ყოველწლიურად კომუნალური გადასახადების ხარჯი უფრო და უფრო გვაშინებს. ზოგჯერ გაოგნებული ვკითხულობთ, სად დაიხარჯა ამდენი წყალი და დენი? ვიწყებთ ფიქრს, სად შეიძლება დაზოგვა, რომ შემდეგ თვეში დიდი თანხის გადახდა არ მოგვიწიოს. ეკონომიური რეცხვა შესანიშნავი გამოსავალია!
დაფიქრდით: რეცხვის დროს ვხარჯავთ არა მხოლოდ სარეცხ ფხვნილს, კონდიციონერს ან კაფსულას (რომელიც, სხვათა შორის, იაფი არ არის). ასევე იხარჯება დიდი რაოდენობით წყალი და ელექტროენერგია. გიამბობთ, როგორ გარეცხოთ ეკონომიურად და არ გადაიხადოთ ზედმეტი კომუნალურ მომსახურებაზე.
ეკონომიური რეცხვა: როგორ შევამციროთ მოხმარება 2-5-ჯერ
დაბალი ტემპერატურა
60 გრადუსზე რეცხვისას სარეცხი მანქანა ხარჯავს 4-ჯერ მეტ ელექტროენერგიას, ვიდრე 30 გრადუსზე რეცხვისას. თუ დაზოგვა გსურთ, აირჩიეთ რეჟიმი, რომლის დროსაც წყალი 30-40 გრადუსამდე ცხელდება. ასეთი ვარიანტი შესაფერისია იმ შემთხვევებში, როცა ბავშვის ან ავადმყოფის ტანსაცმელს არ რეცხავთ. ლაქებზე არ იდარდოთ: თანამედროვე სარეცხი საშუალებები დაბალ ტემპერატურაზეც კარგად მუშაობს. გარდა ამისა, ოდნავ გრილ წყალში ქსოვილი ნაკლებად ცვდება, ანუ უფრო დიდხანს გაძლებს.
წინასწარი ჩალბობა, გაშრობა და რეცხვის დაწყების გადადება
თანამედროვე სარეცხი მანქანების ყველა ეს ფუნქცია ძალიან მოსახერხებელია და ხშირად კარგად გვეხმარება. თუმცა, თუ დაზოგვა გსურთ, მათზე უარი თქვით. საჭიროების შემთხვევაში, ნივთები ტაშტში შეგიძლიათ ჩაალბოთ, ხოლო თეთრეული საშრობზე გაკიდოთ. სხვათა შორის, ყველა სახის ქსოვილი სარეცხ მანქანაში გასაშრობად შესაფერისი არ არის.
სარეცხი თეთრეულის რაოდენობა
სარეცხი მანქანის დოლურა მთლიანად დატვირთეთ. მოწყობილობა ნებისმიერ შემთხვევაში ერთ და იმავე რაოდენობის რესურსს ხარჯავს. მნიშვნელობა არ აქვს, ორ პირსახოცს რეცხავთ თუ მთელ კალათას.
ფხვნილის რაოდენობა
რა თქმა უნდა, სარეცხი საშუალებების მწარმოებლები ამზადებენ დიდ ხუფებს და საზომ კოვზებს ფხვნილებისთვის. თუმცა გახსოვდეთ: რაც მეტია საშუალება, მით მეტია ქაფი. ამ შემთხვევაში, მანქანა ჩარეცხავს უფრო მეტ წყალს და ააგროვებს ახალს. სარეცხი ფხვნილის რაოდენობაში არ გადააჭარბოთ. გამოიყენეთ ისეთი საშუალება, რომელიც შექმნილია სპეციალურად სარეცხი მანქანისთვის. ხელით რეცხვის სარეცხ ფხვნილში, სარეცხ საპონში და სხვა საშუალებაში ქაფის ჩამქრელი არ არის, ამიტომ მცირე რაოდენობის შემთხვევაშიც ბევრი ქაფი წარმოიქმნება.
სარეცხი მანქანის არჩევა
სარეცხი მანქანები განსხვავებულია. თუ გეგმავთ უახლოეს მომავალში ახლის შეძენას, აირჩიეთ A+++ კლასის ავტომატური მანქანა. ასეთი მოწყობილობა ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს. შესაბამისად, A++, A+, A+, B და ასე შემდეგ კლასის მანქანები მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს. გარდა ამისა, თითქმის ყველა თანამედროვე მოწყობილობას აქვს „ეკონომიური რეცხვის“ ან „ეკორეცხვის“ რეჟიმი. ამ რეჟიმში სარეცხი მანქანა მოიხმარს ნაკლებ ელექტროენერგიას და წყალს.
ტარიფის შერჩევა
თუ შესაძლებლობა გაქვთ, ერთიანი ტარიფი ორ ან სამზონიანზე შეცვალეთ. ასე ელექტროენერგიის მომსახურების ღირებულება დღის მონაკვეთის მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, ღამით რამდენჯერმე ნაკლების გადახდა მოგიწევთ. კარგი შესაძლებლობაა, სარეცხი მანქანა ან ჭურჭლის სარეცხი მანქანა ჩართოთ და დაზოგოთ.
თუ დაიცავთ ზემოთ ჩამოთვლილ წესებს, სარეცხ მანქანაზე თქვენს ხარჯებს 2-5-ჯერ შეამცირებთ. არ დაგავიწყდეთ გამორთოთ დენი ოთახებში და ასევე წყალი კბილების ხეხვის დროს. იყიდეთ ეკონომიური ნათურები და რესურსები გონივრულად გამოიყენეთ.