ახალი დივნის ყიდვისას ვფიქრობთ, რომ ყოველთვის ასეთი სუფთა და ლამაზი დარჩება. დროთა განმავლობაში მასზე უსიამოვნო ლაქები ჩნდება. ფერს და გარეგნობას კარგავს. გადასაფარებლის გადაკვრა რომ არ მოგიწიოთ, დივანი კარგად გაწმინდეთ. Paparazzi გიამბობთ, როგორ მოაშოროთ ძველი ლაქები დივანს და რაში გჭირდებათ ქვაბის თავსახური. ამ მეთოდით სახლის დალაგება მარტივი და სასიამოვნო გახდება.
როგორ მოვაშოროთ ძველი ლაქები – თქვენი დივანი დაძველდა და გაუფერულდა? გადასაფარებლის გადაკვრა ან ქიმწმენდის სერვისით სარგებლობა არ იჩქაროთ. სცადეთ მარტივი და იაფი მეთოდი, რომელიც ავეჯს განაახლებს. შთამბეჭდავ ეფექტს მიიღებთ, თითქოს პროფესიონალი დამლაგებლები მუშაობდნენ ან სპეციალური მტვერსასრუტი გამოიყენეთ. თქვენ მხოლოდ ქვაბის სუფთა თავსახური დაგჭირდებათ. ლაქების საწმენდად ძლიერი მოწყობილობა მოამზადეთ. ყველა აუცილებელ კომპონენტს სამზარეულოში იპოვით.
დაგჭირდებათ:
- 600 მლ ცხელი წყალი
- 1 ს/კ ჭურჭლის სარეცხი სითხე
- 1 ს/კ საკვები სოდა
- 0,5 ჭიქა სპირტი
- 2 ს/კ მინის საწმენდი სითხე
ყველაფერი მარტივია. ხსნარი მოამზადეთ. პატარა თასში ცხელი წყალი ჩაასხით. ჭურჭლის სარეცხი სითხე დაუმატეთ და აურიეთ, რომ კარგად გაიხსნას და აქაფდეს. სოდა დაუმატეთ, შემდეგ სპირტი ჩაასხით, ბოლოს მინის საწმენდი სითხე. კარგად აურიეთ. თუ მინის საწმენდი სითხე არ გაქვთ, მის გარეშეც შეგიძლიათ მოამზადოთ.
მზა ხსნარში ჩვარი დაასველეთ. სასურველია, რომ მაღაზიაში ნაყიდი ჩვარი გამოიყენოთ. ის სითხეს კარგად იწოვს, თან საკმაოდ უხეში ზედაპირი აქვს. ეს ეფექტურ წმენდს ხელს უწყობს. ჩვარი კარგად გაწურეთ, რომ არ წვეთავდეს. დივანზე დადეთ, ზემოდან შუაში თავსახური დაადეთ. თავსახურს აუცილებლად გვერდები უნდა ჰქონდეს და სრულად ბრტყელი არ უნდა იყოს.
ჩვრის კიდეები ზემოთ აკეცეთ, თითქოს თავსახურს ფუთავთ. საწმენდი ინსტრუმენტი მზადაა. თავსახურის სახელურს ხელი მოკიდეთ და დივნის წრიული მოძრაობით წმენდა დაიწყეთ. შედეგს მაშინვე დაინახავთ. ცოტა ხნით შეჩერდით და ნახეთ, როგორ განსხვავდება დივნის გაწმენდილი ნაწილი გაუწმენდავისგან.
ახლა უკვე იცით, როგორ მოაშოროთ ლაქები დივანს და ძველებური სილამაზე დაუბრუნოთ. ამ მეთოდით ავეჯის გაწმენდას შეძლებთ. რაც მთავარია, პროფესიონალური ხელსაწყოები არ დაგჭირდებათ.