უამრავი მებოსტნე თავის ნაკვეთზე პარკოსნებს თესავს. მათ შორის ყველაზე პოპულარული ლობიოა, რადგან ის ძალიან გემრიელი, ჯანსაღი და პირობების მიმართ უპრეტენზიო მცენარეა. ის შედარებით ადვილად იზრდება. პრობლემები, როგორც წესი, მოსავლის შენახვის დროს ჩნდება: ლობიო ფერს იცვლის, ობით იფარება და მასში მავნე მწერები მრავლდება. ამის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ლობიოს შენახვის წესების ცოდნა.
პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ლობიოს შენახვის წესებზე ვისაუბრებთ.
როგორ შევინახოთ ლობიო სახლის პირობებში
შეგიძლიათ შეინახოთ როგორც გამომშრალი, ასევე ახალგაზრდა ლობიო. ლობიოს ნედლ მარცვლებს ახარისხებენ, ანაწილებენ ცელოფნებში და საყინულეში ათავსებენ. იქ მშვენივრად ინახება და შემდეგ მომზადებისას სწრაფად იხარშება.
მწიფე თესლს კარგად აშრობენ, ახარისხებენ, ასუფთავებენ ნამსხვრევებისგან და შემდეგ მომავალ მოსავლამდე ინახავენ. ის შეიძლება გამოიყენონ, როგორც სათესლე მასალა. ლობიო უნდა ინახებოდეს მშრალ, სუფთა ჭურჭელში, რომლიც მჭიდროდ იხურება. შეგიძლიათ ჩაყაროთ მინის ქილებში, პლასტმასის ბოთლებში ან სხვა მოსახერხებელ ჭურჭელში.
ლობიოს შესანახად შეგიძლიათ გამოიყენოთ ქსოვილის ტომრები, რომლებსაც მოათავსებთ მშრალ ადგილას. მავნე მწერების მოსაგერიებლად ტომრებში უნდა ჩაყაროთ გამხმარი კამის ქოლგები, დაფნის ფოთლები ან ნივრის კბილები.
კერძო სახლებში მცხოვრები დიასახლისები ლობიოს შენახვის ძველ მეთოდს იყენებენ: გამომშრალ ლობიოს ტომრებში ათავსებენ და სხვენში ინახავენ. ტომრებს წინასწარ მარილწყალში ასველებენ და აშრობენ.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ლობიოს მატლი ჯერ კიდევ ბოსტანში აზიანებს. მდედრობითი სქესის მწერი კვერცხებს დებს მწვანე ლობიოს პარკზე, შემდეგ კი გამოჩეკილი ლარვები მარცვლებში ღრმად აღწევენ. მებოსტნეები არაფერს ეჭვობენ, პარკოსნებს კრეფენ და საკუჭნაოში ინახავენ.
კომფორტულ პირობებში, თესლის შიგნით არსებული ლარვები თანდათან მწიფდებიან და ზრდასრულ მწერებად გადაიქცევიან, რომლებიც ნაჭუჭზე ნახვრეტებს აკეთებენ და გარეთ გამოდიან. ამ ეტაპზე მატლები აშკარად ჩანს და გამოუცდელ დიასახლისებს აინტერესებთ როგორ მოხვდნენ ისინი იქ? პასუხი მარტივია: ბოსტნიდან აღებული ლობიო უკვე მატლიანი იყო.
რა უნდა გაკეთდეს, თუ ლობიოში მატლია
როდესაც ლობიოს ქილაში არასასურველ მატლებს აღმოაჩენთ, ყურადღებით შეამოწმეთ შიგთავსი. ძლიერ დაზიანებული მარაგი უნდა განადგურდეს. ჭურჭელი, რომელშიც ლობიო იყო, კარგად უნდა გაირეცხოს ძმრის ან ლიმონმჟავას გამოყენებით. თუ ლობიო ნაკლებად არის დაზიანებული მავნებლებისგან, შეეცადეთ გადაარჩინოთ.
ჯერ უნდა გადაარჩიოთ მარცვლები მათში ლარვების კვალით. შემდეგ ლობიო უნდა ჩაყაროთ მარილიან ცივ წყალში: დაზიანებული მარცვლები ზედაპირზე ამოვა. ისინი უნდა ამოიღოთ და გადაყაროთ დანარჩენ ნარჩენებთან ერთად. შემდეგ ლობიო უნდა გარეცხოთ და გააშროთ.
მატლების გამრავლების თავიდან ასაცილებლად, ლობიო უნდა მოაქციოთ მაღალი ან დაბალ ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ. მარცვლებს ათავსებენ 60 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში და 30 წუთის განმავლობაში აჩერებენ. ამის შემდეგ ლობიოს ჭამა შეიძლება, მაგრამ დასათესად აღარ ვარგა, რადგან არ ამოვა.
ლობიოს თესლს ათავსებენ საყინულეში 2-3 დღით. დაბალ ტემპერატურაზე მწერების უხილავი ლარვები ნადგურდება. შემდეგ ლობიო უნდა ამოიღოთ და გააშროთ ან შეინახოთ მაცივარში.
იმისათვის, რომ უხარისხო ან დამატლიანებული ლობიო თქვენს სამზარეულოში არ მოხვდეს, ყურადღებით დაათვალიერეთ ლობიოს პარკები ბოსტანში და ასევე ყურადღებით დააკვირდით ბაზარში შეძენილ თესლს. შემდეგ დაიცავით ლობიოს შენახვის პირობები და ის არასოდეს გაფუჭდება.