ვაშლის დესერტები ბევრს ახსენებს უდარდელ ბავშვობას. იმ დროს არ არსებობდა სპეციალიზებული მაღაზიები და მრავალფეროვანი პროდუქტი, რომლითაც სახლში მოამზადებდნენ ისეთ ტკბილეულებს, როგორსაც ახლა აკეთებენ. არაჟნის ცომზე მომზადებული ვაშლის ნამცხვარი დიასახლისების მხსნელი იყო. უნივერსალური რეცეპტი, რომლითაც დესერტი უმოკლეს დროში მარტივად მზადდება.
როგორ მოვამზადოთ ვაშლის ნამცხვარი არაჟნით?
დედაჩემი მრავალი წელია ცომეულს ამზადებს და ყიდის. საოცარი ტორტები გამოსდის. მეგობრები და ნაცნობები ხშირად უკვეთავენ დესერტებს სხვადასხვა საოჯახო დღესასწაულებზე. თავიდან ამის გაკეთება ყოველგვარი განზრახვის გარეშე დაიწყო. კარგად მახსოვს, რით დაიწყო მისი გატაცება, რომელიც შემდეგ მცირე ბიზნესში გადაიზარდა. ეს იყო უბრალო ვაშლის ნამცხვარი არაჟნის ცომით. დესერტი წარმოუდგენლად სწრაფად მოამზადა, მაგრამ საოცარი გემო ჰქონდა. ოჯახის წევრები ამ ნამცხვარს კიდევ დიდხანს აქებდნენ. დედას მისი მომზადება რამდენჯერმე პირადად ვთხოვე, მაგრამ ვინაიდან, ახლა ძირითადად შეკვეთებზე მუშაობს, დრო არ აქვს, რომ ოჯახს ამ საოცარი დესერტით გაუმასპინძლდეს. იძულებული გავხდი, მისი მომზადება მესწავლა. ძალიან მარტივი მოსამზადებელი აღმოჩნდა. დამწყებიც კი გაუმკლავდება, ანუ თქვენც ნამდვილად გამოგივათ. რეცეპტი ჩაიწერეთ.
ინგრედიენტები:
- 4 ვაშლი
- 150 გ შაქარი
- 100 გ კარაქი
- 15 გ ვანილი
- 1 ჭიქა ხორბლის ფქვილი
- 5 კვერცხი
- 60 გ არაჟანი
- 10 გ გამაფხვიერებელი
- მწიკვი მარილი
- დარიჩინი გემოვნებით
- შაქრის ფხვნილი გემოვნებით
მომზადების წესი:
1. ცომის მომზადებით დაიწყეთ. ღრმა თასში კვერცხი და შაქარი სათქვეფით აურიეთ. გამდნარი კარაქი და მწიკვი მარილი დაუმატეთ და ცომს კარგად აურიეთ. ერთგვაროვანი მასა უნდა გამოვიდეს.
2. ამ ნარევში ჩაამატეთ არაჟანი და ვანილი. ისევ აურიეთ. ფქვილი და გამაფხვიერებელი ცალკე თასში აურიეთ და გაცერით. ფქვილი თხევად მასას დაუმატეთ. კოვზით ან სათქვეფით აურიეთ.
3. ვაშლი მოამზადეთ. სანამ ცომს დაუმატებთ, კარგად გარეცხეთ და შუაგული ამოაჭერით. ვაშლი დაჭერით პატარა კუბებად ან ისე, როგორც მოგწონთ. ვაშლი მზა ცომს დაუმატეთ და აურიეთ, რომ თანაბრად გადანაწილდეს.
4. საცხობ ფორმაში პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ, შემდეგ ცომი ჩაასხით. სპატულით ცომი თანაბრად გაანაწილეთ. ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ და ვაშლის ნამცხვარი ამ ტემპერატურაზე 20 წუთი აცხვეთ. ეს სავარაუდო დროა. მზაობის დონე კბილის ჩხირით შეამოწმეთ, რადგან ეს საცხობი ფორმის ზომაზე შეიძლება იყოს დამოკიდებული.
5. მზა ნამცხვარს დარიჩინის და შაქრის ფხვნილის ნარევი მოაყარეთ. ასე პიკანტურ გემოს და სიტკბოს შემატებთ. მზადაა! წარმოუდგენელი დესერტი სუფრაზე შეგიძლიათ გაიტანოთ.
უდავოდ, ამ მარტივ რეცეპტს ნებისმიერი გაუმკლავდება. არაჟნით ვაშლის ნამცხვრის მომზადება აუცილებლად სცადეთ. ვაშლის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა ხილი ან კენკრა, ამიტომ ითვლება უნივერსალურ რეცეპტად. რეცეპტი ერთხელ ისწავლეთ და აღარ მოგიწევთ ფიქრი, რა მოამზადოთ დესერტად, როცა მოულოდნელად სტუმრები გეწვევიან.