როგორც არ უნდა გვინდოდეს, ხალისით შევხვდეთ ახალ წელს და დაბადების დღეს, ეს დღესასწაულები გვახსენებს უდავო ფაქტს: ვბერდებით. სიბერის მიღება კი ერთ-ერთი ურთულესი ამოცანაა. არსებობს რამდენიმე რჩევა, როგორ იგრძნოთ თავი ახალგაზრდულად ნებისმიერ ასაკში.
როდესაც ჩემმა მეგობარმა რამდენიმე წლის წინ შეწყვიტა დაბადების დღის აღნიშვნა, რთული სამუშაო გრაფიკის მომიზეზებით, მივხვდი, რომ დახმარება სჭირდებოდა. შევთავაზე წაეკითხა ნიკოლაი ამოსოვის წიგნი „ექსპერიმენტი სიბერის დასაძლევად“. წიგნი შემთხვევით მოხვდა ჩემს ხელში და მას შემდეგ ბევრმა ჩემმა მეგობარმა და ნაცნობმა წაიკითხა. წიგნში მოცემული რჩევები განსაკუთრებით ყურადსაღებია მათთვის, ვისაც ასაკის მიღება უჭირს.
როგორ ვიგრძნოთ თავი ახალგაზრდულად: ნიკოლაი ამოსოვის რჩევები, როგორ მივიღოთ სიბერე
ნიკოლაი ამოსოვი ცნობილი კარდიოქირურგი იყო. მან 90 წლამდე იცოცხლა და თავისი მაგალითით გვაჩვენა, რომ ნებისმიერ ასაკში აქტიური შეგიძლია იყო. თვლიდა, რომ სიბერის დასაძლევად წარმატების საფუძველია ცხოვრებისადმი ინტერესის ქონა. მისი წიგნი სწორედ ამას ეძღვნება. მთელი წიგნის წაკითხვა რომ არ მოგიწიოთ, გიზიარებთ მთავარ რჩევებს, როგორ იგრძნოთ თავი ახალგაზრდულად, თუნდაც უკვე საპატიო ასაკში.
ექიმებზე ნუ დაეყრდნობით
ამოსოვი ირწმუნებოდა, რომ ექიმები ჯანმრთელობას ვერ გვაჩუქებს. დიახ, ექიმებს შეუძლიათ დაავადებების განკურნება და სიკვდილისგან გადარჩენა, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი ზომებია. ექიმთან ვიზიტი მხოლოდ დასაწყისია, საიდანაც გზას ვიწყებთ ჩვენი ჯანმრთელობისკენ. ეს გზა კი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.
ამოსოვი თვლიდა, რომ მსოფლიოში ძალიან ბევრი ცუდი ექიმია. ასეთი ექიმები არ კითხულობენ, არ ვითარდებიან და პაციენტებს სრულ დიაგნოზს ვერ უსვამენ. მსგავსი ექიმებისგან თავი შორს უნდა დაიჭიროთ. თუ იპოვეთ ნამდვილად კარგი ექიმი, მასთან კავშირი არ გაწყვიტოთ და ნებისმიერ წვრილმან საკითხზე მიმართეთ.
ჩვენი ახალგაზრდობა ჩვენს ხელშია
ჯანმრთელობა ჩვენი ორგანიზმის ძალაა, მისი შესაძლებლობა იმუშაოს გამართულად. ამ ძალის გასაზრდელად საავადმყოფოში ერთჯერადი ვიზიტი საკმარისი არაა. ამოსოვი თავის წიგნში ცდილობს აგვიხსნას, რომ ჩვენი ჯანმრთელობა პირდაპირ ჩვენზეა დამოკიდებული.
ექიმი ამტკიცებდა, რომ არ უნდა ველოდოთ, რომ ექიმები აბების დახმარებით გაანეიტრალებენ ჯანმრთელობისადმი ჩვენს არასწორ დამოკიდებულებას. თვლიდა, რომ თუ თითოეული ჩვენგანი იზრუნებს თავის ჯანმრთელობაზე მთელი ცხოვრების მანძილზე, სიბერე გაცილებით გვიან მოვა.
დაავადებები გარდაუვალია
ჩვენს ცხოვრებაში დაავადებები გარდაუვალია. დაავადებების უმეტესობა დაკავშირებულია ჩვენი ცხოვრების წესთან და საკუთარი ჯანმრთელობისადმი დამოკიდებულებასთან. თუმცა ცოტა ძალისხმევის და ნებისყოფის გამოვლენით, ჯანმრთელობა სულ სხვა დონეზე შეგიძლიათ აიყვანოთ.
გახსოვდეთ, რომ ადამიანის ორგანიზმი ძალიან ძლიერი ავტონომიური მანქანაა, რომელსაც შეუძლია აღდგენა პრაქტიკულად ჩვენი დახმარების გარეშე. ავადმყოფობის შემდეგ სწრაფად რომ გამოჯანმრთელდეთ, სწორი ცხოვრების წესით უნდა იცხოვროთ.
კვების რეჟიმი
ნიკოლაი ამოსოვი კვების სწორ რეჟიმს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ექიმის თქმით, ამის გარეშე ადამიანი ჯანმრთელი უბრალოდ ვერ იქნება. კვების მთავარი პრინციპია, არ ჭამოთ ზედმეტი.
ამოსოვი თვლიდა, რომ საკვები არ უნდა გამოვიყენოთ სულიერი კომფორტის გასაზრდელად. ამით ეთანხმება თანამედროვე დიეტოლოგების უმეტესობას – საკვები დამამშვიდებელ საშუალებად არ უნდა გამოიყენოთ, ამით სიხარული და მწუხარება არ უნდა შეჭამოთ. ეს ხელს უწყობს წონის მატებას, რაც ნეგატიურად აისახება მთელი ორგანიზმის ფუნქციონირებაზე.
აკადემიკოსი რეკომენდაციას უწევდა დღეში 4-5-ჯერ ჭამას, საკვების გამორიცხვის შესაძლებლობით, თუ შიმშილი არ გაწუხებთ. ზუსტ დროზე სადილობის წინააღმდეგი იყო. ამასთან ცნობილი კარდიოქირურგი თვლიდა, რომ სპეციალური შიმშილობა და დიეტა ნეგატიურად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე, როგორც ზედმეტი ჭამა.
ექიმი ირწმუნებოდა, რომ ძირითადი კვება უმი ბოსტნეული უნდა იყოს. მისი მოხარშვა ან ორთქლზე მომზადება არ ღირს, რადგან ჩვენი კუჭი საკმაოდ ინტენსიურად მუშაობს მძიმე საკვების მონელებისას. უნდა გვახსოვდეს, რომ ცხიმი რაციონში უნდა იყოს ცოტა და უკეთესია, თუ ნატურალურია. არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა პროდუქტი შეიძლება იყოს თანაბრად სასარგებლო ან მავნე ორგანიზმისთვის, რაც მის ულუფაზე არის დამოკიდებული.
გარდა ამისა, დღეში 2,5 ლიტრი წყალი უნდა დალიოთ. აკადემიკოსი თავად იცავდა კვების ამ რეჟიმს და თავს დიდებულად გრძნობდა.
ფიზკულტურა ყველაფრის თავია
ამოსოვი ამტკიცებდა, რომ გონივრული დატვირთვა ყველა ადამიანის ცხოვრებაში უნდა იყოს. ეს განსაკუთრებით ეხება ბავშვებს და მოხუცებს. თანამედროვე სამყაროში უმეტესობა ჩვენგანი მინიმალური აქტივობის რეჟიმშია, ამიტომ დღეში 1 საათი ვარჯიშს უნდა დავუთმოთ. რეკომენდებულია, ვარჯიში 2-5 კგ ჰანტელებით მინიმუმ 20 წუთის განმავლობაში.
ექიმები გირჩევენ, რომ ტრანსპორტი ხშირად ჩაანაცვლოთ ფეხით სიარულით, რადგან ეს სასარგებლოა არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის. ძუნძულით სირბილიც სასარგებლოა, მაგრამ მოითხოვს თვითდისციპლინის საკმარის დონეს.
ფსიქიკის მართვა
ცნობილი კარდიოქირურგი გვირჩევდა თვითკონტროლის სწავლას. ფსიქიკის მართვა გვეხმარება შევინარჩუნოთ სიმშვიდე დიდი ვნებათაღელვის დროს. ყველა ექიმი ტყუილად არ თვლის, რომ დაავადებების უმეტესობა სტრესიდან მოდის. მაგალითად, სტრესულ მდგომარეობაში ჩვენი ნაწლავების და კუჭის ნორმალური მუშაობა ფერხდება. და ეს მხოლოდ ერთ-ერთი შედეგია.
ამოსოვი ერთ ტექნიკას იყენებდა. ის მიმართავდა რიტმულ, ნელ სუნთქვას ნერვების დასამშვიდებლად და ადრენალინის გამოყოფის შესაჩერებლად. ამ დროს მთელი სხეულის კუნთები მაქსიმალურად უნდა მოადუნოთ. სტრესის შედეგებს ყველაზე უკეთ ფიზიკური ვარჯიში ანეიტრალებს და ასე ორგანიზმს სპაზმებისგან იცავს.
დასვენების უნარი
კარდიოქირურგი თვლიდა, რომ სწორად დასვენების უნარი ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. არ დაზოგოთ დრო ძილზე, რადგან ძილის დროს ორგანიზმში აღდგენითი პროცესები მიმდინარეობს. საშუალოდ ყველა ადამიანს დღეში 7-8 საათი მშვიდი ძილი სჭირდება, რომ თავი კარგად იგრძნოს. ამასთან უძილობის არ უნდა შეგეშინდეთ.
სხეულის გაკაჟება
ამოსოვი თვლიდა, რომ სხეულის გაკაჟება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია ჯანმრთელობის მხარდასაჭერად. ეს ფიზიოლოგიური სტრესი ბევრს ნიშნავს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ამოსოვის სისტემით გაკაჟება ძალიან მარტივია – აიტანე სიცივე და არ შეიფუთო. თანდათან ორგანიზმი ეჩვევა და უფრო ამტანი ხდება.
ექიმი თვლიდა, რომ გაკაჟების ყველაზე მარტივი გზაა მსუბუქი ტანსაცმლის ტარება. მართალია, სხეულის გაკაჟება ნელ-ნელა უნდა მოხდეს. ასევე შეგიძლიათ მიიღოთ გრილი შხაპი და შეიზილოთ ცივი წყალი.
ტვინის აქტივობა
სიბერეს რომ შეებრძოლოთ, ტვინი მუდმივად ავარჯიშეთ. კარგია, თუ ამისთვის აირჩევთ სხვადასხვა საკითხზე დაფიქრებას, შემოქმედებას, გატაცებას. ეს ყველაფერი ტვინის ინტენსიურ აქტივობას ხელს უწყობს.
რთულ საკითხებზე ფიქრით ადამიანი ტვინს დაბერების საშუალებას არ აძლევს. ეს ხელს უშლის სკლეროზის და ასაკის სხვა უსიამოვნო შედეგების განვითარებას.
ნიკოლაი ამოსოვმა 90 წელი იცოცხლა, ანუ ზუსტად იცოდა, როგორ ეგრძნო თავი ახალგაზრდულად. სწორედ ამიტომ, მისი რჩევების გათვალისწინება ღირს.