მე და ჩემს მეუღლეს სამი შვილი გვყავს. ჩვენი უფროსი ქალიშვილი უკვე დიდი გოგოა, მაგრამ ჩვენ დღემდე ვიმკით იმ შეცდომების ნაყოფს, რომლებიც მისი აღზრდისას დავუშვით.
რომელ შეცდომებზეა საუბარი?
შეცდომა 1: ჩვენს ქალიშვილს ტელევიზორის დიდხანს ყურების უფლებას ვაძლევდით.
იმ პერიოდში უბრალოდ ძალიან ბევრს ვმუშაობდით და გვეგონა, რომ ცუდი არაფერი იყო იმაში, რომ ჩვენი ქალიშვილი მულტფილმებს და საბავშვო არხებს უყურებდა. ოჰ, როგორ ვცდებოდით! მალევე შევამჩნიეთ, რომ მან დაიწყო თანამედროვე მულტფილმების გმირების მიბაძვა. ჩვენმა ქალიშვილმა, საუბრის დროს ხშირად დაიწყო სხვადასხვა პარაზიტი სიტყვების გამოყენება.შემდეგ შევამჩნიეთ, რომ ის მულტფილმის გმირების ჟესტებსა და სახის გამომეტყველებას იმეორებდა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან არასწორი იყო. თვალებს ატრიალებდა, უცნაურად მანჭავდა სახეს და თავს უკან აგდებდა.
ჩვენ მივხვდით, რომ რაღაც უნდა გაგვეკეთებინა და ტელევიზორის ყურების დრო მინიმუმამდე შევამცირეთ.ახლა მისთვის მულტფილმების ყურების პერიოდი უკვე ჩავლილია.
შეცდომა 2: მას ძალიან ადრე დავრთეთ ნება, რომ ინტერნეტით ესარგებლა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც ის მეორე კლასში იყო. ერთხელ, მასთან მივედი სკოლაში და ვერ ვიჯერებდი იმას, რაც დავინახე: ბავშვები არ დარბოდნენ და არ ყვიროდნენ, არა. ისინი პატარა ჯგუფებად ისხდნენ და ვიღაცის ტელეფონში ან პლანშეტში იხედებოდნენ.
ჩემს ქალიშვილს ასეთი ტელეფონი არ ჰქონდა და კლასელები დასცინოდნენ. ამიტომ, ჩემი ქმრისთვის ახალი ტელეფონი ვიყიდეთ და ჩემს ქალიშვილს მისი ძველი ტელეფონი ვაჩუქეთ. როგორც დრომ აჩვენა, ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამის შემდეგ ის ტელეფონს არ მოსცილებია. ის და მისი კლასელები მთელ ქალაქში დახეტიალობდნენ უფასო Wi-Fi-ის საძიებლად. ის საათობით იყო ინტერნეტში.
მე და ჩემი ქმარი სამსახურში ვიყავით და ამ ყველაფრის გაკონტროლება არ შეგვეძლო. შემდეგ კი ის სოციალური ქსელებით დაინტერესდა. მუდმივად იჯდა და სხვის ფოტოებს იწონებდა. თავადაც აქვეყნებდა ფოტოებს, სადაც იპრანჭებოდა.ჩვენ ვეცადეთ, რომ ამას გადაჩვეულიყო, მაგრამ ეს უკვე მისთვის ნარკოტიკივით იყო.
ჩვენი ქალიშვილი მთლიანად ჩაიძირა ვირტუალურ სამყაროში. მას ის უფრო მეტად მოსწონდა, ვიდრე რეალური ცხოვრება. მოკლედ, მას საერთოდ არ ჰქონდა დრო გაკვეთილების სასწავლებლად და საშინაო საქმეების გასაკეთებლად. მთელ დროს ინტერნეტი ართმევდა.
მეექვსე კლასში მე და ჩემმა მეუღლემ განგაში ავტეხეთ. ჩვენი ქალიშვილი სურათებს ისე მიეჩვია, რომ ინფორმაციას მათ გარეშე ვერ იმახსოვრებდა. ის ნერვიულობდა და ხშირად ტიროდა.ჩვენ მივხვდით, რომ ერთ დროს ძალიან დიდი შეცდომა დავუშვით.მაშინ ძალიან მკვეთრ და მკაცრ ზომებს მივმართეთ. როგორც კი ჩემი ქალიშვილი სახლში ბრუნდებოდა, ტელეფონს მაშინვე ვართმევდით. მხოლოდ მაშინ შეეძლო მშვიდად გაკვეთილების სწავლა. თავად, საკუთარი თავის გაკონტროლება არ შეეძლო. დროთა განმავლობაში, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა.
ახლა ის კარგად სწავლობს, ბევრს კითხულობს. სკოლიდან დაბრუნების შემდეგ ტელეფონს ისევ ჩვენ გვაძლევს, მას ეს ჩვევად ექცა. ასე მას ინტერნეტში შესვლის სურვილი აღარ უჩნდება.ჩვენ კი წარსულის შეცდომებზე ვისწავლეთ და ახლა უმცროს შვილებს სულ სხვანაირად ვზრდით.