დრო არავის ინდობს. როგორც არ უნდა გვინდოდეს მისი შეჩერება, ის ულმობლად მიქრის. დროის გასვლა ყველაზე ნათლად სახეზე აისახება. ასაკთან ერთად ჩნდება ნაოჭები, იცვლება სახის ნაკვთები. ხანდახან მოშვებული კანი და ორმაგი ნიკაპი ახალგაზრდებსაც აწუხებთ.
„პაპარაცი“ გიამბობთ, რა არის სახის კონტურის ნაადრევი ცვლილებების მიზეზები. გაირკვა, რომ ბევრი ჩვენი ყოველდღიური ქცევა ხელს უწყობს კანის ტონუსის დაკარგვას. გარდა ამისა, გაიგებთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ უკვე არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად. დაიმახსოვრეთ და არ დაუშვათ შეცდომები.
მოშვებული კანი: სახის კონტურში ცვლილებების მიზეზები
რა თქმა უნდა, თანამედროვე სამყარო სულ უფრო და უფრო მიიწევს ბოდიპოზიტივისკენ. დღეს ნაოჭების და ჭაღარის მიმართ უფრო ლმობიერი დამოკიდებულება გვაქვს, ვიდრე თუნდაც 10 წლის წინ. თუმცა არსებობს მიზეზები, რომელთა აღმოფხვრით დაბერების პროცესის შენელებას შეძლებთ. საქმე სიმძიმის ძალაში არ არის.
ცუდი დგომა
თუ ფიქრობთ, რომ ცუდი დგომა აისახება მხოლოდ ზურგის მდგომარეობაზე, ძალიან ცდებით. ცუდი დგომა ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც სახის კანი დუნდება. როცა ზურგის კუნთებს სუსტი ტონუსი აქვთ, ზეწოლა იზრდება კისერზე, შემდეგ ნიკაპზე.
ზურგის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად უნდა ივარჯიშოთ. ეს ასაკის მატებასთან ერთად უფრო მნიშვნელოვანია. როცა არ ვარჯიშობთ, ხერხემლის ასაკობრივი გამრუდება ხდება. ვიწყებთ მოხრას, მხრების საჭიროზე მეტად დახრას. ამის გამო თავის საყრდენი ფუნქციის შესრულებას იწყებს კუნთები, რომლებიც ამ მიზნისთვის განკუთვნილი არ არის. შედეგად, ვიღებთ მოშვებულ კანს.
მობილური ტელეფონის ბოროტად გამოყენება
მობილური ტელეფონი ჩვენს ცხოვრებაში სწრაფად შემოიჭრა. ახლა სოციალური ქსელების და მესენჯერების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგვიდგენია. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენი ორგანიზმი ფიზიკურად მზად არ არის ასეთი დროსტარებისთვის. სანამ ტელეფონში ვუყურებთ, სახე და კისერი მისთვის არაბუნებრივ მდგომარეობაშია. აქედან მოდის ნაოჭები კისერზე და მოშვებული კანი სახეზე.
რა თქმა უნდა, გაჯეტებს მთლიანად ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ კანს უნდა დავეხმაროთ. როცა ტელეფონის ეკრანს უყურებთ, თავი ქვემოთ არ დახაროთ, არამედ გაჯეტი თვალის დონეზე დაიკავეთ. ასე ხერხემალზე დატვირთვას შეამცირებთ და კანს ტონუსის შენარჩუნებაში დაეხმარებით.
წონის უეცარი კლება
გამოცდილი დიეტოლოგები და ფიტნეს მწვრთნელები ტყუილად არ ამბობენ, რომ თვეში მაქსიმუმ 4 კგ-ის დაკლება შეიძლება. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველ რიგში, წონის სწრაფი კლება ნიშნავს სითხის დაკარგვას და არა ცხიმის. ასევე ცხიმოვანი ფენის სწრაფი შემცირება კანს სწრაფად დაჭიმვის საშუალებას არ აძლევს. ამის გამო უფრო მოშვებული ხდება და ნაოჭები ჩნდება.
ჯანსაღი ცხიმების ნაკლებობა რაციონში
ცხიმებზე უარის თქმა კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომაა, რომელთაც გახდომის მსურველები უშვებენ. დიახ, ცხიმები კალორიულია, ეს ფაქტია. მაგრამ ეს ცხიმები მნიშვნელოვანია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ცხიმოვანი მჟავები ომეგა 3-6-9 სახით პასუხისმგებელია კანის ელასტიკურობაზე, თმის და ფრჩხილების მდგომარეობაზე. თუ ეს მჟავები რაციონში საკმარისად არ არის, კანი ხდება მოშვებული და უფერული, თმა და ფრჩხილები – მტვრევადი.
შაქრის მოხმარება
შაქარი თავისთავად საზიანო არ არის, როგორც ბევრი შეცდომით თვლის. მავნე არის შაქრის გადაჭარბებული მიღება. ტკბილი პროდუქტების გადაჭარბებული მოხმარება ადამიანს აიძულებს მიიღოს მეტი კალორია დღის განმავლობაში. ეს იწვევს ჭარბ წონას, რომელიც აისახება სახეზე და ორმაგ ნიკაპზე.
ცოტამ თუ იცის, რომ არსებობს თეორია, რომლის მიხედვითაც, შაქრის მოლეკულები კოლაგენის და ელასტინის მოლეკულებს თრგუნავენ. მოშვებული კანი ხშირი თანამგზავრია მათთვის, ვისაც ტკბილეული უყვარს.
ჰორმონალური დისბალანსი
ჩვენი კანი სხეულის უდიდეს ორგანოდ ითვლება. და არა უმიზეზოდ, ის ხომ ჩვენს შინაგან პრობლემებს ასახავს. ეს ეხება ჰორმონალურ დისბალანსაც.
ქალის ჰორმონი ესტროგენი პასუხისმგებელია კანის ელასტიკურობაზე. თუ ორგანიზმში არ არის საკმარისი რაოდენობის ესტროგენი, ფიბროპლასტის უჯრედები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კოლაგენის და ჰიალურონის მჟავის გამომუშავებაზე, სრული დატვირთვით ვერ მუშაობენ. აქედან ჩნდება მოშვებული კანი, სიმშრალე, ნაოჭები და ლაქები სახეზე.
გარუჯვა
როცა სპეციალისტები საუბრობენ გარუჯვის საშიშროებაზე, სხვა მიზეზებთან ერთად ასახელებენ კანის დაბერებას. საქმე იმაშია, რომ მზის სხივები ძალიან აშრობს კანს, რის გამოც კანი თხელი ხდება და ელასტიკურობას კარგავს.
მზის სინათლეში შემავალი UVA სხივები იწვევს კანის ფოტოდაბერებას და ასევე ზრდის კანის კიბოს რისკს.
არასწორი თანკბილვა
კბილების პრობლემები ან არასწორი თანკბილვა ორმაგი ნიკაპის გაჩენის მიზეზი შეიძლება გახდეს. სახის ზოგიერთი კუნთის გადაჭარბებული დატვირთვა და სხვების მოდუნება ხელს უწყობს კანზე ნაკეცების, ნაოჭების წარმოქმნას.
როგორ ვებრძოლოთ მოშვებულ კანს?
თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული პუნქტი თქვენზეა, არ იდარდოთ. გეტყვით, როგორ გაუმკლავდეთ უკვე არსებულ პრობლემას.
სწორი კვება
სწორი კვების გარეშე ელასტიკური, ჯანსაღი კანის მიღწევა შეუძლებელია. პირველ რიგში, წყლის ბალანსი დაარეგულირეთ. წყალი ყოველთვის უნდა იყოს თქვენს რაციონში, განსაკუთრებით ვარჯიშის დროს და ცხელ ამინდში. ტენით სავსე უჯრედები კანის ჯანსაღ იერს უფრო დიდხანს ინარჩუნებს.
რაციონში უნდა შედიოდეს სასარგებლო ცხიმები: ცხიმიანი თევზი, ავოკადო, კაკალი, თესლი, მცენარეული ზეთი და სხვა. არ დაგავიწყდეთ ვიტამინები, რომლებიც ხელს უწყობს კანის ტონუსის შენარჩუნებას არასაკმარისად მრავალფეროვანი კვების დროს.
სახის მასაჟი
სახის კანისთვის, როგორც ნებისმიერი სხვა ზონისთვის, მასაჟი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ქსოვილებში სისხლის ნაკადის გაზრდით კანი უფრო მკვრივი და დაჭიმული ხდება. სახის რეგულარული ვარჯიშები დაგეხმარებათ ნაოჭების რაოდენობის შემცირებაში და ორმაგ ნიკაპთან გამკლავებაში.
კანის მოვლის კოსმეტიკა
რა თქმა უნდა, თუ კანზე ღრმა ნაოჭები და ორმაგი ნიკაპია ძალიან შესამჩნევია, კრემები და შრატები სასწაულს ვერ მოახდენს. აი, პრევენციისთვის ადრეული ასაკიდან უნდა გამოიყენოთ. ასე სახის კონტურის ცვლილებების თავიდან აცილებას შეძლებთ.
სახის მოვლის პროდუქტები უნდა შეიცავდეს A და C ვიტამინს, ზეთს ან ჰიალურონის მჟავას. ისინი ხელს უწყობენ კოლაგენის გამომუშავებას, აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და ეხმარებიან უჯრედების აღდგენას.
დეკორატიული კოსმეტიკა
ყველაზე სწრაფი, ამავდროულად ხანმოკლე მეთოდია სწორი მაკიაჟი. კონტურინგის და ფუნჯების ნაკრების დახმარებით კანის ნაკლოვანებები შეგიძლიათ შენიღბოთ. ვიზაჟისტებს შეუძლიათ ფაქტობრივად „დახატონ“ ახალი სახე და სხვა ადამიანად გაქციონ. შედეგი დროებითია, მაგრამ დღესასწაულზე ან ფოტოსესიაზე რომ ბრწყინავდეთ, სავსებით საკმარისია.
ლიპოლიტიკი
თუ გსურთ უფრო ხანგრძლივი და სერიოზული შედეგის მიღწევა, უნდა მიმართოთ სხვადასხვა კოსმეტიკურ პროცედურას. ერთ-ერთი ასეთი პროცედურაა ლიპოლიტიკის ინექციები. ლიპოლიტიკი კოსმეტიკური პრეპარატია, რომელიც კანქვეშ შეჰყავთ. ის ცხიმოვან უჯრედებს შლის და ნარჩენებს ბუნებრივად აშორებს.
გარდა ამისა, სახის ლიპოლიტიკი კანს აგლუვებს და დაჭიმვას ხელს უწყობს. კოსმეტოლოგები ირწმუნებიან, რომ უკვე 2 პროცედურის შემდეგ გარკვეული შედეგი გამოჩნდება. სრული კურსი სპეციალისტთან 4-5 ვიზიტისგან შედგება.
სახის ლიფტინგი
თუ მთავარი პრობლემა მოშვებული კანია, ძაფებით დაჭიმვის პროცედურა დაგეხმარებათ. ეს პროცედურა პლასტიკური ქირურგიის კლინიკაში უნდა ჩატარდეს, თუმცა ამას ზოგიერთი კოსმეტოლოგიც აკეთებს. სპეციალისტი დიდი სიფრთხილით უნდა შეარჩიოთ.
პროცედურის შემდეგ ზოგიერთი შედეგი მაშინვე ჩანს. საბოლოო შედეგი 10-14 დღის შემდეგ გამოჩნდება, შეშუპების შემცირების შემდეგ.
ამ მარტივი ნაბიჯებით სახის ახალგაზრდობის დიდხანს შენარჩუნებას შეძლებთ. გახსოვდეთ, რომ ყველა ცვლილების საფუძველი რეგულარულობაა.