ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უცდია წონის დაკლება, იცის, რომ სწორი კვება – შედეგის 80%-ია. და იმისათვის, რომ დიეტამ ზიანი არ მიაყენოს ჯანმრთელობას, ის აუცილებლად უნდა შეიცავდეს საუზმეს, სადილს, ვახშამს და წახემსებას. საუზმე დღის მთავარ კვებად ითვლება. საუზმის ერთ-ერთი პოპულარული კერძია კვერცხისა და შვრიის ბლინი. და ეს გასაკვირი არ არის, რადგან სწორად მომზადებული შვრიის ბლინი არა მხოლოდ ჯანსაღი, არამედ გემრიელიცაა.
ეს ბლინი წონის დაკლებისას აღმოვაჩინე, თუმცა შედეგის მიღწევის შემდეგაც კი, ის კვლავ არის ჩემს მენიუში. ცდებისა და შეცდომების გზით, შევკრიბე ამ კერძის სხვადასხვა ვერსიები. მათგან ყველაზე საყვარელ ვერსიებს პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ. წაიკითხეთ და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი საუზმე.
სწორი შვრიის ბლინი – ჯანსაღი საუზმის ვარიანტი
ვინაიდან წონის დაკლების დროს დიეტა უნდა იყოს დაბალანსებული, კვების საფუძველს უნდა შეადგენდეს ჯანსაღი და ნოყიერი საკვები. ამიტომ შვრიის ბლინი ერთ-ერთ საყვარელ საუზმედ ითვლება.
შვრიის ბლინი მზადდება შვრიის ფანტელის ან შვრიის ფქვილისგან. ეს მარცვლეული ძალიან სასარგებლოა.
შვრიის ფანტელის სარგებელი
- 1. კარგად ანაყრებს.
- 2. უზრუნველყოფს ენერგიას, რომელიც აუცილებელია დღის პროდუქტიული დასაწყისისთვის.
- 3. აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას.
- 4. აჯერებს ორგანიზმს ვიტამინებითა და უჯრედისით.
- 5. აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.
შვრიის ბლინს ტრადიციულად უმატებენ რძეს და კვერცხს, მაგრამ არსებობს შემადგენლობის სხვადასხვა ვარიაციები. შვრიის ბლინების შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხორცი, თევზი, ყველი, ხაჭო, ბოსტნეული, ხილი და სხვა საყვარელი პროდუქტები.
შვრიის ბლინების რეცეპტები ყველა გემოვნებისთვის
კლასიკური ვერსია
აიღეთ 4 ს.კ. შვრიის ფანტელი, 3 ს.კ. რძე და 1 ქათმის კვერცხი. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და დაამატეთ მარილი ან დამატკბობელი.
გააცხელეთ მიწვის საწინააღმდეგო ზედაპირის მქონე ტაფა. შვრიის ბლინები შეგიძლიათ ჩვეულებრივ ტაფაზეც შეწვათ, მაგრამ მცენარეული ზეთის წასმა მოგიწევთ. ჩაასხით ცომი ტაფაში და შეწვით შვრიის ბლინი ორივე მხრიდან.
შიგთავსი შეგიძლიათ თქვენი შეხედულებისამებრ მოიფიქროთ. მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შიგთავსი კალორიებს შემატებს კერძს, ამიტომ აირჩიეთ მსუბუქი ვარიანტები.
შვრიის ბლინი კეფირით
აიღეთ 5 ს.კ. შვრიის ფანტელი, დაამატეთ 30 მლ კეფირი და 1 კვერცხი. იმისათვის, რომ სწორი შვრიის ბლინი უფრო ფუმფულა გამოვიდეს, ცომს დაუმატეთ ცოტაოდენი გამაფხვიერებელი. მომავალი შიგთავსის მიხედვით, დაამატეთ მარილი ან დამატკბობელი. კარგად შეურიეთ, ჩაასხით ტაფაში და შეწვით ბლინი ორივე მხრიდან.
შეავსეთ შვრიის ბლინი ხაჭოთი და კენკრით. თუ მარილიანი საუზმე გირჩევნიათ, კენკრა ჩაანაცვლეთ კამით და შიგთავსს ცოტა მარილი დაუმატეთ.
შვრიის ბლინი ტომატის წვენით
აიღეთ 3 ს.კ. შვრიის ფანტელი და დაასხით 30 მლ ტომატის წვენი. დააყოვნეთ 10 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ დაუმატეთ კვერცხი, წვრილად დაჭრილი კამა და ცოტა მარილი. აურიეთ და შეწვით ჩვეულებისამებრ.
შიგთავსად გამოიყენეთ უცხიმო ყველი, მოხარშული ქათმის მკერდი ან თინუსი.
შვრიის ბლინი შოკოლადით
ბლენდერის მეშვეობით 5 ს/კ შვრიის ფანტელი ფხვიერ მასად აქციეთ. დაუმატეთ 2 ს/კ. რძე, კვერცხი და 1 ს.კ. (არასავსე) კაკაოს ფხვნილი. გამოაცხვეთ შვრიის ბლინები ტაფაზე, ზეთის გარეშე.
ეს შვრიის ბლინი შესაფერისია ტკბილი საუზმის მოყვარულთათვის. მისი შევსება შესაძლებელია ხაჭოთი და თაფლით, ბანანით, ალუბლით ან შავი შოკოლადით და თხილით.
შვრიის ბლინი ბანანით
აიღეთ მწიფე ბანანი, დაჭყლიტეთ ჩანგლით და დაუმატეთ 5 ს.კ. შვრიის ფანტელი. დაუმატეთ 150 გ კეფირი და კარგად მოურიეთ.
ასეთი ბლინი შეგიძლიათ მიირთვათ ბანანით და თხილით, კენკრით, ხილით და ხაჭოთი.
შვრიის ბლინი ხაჭოთი
შვრიის ბლინის ამ ვერსიას ხორბლის ქატოს ვამატებ. აიღეთ 20 გ ქატო და 3 ს.კ. შვრიის ფანტელი, დაამატეთ 20 გ ხაჭო, კვერცხი, 30 მლ წყალი და მწიკვი მარილი. ასევე, შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი საყვარელი სანელებლები.
ამ შვრიის ბლინისთვის შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველი, სოკო, ბოსტნეული ან სუსტად დამარილებული თევზი.
შვრიის ბლინი ვაშლით
ათქვიფეთ კვერცხი და 100 მლ რძე, დაუმატეთ 3 ს.კ. შვრიის ფანტელი. ცომი ოდნავ გაატკბილეთ და გამოაცხვეთ ბლინი.
ვაშლი გათალეთ და მოთუშეთ ტაფაში, დაუმატეთ ცოტაოდენი კარაქი. მოაყარეთ დარიჩინი და ბლინის შიგთავსად გამოიყენეთ. შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა თაფლი.
შვრიის ბლინი კვერცხის გარეშე
3 ს.კ. შვრიის ფანტელი ფქვილად აქციეთ და დაასხით 80 მლ რძე. ცომს მოაყარეთ მწიკვი მარილი და გააჩერეთ 5 წუთის განმავლობაში, რომ აფუვდეს. შეწვით ბლინი ორივე მხრიდან, ოქროსფერი ქერქის მიღებამდე.
შიგთავსი შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი გემოვნებით: დამარილებული თევზი, ბოსტნეული, მოხარშული ღორის ხორცი, ყველი, ხილი ან კენკრა.