ოთახის ორქიდეა ხშირად განიცდის საკვები ნივთიერებების ნაკლებობას, რომელსაც უბრალოდ ვერ იღებს ქოთანში არსებული ნიადაგიდან. ეს ყვავილი საკმარისი ენერგიის გარეშე ხმება, ზრდას და ყვავილობას წყვეტს, შესაძლოა მოკვდეს კიდეც. ამის თავიდან ასაცილებლად ორქიდეა დროულად უნდა გამოკვებოთ. ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ვიტამინების კოქტეილი, რომელიც სწრაფად აღადგენს დასუსტებულ მცენარეს, დაუბრუნებს სიჯანსაღეს და დააჩქარებს ზრდას.
რისგან ამზადებენ ვიტამინების კოქტეილს?
ვიტამინი B1
ეს ვიტამინი სახლში ჯანსაღი, აყვავებული ორქიდეის გაზრდის შანსს საგრძნობლად ზრდის. თიამინი, როგორც ვიტამინ B1-ს უწოდებენ, ხელს უწყობს ფესვთა სისტემის განვითარებას, რომლის გავლით ორქიდეა სუნთქავს. ასეთი ძლიერი კვებით მცენარის ზრდა დაჩქარდება, ყვავილობა ადრე დადგება და დიდხანს გაგრძელდება. ვიტამინი B1 ყვავილის წვენის ცირკულაციას აუმჯობესებს.
ვიტამინი B3
ამ ვიტამინის მეორე სახელია ნიკოტინის მჟავა. მას ხშირად ამატებენ სხვადასხვა ნაყიდ საშუალებას. ეს ელემენტი გამოიყენება ორქიდეის სხვა ქოთანში გადარგვის დროს. ამ პროცედურის შემდეგ მცენარის სწრაფად აღდგენას ხელს უწყობს. უფრო მეტიც, ვიტამინი B3 ახალი ყლორტების წარმოქმნას ხელს უწყობს და ყვავილობას აჩქარებს.
ვიტამინი B6
ეს ვიტამინი გამოიყენება იმ მწერებისგან და სხვადასხვა სახის სოკოსგან დასაცავად, რომელთაც ყვავილის დაინფიცირება შეუძლიათ. ვიტამინი B6 ხელს უწყობს მცენარის იმუნიტეტის გაძლიერებას. დაავადებების მიმართ ორქიდეის გამძლეობას ზრდის. ვიტამინი B6 უბრალოდ აუცილებელია, თუ მანამდე იყენებდით ქიმიურ საშუალებებს მავნებლების წინააღმდეგ. ასე მცენარის გაცოცხლებას და გაჯანსაღებას შეძლებთ.
ვიტამინი B12
პირველ რიგში, ეს ვიტამინი სასარგებლო გავლენას ახდენს მცენარის ფოთლებში ქლოროფილის გამომუშავებაზე. ამის ხარჯზე ორქიდეა სწრაფად ზრდას იწყებს, ახალი ფოთლები და ყლორტები ჩნდება. საკვები ელემენტების გაზრდილი რაოდენობა ყვავილის ყუნწის განვითარებას და ყვავილების გაშლას ხელს უწყობს.
ვიტამინი C
ასკორბინის მჟავა, იგივე ვიტამინი C, სასარგებლოა არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ ოთახის მცენარეებისთვის. ეს ვიტამინი იცავს ორქიდეის უჯრედებს ულტრაიისფერი გამოსხივების უარყოფითი გავლენისგან. მისი გამოყენება განსაკუთრებით აქტუალურია ზაფხულის ცხელ დღეებში. ეს ელემენტი ზრდის ყვავილის გამძლეობას დაავადებების და მავნებლების მიმართ. როგორც ადამიანის ორგანიზმის შემთხვევაში, ვიტამინი C იმუნიტეტს აძლიერებს.
როგორ მოვამზადოთ ვიტამინების კოქტეილი ორქიდეისთვის
მითითებული ვიტამინები შეგიძლიათ შეურიოთ თქვენი ორქიდეის მოთხოვნების შესაბამისად. არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული ზომები. ვიტამინების კოქტეილი ნებისმიერ შემთხვევაში დადებითად იმოქმედებს ყვავილზე. მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ქვემოთ მოცემული რეცეპტი, თუ ორქიდეას სასწრაფო რეანიმაცია სჭირდება:
- ვიტამინების B1, B6, B12 თითო ამპულა ერთ სპრეის ბოთლში შეურიეთ.
- დაუმატეთ 4 აბი ქარვის მჟავა.
- კვირაში ერთხელ ვიტამინების კოქტეილის მცირე რაოდენობა ორქიდეის ფოთლებს შეასხურეთ.
აი, ნახავთ, როგორ დადებითად იმოქმედებს ვიტამინების კოქტეილი ორქიდეაზე. ყველა ინგრედიენტი შეგიძლიათ იპოვოთ აფთიაქში, თან თეთრები ღირს. მსგავსი საშუალებით ყვავილის მდგომარეობას გააუმჯობესებთ, ზრდას დააჩქარებთ და სხვადასხვა დაავადებისგან დაიცავთ. ნამდვილად სასარგებლო ხრიკია ოთახის ყვავილების მოყვარულთათვის. აუცილებლად სცადეთ!