ცოტა ხნის წინ ბინა შევიძინეთ. ბუნებრივია, სტუმრები მოვიწვიეთ და ახალმოსახლეობა გადავიხადეთ. რამდენიმე დღის შემდეგ კარზე მოგვიკაკუნეს.
კარებთან ქალი და ახალგაზრდა გოგო იდგნენ.
ქალი მოგვესალმა და გვკითხა, რამდენი ხნის გადმოსულები ვიყავით. მე ვუპასუხე, რომ ახლახან გადმოვედით. ამის შემდეგ ქალმა გვითხრა, რომ ჩვენს აივანზე კატა შენიშნა. ჩვენი კატა ჯიშიანია – “ციმბირული”. აღმოჩნდა, რომ ჩვენს მეზობლებს ასეთივე ჯიშის კატა ყავდათ. მათ გვითხრეს, რომ მათ “ქალბატონს” ჩვენი კატა მაშინვე მოეწონა.
მათ სურდათ, რომ თავიანთი მარკიზა შესაჯვარებლად მოეყვანათ. ქალმა მორიდებულად გვკითხა, წინააღმდეგი ხომ არ ვიქნებოდით. მე ვუთხარი, რომ ცოლისთვის უნდა მეკითხა, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ის თანახმა იქნებოდა. მეზობლებმა ცოლთან დალაპარაკება მადროვეს და მითხრეს, რომ საღამოს გვესტუმრებოდნენ. საღამოს ჩემს კატას ვახარე, რომ პაემანი ექნებოდა თავისნაირ ლამაზმანთან.
ის უკვე ორი წლის იყო და დრო იყო, თავისუფალ ცხოვრებას გამომშვიდობებოდა. საღამოს მეზობლები თავიანთ მარკიზასთან ერთად მოვიდნენ. ის მშვენიერი თოვლივით ქათქათა კატა იყო. როგორც კი ჩვენი ოლივერი დაინახა, მაშინვე კნავილი დაიწყო და მას მივარდა საკუთარი სურვილის დასაკმაყოფილებლად. ის ქალს ხელებიდან დაუსხლტა და თავისი ბრჭყალებით ოლივერს მივარდა. ასეთი საქციელის გამო ჩვენი კატა შოკში ჩავარდა, მან ვეღარაფერი მოიფიქრა გაქცევისა და თავის შველის გარდა.
რამდენიმე წუთი გავიდა, მაგრამ ჩვენმა შინაურმა ცხოველებმა ვერ შეძლეს საერთო ენის გამონახვა. ისინი ჰგავდნენ წყვილს, სადაც ქალს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი გათხოვება, ხოლო მამაკაცი ჯერ კიდევ ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას. ჩვენი ოლივერი დიდხანს გაურბოდა ამ გიჟ კატას და თავის ენაზე რაღაცას კნაოდა. პატარა მარკიზა კი მას მისდევდა და ისიც კნაოდა. მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ მოახერხეს მარკიზას დაჭერა.
მათ კატა ხელში აიყვანეს, რაღაც ჩაიბურტყუნეს და წავიდნენ. ოლივერი დივანის ქვეშ შეძვრა და საერთოდ არ სურდა გამოსვლა. ის ძალიან შეშინებული იყო. გარდა ამისა, კატებმა რამდენიმე ვაზა გატეხეს, რამდენიმე ქოთანი გადააყირავეს და ფარდებიც დახიეს. ოლივერმა დივანის ქვეშ ორი დღე გაატარა. ამის შემდეგ, კიდევ ერთი კვირის განმავლობაში, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გამოდიოდა. როგორც ჩანს, ის ჯერ კიდევ არ იყო მზად ასეთი ვნებიანი სიყვარულისთვის.