პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი თავისი მეგობრის ისტორიას გვიამბობს.
- რა ჩაიდინე?! რატომ არ დაფიქრდი?! – უყვიროდა ნათია თავის ქალიშვილს, როდესაც მისი ორსულობის შესახებ გაიგო.
- დედა, აბორტის გაკეთება არ მინდა! არ მინდა საკუთარი შვილის მოკვლა! მე მას მარტო გავზრდი! მე ყველაფერს გავუმკლავდები! – ტირილით ამბობდა მარი.
- რას იძახი? რით გაზრდი? შენ მხოლოდ 17 წლის ხარ! მხოლოდ ცხრა კლასის განათლება გაქვს. ეს რა ჩაიდინე! არ დაფიქრებულხარ? ახლა როგორ უნდა შეგინახოთ?
ნათია გაოგნებული იყო იმ ამბით, რომ მისი 17 წლის მარი უკვე სამი თვის ორსული იყო.მარი სამზარეულოში იჯდა, ტიროდა და ფიქრობდა: “მე და ლექსოს ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. არაუშავს, ახლა რომ ნაჩხუბრები ვართ. შევრიგდებით, ვიქორწინებთ და ჩვენს შვილს ერთად გავზრდით! რატომ არ ესმის დედაჩემს?”
ლექსო ექვსი თვის წინ გაიცნო დღესასწაულზე. მათ ერთმანეთი მოეწონათ და ერთმანეთს ხვდებოდნენ. მარის ლექსო ნამდვილად შეუყვარდა და ამიტომ ძალიან გაუხარდა, როდესაც ფეხმძიმობის შესახებ გაიგო. თუმცა, ლექსო, სულაც არ გაახარა იმ სიახლემ, რომ მალე მამა უნდა გამხდარიყო. მას არ სურდა, რომ მამა 22 წლის ასაკში გამხდარიყო. მას გართობა და დროის მხიარულად გატარება უნდოდა. მარიზე დაქორწინებას ის არ აპირებდა. ასე რომ, მარი ამაოდ ელოდა მის ზარს. ამ ამბის გაგების შემდეგ უკვე ერთი თვე გავიდა, მას კი ჯერაც არ დაურეკავს.
მარის მაინც ჰქონდა იმის იმედი, რომ ისინი შერიგდებოდნენ. მაგალითად, ეკა და თავისი შეყვარებული კვირაში ორჯერ ჩხუბობენ, მაგრამ მერე რიგდებიან და ყველაფერი კარგად არის.ნათია ასე არ ფიქრობდა. მან თავად მარი ძალიან ადრე გააჩინა და შემდეგ კიდევ სამი შვილი ეყოლა. სწავლა და კარგი განათლების მიღება ვერ მოასწრო. მამაკაცებშიც არ უმართლებდა. ნამდვილი მოღალატეები იყვნენ: ზოგი ბევრს სვამდა, ზოგი სხვა ქალს პოულობდა, ვიღაც კი ნათიას კი არა, დედას უჯერებდა.
ნათია თავის ოთხ შვილთან ერთად პატარა ოროთახიან ბინაში ცხოვრობდა. მას ძალიან უჭირდა მათი რჩენა, ამიტომ დილიდან საღამომდე მუშაობდა. მუშაობდა უქმე დღეებშიც. ბავშვები საკუთარ თავს თავად უვლიდნენ.ნათიამ იცოდა, რომ მარი ბიჭებს ხვდებოდა, მაგრამ არ ეგონა თუ საქმე ასე შორს წავიდოდა. ნათიას მშვენივრად ესმოდა, რომ მარი სამშობიარო სახლიდან მასთან დაბრუნდებოდა. სხვა სად უნდა წავიდეს? ის და მისი შვილი არავის სჭირდება. თავისი შვილის აბორტზე გაგზავნა მას არ უნდოდა.
სამსახურში მას ერთი რამ ურჩიეს: მარიმ გააჩინოს და ბავშვი რომელიმე უშვილო ოჯახს მისცესო. ნათიას ესმოდა, რომ ეს ცუდი გამოსავალი არ იყო, მაგრამ სად უნდა ენახა ასეთი ოჯახი? მარტივად მხოლოდ ფილმებში ხდება. ეს კი ნიშნავს, რომ ქამარი უნდა შემოიჭიროს და უფრო მეტი უნდა იმუშაოს. სხვანაირად ვერ იქნება, რადგან ბავშვს ძალიან ბევრი რამ სჭირდება…