ჰარვარდის პროფესორმა დაასახელა წარმატებული ადამიანის ერთი თვისება, რომელსაც ეძებენ დამსაქმებლები 

194

ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროფესორი ჯოზეფ ფულერი გამოყოფს წარმატებული ადამიანის ერთ თვისებას, რომელიც საქმიან უნარებთან დაკავშირებული არ არის. პროფესორი ირწმუნება, რომ წარმატების გასაღები სულ სხვა რამ არის. არის თვისება, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს თანამედროვე სამყაროში.

დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, რა თვისება არის ეს და შეიძლება თუ არა მის შეძენა.

წარმატებული ადამიანის თვისება

ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროფესორმა ჯოზეფ ფულერმა მრავალი წელი გაატარა მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ ადამიანებთან მუშაობასა და შესწავლაში: Fortune 500–ის ლიდერებიდან ნობელის პრემიის ლაურეატებამდე.

პროფესორმა აღმოაჩინა, რომ ძალიან წარმატებული ადამიანები ყველასგან გამოირჩევიან არა მათი პროფესიული უნარებით. გადამწყვეტ როლს თამაშობს მათი ადაპტაციის უნარი.

წარმატების მაჩვენებელი

„ისინი მიბმული არ არიან წინასწარ განსაზღვრულ კარიერულ გზაზე. არ მიჰყვებიან სტუდენტობის წლებში შედგენილ გეგმას. მზად არიან მოულოდნელი შესაძლებლობებისთვის. ცვლილებებს უშიშრად იღებენ“ – ამბობს პროფესორი.

კარიერული მიზნების დასახვა და მათი მიღწევის ვადის განსაზღვრა შესანიშნავია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ სცენარის დაცვით, მისი მძევალი ხდებით. ფულერის თქმით, თუ გეგმას იცავ, ახალი აღმოჩენებისთვის ჩაკეტილი ხდები.

მაგალითად, პატარა სტარტაპ კომპანიაში მუშაობაზე შეიძლება უარი თქვათ. მაშინაც კი, თუ თქვენთვის საინტერესოა და კარგად იხდიან. ყველაფერი იმიტომ, რომ ყოველთვის ვგეგმავთ დიდ, ცნობილ კომპანიაში მუშაობას. ან შეიძლება დაიწყოთ ახალი სამუშაოს ძებნა, როდესაც კმაყოფილი ხართ ამჟამინდელი პოზიციით, რადგან უფრო სწრაფად დაწინაურების მოლოდინი გქონდათ.

ფულერი ამბობს, რომ ორივე შემთხვევაში უგულებელყოფ იმას, რაც მოტივაციას გაძლევს ან გაინტერესებს. ამის ნაცვლად მკაცრ მოლოდინებს თქვენი კარიერის მართვის საშუალებას აძლევ. ეს კი ძირეულად არასწორია.

„ასეთი აზროვნებით შორს ვერ წახვალ“ – დარწმუნებულია პროფესორი. თუ კონცენტრირებას მოახდენ კონკრეტულ კარიერულ გზაზე, შეიძლება ვერ დაინახო სხვა საინტერესო ვარიანტები თქვენი პროფესიული ცხოვრებისთვის, ამატებს ფულერი.

საინტერესო კვლევა

საინტერესოა, რომ LinkedIn–ის ბოლო კვლევის თანახმად, ადაპტაცია არის ერთ–ერთი უნარი, რომელზეც მზარდი მოთხოვნაა ინდუსტრიების ფართო სპექტრში. ადაპტირება და ღიაობა არის წარმატებული ადამიანის თვისებები, რასაც დამსაქმებლები ეძებენ.

LinkedIn–ის თანახმად, სამსახურში მოქნილობის აუცილებლობა, თანამშრომლების სიმტკიცე კორონავირუსის პანდემიის შემდეგ სამუშაო ძალის ცვლილებების პირდაპირი შედეგია. ხელოვნური ინტელექტის განვითარება, დისტანციური და ჰიბრიდული მუშაობის ფართოდ დანერგვა. ასევე ხუთი თაობა, თითოეული განსხვავებული კომუნიკაციის სტილით და სამუშაო ენით, რომლებიც ახლა ერთად მუშაობენ.

დამსაქმებლებს სურთ დაიქირაონ ადამიანები, რომლებიც სწრაფად მოერგებიან ამ მუდმივ ცვლილებებს, ამბობს LinkedIn–ის ვიცე პრეზიდენტი ანეშ რამანი. „ადაპტაცია საუკეთესო საშუალებაა საკუთარი თავის გამოსავლენად. ცვლილებების მართვის მიზანია ადაპტირების კუნთების განვითარება“ – ხაზს უსვამს რამანი.

ამავდროულად, ფულერი ამბობს, რომ ადაპტაცია არის უნარი, რომელიც იშვიათად გვხვდება. ადამიანებს ეშინიათ რაღაც ახლის გამოცდა და წარუმატებლობის განცდა. „მაგრამ ვერ გაიზრდები, თუ კომფორტის ზონას არ დატოვებ“ – ასკვნის პროფესორი.

წარმატებული ადამიანის თვისებები: შეჯამება

ახლა ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. წარმატებული რომ გახდეთ, ახალ ტექნოლოგიებთან, ცვლილებებთან და სხვა გამოწვევებთან ადაპტაცია უნდა შეძლოთ. სამყარო ქმნის გამოწვევებს, რომელმაც არ უნდა შეგაშინოთ. უბრალოდ ცოტა სითამამე და მოქნილობა უნდა გამოიჩინოთ. შემდგომში აღარ იწუწუნოთ ინოვაციებზე, არამედ გაარკვიეთ, როგორ გამოიყენოთ თქვენს სასარგებლოდ. წარმატებას გისურვებთ თქვენს მოგზაურობაში!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს