გადავაკეთოთ საბჭოთა სარკეებიანი ტრილიაჟი

373

ბებიებისგან და ბაბუებისგან ბევრს ერგო მემკვიდრეობით საბჭოთა კავშირის დროინდელი სარკეებიანი ტრილიაჟი. ადრე ხომ ეს ,,საგანძური” თითქმის ყველა ოჯახში იყო. გარდა ამისა, ფურნიტურის ეს ელემენტი სიმდიდრის ნიშნად ითვლებოდა. გაუგებარია, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ის დღეს, რადგან თანამედროვე ინტერიერში ის საერთოდ არ ჯდება. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, თუ როგორ უნდა გადავაკეთოთ იგი ლამაზ სარკედ.

როგორ გადავაკეთოთ ძველი ტრილიაჟი საგარდერობო მაგიდად

რა დაგვჭირდება

  • ადგეზიური გრუნტი;
  • საღებავი;
  • მქრქალი ლაქი;
  • სახვეწი მანქანა ან ზუმფარას ქაღალდი;
  • ჯაგრისი;
  • საჭირო ფურნიტურა;
  • ხრახნები;
  • დეკორაციები სურვილისებრ;
  • დამაგრძელებელი;
  • დამჭერი სავარცხლებისთვის;
  • ნათურების ნაკრები USB პორტით;
  • ორმხრივი წებოვანი ლენტი.

რა უნდა გავაკეთოთ:

1. პირველ რიგში, ძველი ტრილიაჟი ნაწილებად უნდა დავშალოთ იმისთვის, რომ მერე გამარტივდეს მისი შეღებვა. აუცილებლად მოაშორეთ უკანა კედელი, მოხსენით სარკე და ორივე კარები.

2. დიდი ალბათობით, თქვენი ტრილიაჟი ლაქის საფარით არის დაფარული, რადგან ეს იყო იმ დროისთვის ყველაზე პოპულარული დიზაინი. ძველ ლაქზე ძალიან ძნელია ახალი საღებავის გადასმა. იმისთვის, რომ ის უკეთესად დაფიქსირდეს ზედაპირზე, მოაშორეთ ზედა ფენა. ამის გაკეთება შესაძლებელია სპეციალური მოწყობილობით. მაგრამ თუ ასეთი არ გაქვთ, მაშინ ჩვეულებრივი ზუმფარას ქაღალდიც გამოდგება. კარგად გადაატარეთ იგი დალაქულ ზედაპირებს, შემდეგ კი ნარჩენები სველი ჩვრით მოაშორეთ.

3. ამის შემდეგ დაიწყეთ წებოვანი გრუნტის წასმა ფართო ფუნჯის ან როლერის გამოყენებით ტრილიაჟის ყველა ნაწილზე, რომელიც შესაღებია. მისი სქელი ტექსტურა შესანიშნავად დაფარავს წინა საღებავს და დარჩენილ ლაქს. გრუნტი ასევე აუცილებელია იმისთვის, რომ ახალი საღებავი მიეკრას ზედაპირს და არ მოშორდეს.

4. როდესაც გრუნტი გაშრება, შეღებეთ ტრილიაჟი იმ ფერად, რომელიც მოგწონთ. ტრილიაჟის გადაკეთება დაასრულეთ რამდენიმე ფენა მქრქალი ლაქის გადასმით. ის დააფიქსირებს საღებავს და დაიცავს მას დაზიანებისაგან. არ დაგავიწყდეთ ტრილიაჟის უკანა მხარეების შეღებვა.

5. როდესაც საღებავი გაშრება, ტრილიაჟის ორივე კარებზე დააყენეთ ახალი სახელურები. სურვილის შემთხვევაში ფეხები შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ უფრო თანამედროვე ვარიანტით. თუ ძველებს დატოვებთ, მაშინ ისინიც შეღებეთ. დამატებით, შეგიძლიათ გააფორმოთ კარებიც.

6. ამის შემდეგ, შეგიძლიათ დაიწყოთ საგარდერობო მაგიდის გაფორმება. უმჯობესია, ტრილიაჟის მხოლოდ ცენტრალური სარკე დატოვოთ. კარგად გაწმინდეთ, რომ ლაქები არ დარჩეს. უკანა კედელზე მიამაგრეთ დამაგრძელებელი, რომელიც განათების დასამონტაჟებლად დაგჭირდებათ. ასევე შეგიძლიათ დამატებით დაამონტაჟოთ დამჭერი ფენის და სავარცხლებისთვის.

7. სარკისთვის ნათურები შეგიძლიათ შეიძინოთ ინტერნეტში ან სპეციალურ მაღაზიებში. ჩვეულებრივ, ასეთი ნათურები თავისივე სამაგრებით იყიდება, მაგრამ თუ სამაგრების გარეშე იქნება, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ წებოვანი ბალიშები ან ხარისხიანი ორმხრივი წებოვანი ლენტი. განათავსეთ ნათურები სარკის პერიმეტრის გასწვრივ, ერთნაირი დაშორებით. იმავე წებოვანი ლენტით მიამაგრეთ სადენები ტრილიაჟის უკანა კედელს. მზადაა! შეგიძლიათ აანთოთ ნათურები და გაიკეთოთ ულამაზესი მაკიაჟი!

როგორც ხედავთ, სულაც არ არის რთული ძველი ტრილიაჟის გადაკეთება ორიგინალურ საგარდერობო სარკედ. საჭიროა, მხოლოდ ცოტაოდენი მონდომება და ფანტაზია. ეჭვგარეშეა, რომ ახალი საგარდერობო სარკე ბევრად უფრო ძვირი დაგიჯდებათ. ამ გზით, ერთდროულად ,,ორ კურდღელს დაიჭერთ”: მიიღებთ მოსახერხებელ ადგილს დილის მაკიაჟისთვის და მოიშორებთ არასაჭირო ავეჯს, რომელიც ინტერიერს აფუჭებდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს