ვის არ სმენია ცნობილი ლიქიორის შესახებ, სახელად „ლიმონჩელო“? ძლიერი სასმელი ციტრუსის არომატის გამო დიდად ფასობს. ცოტამ თუ იცის, რომ ამ ალკოჰოლურ სასმელს აქვს სხვა ვარიანტიც – „ორანჩელო“. ეს ხელნაკეთი ლიქიორი მზადდება ფორთოხლით და აქვს ღია ყვითელი შეფერილობა. ზუსტად ისაა, რაც წვეულებაზე კოქტეილებისთვის გვჭირდება. ამასთან, შინ მომზადებული „ორანჩელო“ გაცილებით იაფი ჯდება.
როგორ მოვამზადოთ ხელნაკეთი ფორთოხლის ლიქიორი
„პაპარაცი“ გიზიარებთ საინტერესო რეცეპტს, როგორ მოამზადოთ ხელნაკეთი ლიქიორი მხოლოდ სამი ინგრედიენტით. შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ. შინ მომზადებული „ორანჩელო“ მაღაზიაში ნაყიდისგან არაფრით განსხვავდება. მაშ, რა საჭიროა ზედმეტის გადახდა?
ინგრედიენტები:
- 500 გ შაქარი
- 0,7 ლ არაყი
- 5 ფორთოხალი
მომზადების წესი:
1. ფორთოხალი კარგად გარეცხეთ და ცედრა მოაჭერით. ფრთხილად იმოქმედეთ, რომ კანთან ერთად თეთრი ფენაც არ მიაყოლოთ. ლიქიორს მწარე გემო შეუძლია ჰქონდეს, თუ ის ბევრი იქნება. გამოიყენეთ სპეციალური ბოსტნეულის სათლელი, რომელიც მოაშორებს ცედრას თხელ ზოლებად. ფორთოხლის ცედრა დიდ ქილაში მოათავსეთ და არაყი დაასხით. ლიქიორის ბაზა მაცივარში შეინახეთ. ცედრა არაყში 5 დღე გააჩერეთ.
2. თუ ფიქრობთ, რომ ფორთოხლის რბილობი, რომელიც კანის მოშორების შემდეგ დარჩა, შეგიძლიათ მიირთვათ, ცდებით. მოგვიანებით დაგჭირდებათ, ამიტომ პარკში მოათავსეთ და მაცივარში შეინახეთ.
3. ვადის გასვლის შემდეგ მომავალი „ორანჩელო“ მარლაში ან საწურში გადაწურეთ. მხოლოდ სითხე გჭირდებათ. შესაბამისად, ცედრა, რომელმაც არაყს გადასცა თავისი არომატი და გემო, შეგიძლიათ გადაყაროთ.
4. ფორთოხლის რბილობიდან წვენი გაწურეთ. მითითებული რაოდენობით მიიღება დაახლოებით 500 მლ ახალი წვენი. რა თქმა უნდა, ეს ფორთოხლის ზომაზე და წვნიანობაზე დამოკიდებულია. თუ საჭირო რაოდენობა ვერ მიიღეთ, წყალში გააზავეთ. ქვაბში გადაიტანეთ და შაქარი დაუმატეთ. ძლიერ ცეცხლზე ხარშეთ, მუდმივად ურიეთ. როცა შაქარი ბოლომდე გაიხსნება, ქვაბი ქურიდან გადადგით.
5. ასე ტკბილ სიროფს მიიღებთ. მის სრულად გაცივებას დაელოდეთ, შემდეგ ციტრუსის ნაყენს დაუმატეთ. ხელნაკეთი ლიქიორი შესაფერის თავსახურიან ბოთლში გადაასხით. ალკოჰოლური სასმელი დასაყენებლად მაცივარში შეინახეთ, დაახლოებით 2-3 დღე. მზადაა! ამის შემდეგ თამამად შეგიძლიათ შესთავაზოთ სტუმრებს ხელნაკეთი „ორანჩელო“. აუცილებლად ჩაცივებული მიირთვით.
ხელნაკეთი ფორთოხლის ლიქიორი ყველას მოეწონება. ეგზოტიკური სასმელი არა მხოლოდ კაშკაშა ფერით, არამედ ნაჯერი ციტრუსის არომატით და სუნით შთაბეჭდილებას ახდენს. სტუმრები არც დაიჯერებენ, რომ ასეთი საოცრება საკუთარი ხელით მოამზადეთ. ხელნაკეთი „ორანჩელო“ ძვირადღირებულ ალკოჰოლს არაფრით ჩამოუვარდება.