5 შეცდომა, რომელსაც ყველა უშვებს თვალებზე ჩრდილების წასმისას

38

თვალის სრულყოფილი მაკიაჟი ჩრდილების გარეშე წარმოუდგენელია. მეტად ან ნაკლებად, გლუვი ან ბრჭყვიალებით, მუქი ან ბუნებრივი – ის ყოველთვის არის მაკიაჟში. გასაკვირი არ არის, რადგან ჩრდილები თვალის სილამაზეს საუკეთესოდ ხაზს უსვამს. მართალია, რაც მეტი ახალი პროდუქტი ჩნდება კოსმეტიკურ ბაზარზე, მით უფრო ხშირად გვხვდება შეცდომები ჩრდილების წასმისას.

ამ შეცდომებს უშვებენ რიგითი ქალებიც და ზოგიერთი პროფესიონალი ვიზაჟისტიც. თქვენი მაკიაჟი და განწყობა რომ არ გაფუჭდეს, „პაპარაცი“ გიამბობთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ჩრდილების წასმისას. ჩვენი რჩევების დახმარებით თქვენი თვალის მაკიაჟი უნაკლო გამოვა.

ჩრდილების არასწორად წასმა: რას მივაქციოთ ყურადღება?

თვალის მაკიაჟი მოდური და ჰარმონიული რომ იყოს, რამდენიმე წვრილმანს ყურადღება უნდა მიაქციოთ. რამდენიმე პუნქტის გათვალისწინებით თვალზე ჩრდილებს ადვილად წაისვამთ და იდეალურ მაკიაჟს მიიღებთ.

ჩრდილების ქვეშ ბაზაზე უარის თქმა

ბოლო დროს ხშირად მესმის, რომ მარტივად შეგიძლია გვერდი აუარო ახალი კოსმეტიკური პროდუქტების უმეტესობას. თითქოს, ადრე ხომ როგორღაც იკეთებდნენ მაკიაჟს ამ ყველაფრის გარეშე! დიახ, მაგრამ „ლენინგრადის ტუშის“ და მარგალიტისფერი ჩრდილების დრო დიდი ხნის წინ გავიდა. პროგრესი წინ მიიწევს და ეს აისახება დეკორატიულ კოსმეტიკაზეც.

ბაზა ჩრდილების ქვეშ თვალის ხარისხიანი მაკიაჟის საფუძველია. არცერთი პროფესიონალი ვიზაჟისტი არ დაიწყებს თვალის ჩრდილის გამოყენებას „შიშველ“ ქუთუთოზე. ბაზის მთავარი ფუნქციაა კანის მომზადება. ასეთი მაკიაჟი უფრო დიდხანს და ხარისხიანად გაძლებს.

პრაიმერი (ასე ეწოდება ბაზას ჩრდილების ქვეშ) ქმნის მსუბუქ ფენას ჩრდილების ქვეშ, რომლის წყალობით ჩრდილები ნაკეცებსა და ნაოჭებში არ ჯდება და არ აღიბეჭდება. თუ ქუთუთოზე ცხიმიანი კანი გაქვთ, ბაზა თქვენს კოსმეტიკაში აუცილებლად უნდა იყოს.

ბაზის ქონა თავად მაკიაჟის ხარისხზეც გავლენას ახდენს. ის უზრუნველყოფს ჩრდილების და ფანქრის უკეთ ჩაშლას. ბაზაზე წასმული ჩრდილები უფრო გამოკვეთილია. თუ მაკიაჟში გვხვდება პიგმენტები ან ბრჭყვიალები, პრაიმერი დაგეხმარებათ მათ დაფიქსირებაში და ჩამოყრის თავიდან აცილებაში.

არასწორი ფუნჯები

თუ ჩრდილებს ისვამთ იმ ფუნჯით, რომელიც ჩრდილების პალიტრას მოჰყვება, თქვენთვის ცუდი ამბავი გვაქვს. პოროლონის აპლიკატორი, რომელიც ჩრდილების პალიტრასთან ერთად იყიდება, მხოლოდ ბრჭყვიალების წასასმელად შეგიძლიათ გამოიყენოთ. და ისიც არა ყოველთვის. 95% შემთხვევაში სტანდარტული ფუნჯები შეგიძლიათ პირდაპირ გადააგდოთ, რადგან მათი ხარისხი საუკეთესოს სურვილს ტოვებს.

გირჩევთ, ფუნჯების ნაკრები შეიძინოთ. გახსოვდეთ, რომ სხვადასხვა კონსისტენციის ჩრდილების წასმა მოითხოვს სხვადასხვა ფუნჯების გამოყენებას. მაგალითად, დიდი ფუმფულა ფუნჯი შესაფერისია ჩრდილების წასასმელად და შესარევად. ფუნჯი-კასრი გამოიყენება ჩრდილების და ფანქრის ჩასაშლელად, ხოლო თხელი სინთეტიკური ფუნჯი შესაფერისია ისრების დასახატად. აი, ზოგიერთი პიგმენტის წასმა თითით უფრო ადვილია.

თვალის ფერი ჩრდილები

კიდევ ერთი შეცდომა მაკიაჟში – თვალის ფერის იდენტური ჩრდილი. ეს კომბინაცია მომგებიანია ძალიან იშვიათ შემთხვევებში. ყველაზე ხშირად ასეთი მაკიაჟით ბუნდოვან მზერას მიიღებთ. კონტრასტული ფერის ჩრდილებით თვალი უფრო გამოკვეთილი ხდება.

მწვანე თვალებისთვის შესაფერისია თბილი ფერის ჩრდილები – ყავისფერი, ატმისფერი, ოქროსფერი, წითელი და სხვა. ნაცრისფერი თვალებისთვის ჩახშული ფერები შეარჩიეთ, ხოლო ცისფერი თვალები ნაჯერი ფერების ფონზე „ათამაშდება“. ყავისფერი თვალებისთვის თითქმის ნებისმიერი ფერი შესაფერისია კაშკაშა ლურჯის გარდა. ერთადერთი ფერი, რომელიც თითქმის ყველა ფერის თვალს უხდება, ნაცრისფერია.

ჩრდილების არასწორად წასმა და ჩაშლა

კიდევ ერთი შეცდომა თვალის მაკიაჟში არის ჩრდილების წასმის დაწყება მოძრავი ქუთუთოს ცენტრიდან. ამ შემთხვევაში ჩაშლა ხდება კუთხეებისკენ, რაც თვალს ვიზუალურად ძალიან აპატარავებს.

წაისვით ჩრდილები თვალის გარე კუთხიდან ფენებად, ნაკეცი ჩაამუქეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩრდილის თითოეული ფენა კარგად უნდა ჩაშალოთ. აქ სპეციალური ჩრდილების ჩასაშლელი ფუნჯი გამოგადგებათ.

ჩვეულებრივ, მოძრავი ქუთუთოს ცენტრში უფრო ღია ჩრდილი ისმება. ეს თვალს ადიდებს და მის ფერს ხაზს უსვამს. მთავარია, არ დაგავიწყდეთ თვალის შიდა კუთხის ამონათება თეთრი ფანქრით, ძალიან ღია ჩრდილით ან ჰაილაითერით.

ჩამოყრილი ჩრდილები

ლამაზი და მოდური მაკიაჟიც იდეალური ვერ იქნება, თუ სახიდან არ მოიშორებთ ჩამოყრილ ჩრდილებს. აქ, რა თქმა უნდა, უნდა გქონდეთ გარკვეული უნარი და ცოდნა, რომ მაკიაჟი არ გააფუჭოთ.

სუფთა მსხვილი ფუნჯი დაგეხმარებათ. მსუბუქი მოძრაობით ჩამოყრილი ჩრდილები სახიდან მოიშორეთ, სცადეთ, რომ სახეზე არ შეიზილოთ. თუ თვალების ქვეშ კვალი დარჩა, კონსილერი გამოიყენეთ. ჩრდილების ან ბრჭყვიალების დიდი ნაწილაკების მოსაშორებლად გამოიყენეთ სველი და სუფთა სპონჟი.

არსებობს კიდევ ერთი ხრიკი, რომელიც პოპულარულია ბლოგერებში. თუ ძალიან ფხვიერ ჩრდილებს იყენებ, ჯერ თვალების მაკიაჟი გაიკეთეთ. როცა თვალებს შეიღებავთ, ჩამოყრილი ჩრდილები სველი სალფეთქით მოიშორეთ და სახეზე ტონალური წაისვით. დიახ, ეს პროფესიონალი ვიზაჟისტების რჩევებს არ ემთხვევა, მაგრამ ზოგჯერ ძალიან ეხმარება დამწყებებს მაკიაჟის შექმნაში.

ამ მარტივი რჩევებით თქვენი მაკიაჟი ყოველთვის ეფექტური და სუფთა გამოვა. მთავარია, არ გადააჭარბოთ კოსმეტიკის გამოყენებაში, რომ უგემოვნო ქალის სახელი არ გაითქვათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს