კორეული კოსმეტიკა ჩვენი მაღაზიების თაროებზე სულ რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა, თუმცა უკვე მოახერხა ადგილის მოპოვება ბევრი ლამაზმანის კოსმეტიკის ჩანთაში. გასაკვირი არ არის, რადგან თავის მოვლის ზოგიერთ საშუალებაზე ადრე არც ვიცოდით. ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა კორეული ალოეს გელი, რომელიც ნამდვილი აღმოჩენა გახდა ბევრი ქალისთვის.
ალოეს გელი გავიცანი მეგობრის წყალობით, რომელმაც ეს საშუალება ერთ-ერთ დღესასწაულზე მაჩუქა. უკვე გარკვეული პერიოდი ამ გელის ფანი იყო და დამარწმუნა ჩამერთო მოვლის რუტინაში. აღმოჩნდა, რომ გელს გამოყენების ბევრი ვარიანტი აქვს. გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ ალოეს გელი.
კორეული ალოეს გელი – უნივერსალური აღმდგენი საშუალება
ალოე გელის მთავარი ფუნქციაა კანის დატენიანება და დამშვიდება, მაგრამ მისი გამოყენება სხვადასხვა გზით შესაძლებელია. იმის წყალობით, რომ მის შემადგენლობაში არის ბევრი ვიტამინი და მინერალი, სადეზინფექციო და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.
კორეული გელი მინიმუმ 92% ალოეს წვენს შეიცავს. სხვადასხვა ბრენდი თავის პროდუქტში ამატებს კიტრის წვენს, ცენტელას ექსტრაქტს, ბამბუკის ექსტრაქტს, აბუსალათინის ზეთს და სხვა დამატებით ინგრედიენტს. ეს დანამატები გელის დადებით ეფექტს მხოლოდ აძლიერებენ.
კანის დამატენიანებელი
ალოეს გელი არის ექსტრა დამატენიანებელი საშუალება, რომელიც ყველაზე გაუწყლოებულ კანსაც აღდგენაში ეხმარება. გელი კარგად შეიწოვება და არ ტოვებს წებოვნებას ან სიპრიალეს. გელი სახეზე და ტანზე წაისვით შხაპის შემდეგ. შედეგად, მიიღებთ ხავერდოვან კანს სიმშრალის გარეშე.
სახის დამატენიანებელი ნიღაბი
ინტენსიური დატენიანებისთვის ალოეს გელი სახის ნიღბად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამისთვის გელი სქელ ფენად წაისვით და 30 წუთი გაიჩერეთ. ასევე, ასეთი ნიღაბი მთელი ღამე შეგიძლიათ გაიჩეროთ. მთავარია, ბალიშზე პირსახოცი დააფაროთ, რომ არ დალაქავდეს. ალოე გელის ნიღაბი შესაფერისია ნებისმიერი ტიპის კანისთვის, რომელსაც სჭირდება დამატებითი დატენიანება, თუნდაც ცხიმიან და მგრძნობიარე კანს.
თმის დამატენიანებელი ნიღაბი
მშრალი და დაზიანებული თმის მფლობელებმა იციან, რამდენად რთულია სწორი მოვლის შერჩევა. ამ შემთხვევაში კორეული ალოეს გელი დაგეხმარებათ. ნიღბად გამოიყენეთ. ალოეს გელი თმის ძირებში და სიგრძეზე წაისვით, ნახევარი საათი გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ. თმა უფრო ხავერდოვანი და გამოკვებილი გახდება. თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, გელი თმის ძირებში არ წაისვათ.
ალოეს გელი შეგიძლიათ შეურიოთ ქოქოსის ზეთს თანაბარი პროპორციით და თმაზე წაისვათ 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ. თმა უფრო ცოცხალი გახდება, სიმშრალე და სისუსტე შემცირდება.
თმის საშუალება ჩამობანის გარეშე
ალოეს გელი თმაზე შეგიძლიათ წაისვათ და არ ჩამოიბანოთ. 1 ჩ/კ გელი აიღეთ და ხელისგულებით გადაინაწილეთ სუფთა, სველ თმაზე. შემდეგ ფართო კბილებიანი სავარცხლით ჩამოივარცხნეთ. გაშრობის შემდეგ თმა გლუვი და ბზინვარე გახდება. რაც მთავარია, ადვილად დაივარცხნით.
ხელის და კუტიკულას კრემი
ძალიან გამომშრალი ხელის კანისთვის ალოეს გელი საკმარისი არ იქნება, მაგრამ სახლის დასუფთავების ან მომზადების შემდეგ ზომიერად გამომშრალ კანს დაეხმარება. გელი კარგად შეიწოვება და კვალს არ ტოვებს, ამიტომ ქსოვილთან ან ქაღალდთან მუშაობისას მარტივად შეგიძლიათ გამოიყენოთ.
თუ გაწუხებთ კუტიკულას სიმშრალე, აქაც გელი გამოგადგებათ. ფრჩხილების ირგვლივ წაისვით კვირაში რამდენჯერმე და ეფექტს დაინახავთ. კუტიკულა გახდება უფრო მოვლილი, მანიკიურებს შორის დრო გაიზრდება.
სახის ემულსია
კორეელი ქალების სახის კანის მოვლის ერთ-ერთი საიდუმლოა მრავალსაფეხურიანი რუტინა. ეს გულისხმობს რამდენიმე სხვადასხვა საშუალების თანმიმდევრობით წასმას. სულ კანის მოვლის 10 საფეხურიანი რუტინა არსებობს.
მათი თქმით, ტონერის და შრატის შემდეგ კანზე უნდა წავისვათ დამატენიანებელი ემულსია. ის ადვილად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ალოეს გელით. გელის შემდეგ წაისვით კრემი დატენიანების შესანარჩუნებლად.
თვალის პაჩები
ჩვეულებრივ, თვალების ქვეშ კანის გასაახლებლად და გასაღიავებლად ჰიდროგელის პაჩებს იყენებენ. თუ ხელთ არ გაქვთ, ალოეს გელი დაგეხმარებათ. ბამბის დისკი ორ ნაწილად გაჭერით. თითოეული ნაწილი გელით გაჟღინთეთ და თვალების ქვეშ დაიდეთ 20 წუთის განმავლობაში. შეშუპებას რომ გაუმკლავდეთ, პაჩები რამდენიმე წუთით მაცივარში შედგით გამოყენებამდე. ასე გაცივდება და თავის ამოცანას უკეთ გაუმკლავდება.
დამწვრობის საწინააღმდეგოდ
კორეულ ალოეს გელს ხშირად იყენებენ დამწვრობის საწინააღმდეგოდ. გელი კარგად ამშვიდებს და აღადგენს კანს, სასიამოვნოდ აგრილებს. უფრო მეტიც, საშუალება შესაფერისია როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე მზის დამწვრობის დროს. მისი გამოყენება ძალიან მარტივია. გელი კანზე სქელ ფენად წაისვით, არ შეიზილოთ. გელი თავისი ტექსტურის წყალობით დამწვარ ადგილზე დარჩება, მას დაამშვიდებს და სიწითლეს გააქრობს.
ნაკბენის საწინააღმდეგო საშუალება
თუ თქვენთვის მწერების ნაკბენის პრობლემა აქტუალურია, ალოეს გელი აქაც დაგეხმარებათ. კბენის შემდეგ ქავილს და შეშუპებას ამცირებს. ეს თვისება განსაკუთრებით სასარგებლოა ზაფხულის სეზონზე, როდესაც განსაკუთრებით აქტიურდებიან კოღოები და სხვა მფრინავი მწერები.
საშუალება ეპილაციის და გაპარსვის შემდეგ
სხეულზე თმის ნებისმიერი მოცილება კანისთვის ძლიერი სტრესია, რაზეც რეაგირებს გაღიზიანებით და სიწითლით. ალოეს გელი ამასაც გაუმკლავდება. მისი გამაგრილებელი ეფექტი კანს კომფორტულ მდგომარეობას დაუბრუნებს, გელის კომპონენტები კანს აღდგენაში დაეხმარება.
აღმდგენი საშუალება დახეთქილი კანისთვის
შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დახეთქილი კანის პრობლემა უმეტესობა ჩვენგანისთვის ძალიან აქტუალური ხდება. გამოიყენეთ ალოეს გელი, რომ ხელებს, ტუჩებს და სახეს ჯანსაღი იერი დაუბრუნოთ. დაზიანებულ ადგილებში წაისვით და დრო მიეცით შესაწოვებად. მოქმედება გაიმეორეთ, სანამ ეპიდერმისი მთლიანად არ აღდგება.
მაკიაჟის პრაიმერი
როგორც ცნობილია, მაკიაჟმა დიდხანს რომ გაძლოს, მანამდე ბაზა უნდა წაისვათ. რა თქმა უნდა, სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი პრაიმერების გამოყენება უკეთესია, მაგრამ თუ არ გაქვთ, ალოეს გელი შესანიშნავად ჩაანაცვლებს. გელის დამატენიანებელი თვისება კანს გამოშრობისგან დაიცავს. გარდა ამისა, გელი კარგად ათანაბრებს კანს, ამიტომ კოსმეტიკა ადვილად ისმება და დიდხანს ძლებს.
გელი წარბებისთვის
ახლა მოდაშია ზემოთ ავარცხნილი სქელი წარბები, ამიტომ მოდის მიმდევრები მათ დასავარცხნად წარბების გელს იყენებენ. თუ ასეთი ხელთ არ გაქვთ, ხოლო ტრენდული წარბები მოსვენებას არ გაძლევთ, ალოეს გელით ჩაანაცვლეთ.
ჯერ წარბები მშრალი ჯაგრისით დაივარცხნეთ. ძველი ტუშის ჯაგრისიც გამოგადგებათ, წინასწარ გარეცხეთ. ცოტა გელი ხელისგულზე გადმოიტანეთ და ჯაგრისი მსუბუქად ჩააწერეთ. წარბები ისევ დაივარცხნეთ და გელის გაშრობას დაელოდეთ. აი, ტრენდული წარბები მზადაა.
ახლა კორეული ალოეს გელი ოჯახში ყოველთვის გვაქვს. მოგზაურობისას ყოველთვის მიგვაქვს, რადგან ნამდვილი მხსნელია ჩვენთვის. თქვენც გამოცადეთ ეს ჯადოსნური საშუალება!