დროდადრო ნივთები გადაარჩიეთ. სველი ტანსაცმელი ყველა უსიამოვნო არომატს იწოვს. ნივთები კარგად განიავებულ ადგილას, მაგალითად, აივანზე გააშრეთ. თუ იცით, რომ სუნის მთავარი პრობლემა ოთახის მაღალი ტენიანობაა, ხრიკი გამოიყენეთ. თაროებზე აქტივირებული ნახშირი დააწყვეთ. ის ზედმეტ ტენს იწოვს და არომატებს აქრობს. აბები ყოველთვე გამოცვალეთ. პროფილაქტიკისთვის კედრისგან დამზადებული აქსესუარები გამოიყენეთ. ეს ხე უსიამოვნო სუნს შთანთქავს და მის გავრცელებას ხელს უშლის. თუ პრობლემა მტვრის ტკიპაშია, მოსაშორებლად ოფლის დაღვრა მოგიწევთ, მაგრამ შეძლებთ! ჯერ ყველა ნივთი დაორთქლეთ, შემდეგ 20%–იან მარილის ხსნარში გაავლეთ. შემდეგ ჩვეული მეთოდით გარეცხეთ.