მეგობარმა მითხრა, რომ ცოტა ხანში ბებიამისის ქორწილია. რბილად რომ ვთქვათ, მთელი ოჯახი გაოგნებულია.
ბებო დაახლოებით ათი წლის მანძილზე ფულს აგროვებდა იმისთვის, რომ როდესაც გარდაიცვლებოდა, თავისი ახლობლებისთვის პრობლემები არ შეექმნა. მან სპეციალური ადგილიც კი გამოჰყო, სადაც ყველაფერს ინახავდა, რაც მისი დასაფლავებისთვის იქნებოდა საჭირო. სოლიდური თანხა, ეკო ტყავის ფეხსაცმელი, რამდენიმე ფერის ზედა, რადგან უცნობია, რა ფერის იქნება მისი სასახლე და ზედის ფერი მას უნდა შეესაბამებოდეს.
ახლობლები იცინოდნენ და ბრაზობდნენ: “ბებო! გარდაცვალება ჯერ ადრეა! მოდუნდი და ცხოვრებით დატკბი!”
ბებოს სხვა გზა არ ჰქონდა, მათ უნდა დათანხმებოდა, მაგრამ მაინც ამბობდა ხოლმე: “მე დაბადების დღეზე არაფერი მაჩუქოთ. მე უკვე აღარაფერი არ მინდა. ჩემი ცხოვრება უკვე გავიდა”.
ერთ დღეს კი, როდესაც ბებო ყოველდღიური საქმეების კეთებისას იმაზე ფიქრობდა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მისი კუბო და რამდენი ადამიანი მოვიდოდა მის ბოლო გზაზე გასაცილებლად, უეცრად ბებოს ეზოში მეზობლის ალუბლის ხიდან ერთი მოხუცი მამაკაცი ჩამოვარდა. ვახტანგი თავისი დის მოსანახულებლად იყო მოსული და ალუბალი მოუნდა, რის გამოც ხეზე ავიდა, შემდეგ კი თავი ვერ შეიკავა და მეზობლის ეზოში აღმოჩნდა. ამას კი მოჰყვა ბრილიანტის მწვნე, ფლირტი, ქვრივების საერთო ინტერესები და ოსტეოქონდროზით გაერთიანებული მონათესავე სულები. მოკლედ, საუბრები, საუბრები და აი უკვე ვახტანგი თავის კატასთან ერთად ბებოსთან გადმოდის. ბებო უბედნიერესია და ნათესავები კმაყოფილები არიან იმით, რომ გარდაცვალების თემა, ბოლოს და ბოლოს, დახურულია.
ბებომ ყველა გააოცა, როდესაც გამოაცხადა, რომ გათხოვებას აპირებდა. ოთახში სიჩუმემ დაისადგურა. მხოლოდ ბებოს ბიჭი არ იყო ჩუმად:
– რატომ, დედა? პატარა გოგო ხომ აღარ ხარ!
– მერე რა?
– შენ თითქმის 70-ის ხარ! ცოტა ხნის წინ სიკვდილს აპირებდი!
– და რა, გადაფიქრება არ შემიძლია?
– კარგი. ვახტანგს მიჰყვები?
– დიახ.
– მამა? შენ ის დაივიწყე?
– ის დიდი ხნის წინ გარდაიცვალა!
– პატივისცემის შესახებ არ გიფიქრია? მამაჩემის პატივისცემის შესახებ?
– პატივისცემის გამო, მეც მოვკვდე?
და აი, ახლა მთელი ოჯახი ვაკვირდებით იმას, თუ როგორ გულდასმით ემზადება ორი პენსიონერი ამ წვეულებისთვის. კაფეში მაგიდა დაჯავშნეს, მენიუ შეადგინეს, მუსიკოსები იქირავეს და ათასი გასართობი მოიფიქრეს. მზარეულებს სთხოვეს, რომ რაც შეიძლება ბევრი სალათები მოემზადებინათ, ქათამი და ღვეზლები თავად უნდა მიეტანათ. თამადა გეყოლებათ? რა თქმა უნდა! ტორტი? სამი! ფატა? რა დროს ჩემი ფატაა! რამდენი ადამიანი დაპატიჟეთ? ოცდაათი! ამდენი ფული საიდან? დასაფლავებისთვის ხომ ვაგროვებდი!
ქორწილი სექტემბრის შუა რიცხვებისთვის დაინიშნა. კარტოფილს ამოვთხრით და წვეულებასაც მოვაწყობთ.
ჩემი მეგობარი ამბობს, რომ ბებიამისი ასეთი ბედნიერი დიდი ხანია არ უნახავს, თვალები უბრწყინავს, სახიდან ღიმილი არ შორდება. ხუმრობს ხოლმე, რომ თუ ქორწილამდე მოვკვდები, საპატარძლო კაბით არ დამმარხოთო. ხალხი დამცინებს, პატარძალი დიდი ხანია ქალიშვილი აღარ არისო.
ყველა იცინის.
ჩემმა მეგობარმა ბებიამისს ჰკითხა, როგორი საჩუქარი გაუხარდებოდა. პატარძალმა კი ოქროს კბილებით გაუღიმა და უპასუხა: “არაფერი არ მინდა. რაც მჭირდება, ყველაფერი მაქვს”.
ჩვენო ძვირფასო მოხუცებო! დაე, თქვენი ცხოვრება იმდენად ხანგრძლივი იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია! ასაკის გამო ბედნიერებაზე უარს ნუ იტყვით. “პენსიონერი” ხომ მხოლოდ პასპორტის მიხედვით ხართ. ბედნიერებას გისურვებთ!