
თუ დავუჯერებთ იმას, რომ თვალები სულის სარკეა, მაშინ წარბები მათი ჩარჩოა. მართლაც, ყველაზე დახვეწილი და კარგი მაკიაჟიც კი შეიძლება გააფუჭოს მოუწესრიგებელმა წარბებმა. წარბების დამოუკიდებლად გაფორმება შეიძლება ძალიან რთული იყოს. ყველაზე ხშირად, ქალები, რომლებიც გადაწყვეტენ წარბების შეღებვას, სირთულეებს აწყდებიან. როგორ შევიღებოთ წარბები სახლში ისე, რომ სასაცილოდ არ გამოვიყურებოდეთ? ამის შესახებ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით.
50 წელს გადაცილებული ქალები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ წარბების შეღებვისას. ჩვენი სტატია მოგითხრობთ წარბების გაფორმების სირთულეებზე, რაც აქტუალურია ყველა ასაკისთვის.
როგორ შევიღებოთ წარბები სახლის პირობებში ისე, რომ სასაცილოდ არ გამოვიყურებოდეთ
არსებობს წარბების შეღებვის პრინციპები, რომლებსაც წარბის ოსტატები ეყრდნობიან თავიანთი სამუშაოს შესრულებისას. თქვენც უნდა იცოდეთ მათ შესახებ, თუ დამოუკიდებლად აპირებთ წარბების გაფორმებას.
ესკიზის აწყობა
წარბების შეღებვა უნდა დაიწყოთ წარბის ესკიზის დახატვით. მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ კარგი თვალზომა გაქვთ, არ დაიზაროთ წინასწარი მონიშვნების გაკეთება. გახსოვდეთ, რომ წარბის სიმეტრია და სწორი განლაგება დამოკიდებულია თქვენ მიერ შექმნილ ნახატზე.
გარდა ამისა, წინასწარი ესკიზი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ზედმეტი წარბების ამოღება. და რადგან ამ ტიპის წარბები დიდი ხანია მოდაში არ არის, მნიშვნელოვანია არ ამოიღოთ ზედმეტი თმა.
უნდა გამოყოთ წარბის თავი, სხეული და კუდი. თმები თავიდანვე ძალიან ფრთხილად ამოიღეთ, თუ ზედმეტად ბევრს ამოიღებთ, წარბის დასაწყისი ცოტა უფრო შორს გადავა. ამრიგად, წარბები უფრო მოკლე გახდება, ხოლო ცხვირის ხიდი უფრო დიდი და მასიური.
თუ წარბები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის განლაგებული, მაშინ გამოხედვა პირქუში და სერიოზული იქნება. ამის თავიდან ასაცილებლად, ფანქრით გამოკვეთეთ წარბის დასაწყისი. მოათავსეთ ფანქარი ცხვირის გვერდზე ისე, რომ თქვენი თვალის შიდა კიდეზე გაიაროს. აღმართეთ ეს პერპენდიკულარი ზემოთ, მონიშნეთ წარბის თავის მდებარეობა.
წარბის კუდი ასევე მოითხოვს სათანადო განლაგებას. ასაკთან ერთად, წარბის კუდი ქვევით ჩადის. ეს ხდება იმის გამო, რომ კანი კარგავს ტენიანობას და ხდება ნაკლებად ელასტიური.
წარბების ჩამოშვებული კუდი სახეს მოწყენილს ხდის და ეს ჩვენ საერთოდ არ გვჭირდება. ამის თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ ოდნავ დაამოკლოთ კუდი. თუ კუდი უკვე ძალიან მოკლეა, შეგიძლიათ ოდნავ ჩამოწიოთ წარბის თავი. შედეგად, წარბის კუდი ვიზუალურად მაღლა აიწევს.
უმჯობესია შექმნათ ესკიზი ფოტოზე მოცემული სქემის მიხედვით. მოცემულ წერტილებზე უნდა გაავლოთ სამი სწორი ხაზი. ნიშნები უნდა გაკეთდეს იქ, სადაც ხაზი კვეთს წარბს.
პირველმა ხაზმა უნდა გაიაროს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცხვირის ფრთასა და თვალის შიდა კუთხეში. წარბი ამ წერტილიდან დაიწყება.
მეორე ხაზი ივლება გუგის გარე მხრიდან. იმ წერტილში, სადაც ხაზი სცილდება წარბს, განთავსდება უმაღლესი წერტილი – შეტეხვის ადგილი.
მესამე ხაზი იწყება ცხვირის ფრთიდან და გადის თვალის გარე კუთხეზე. კუდის ბოლო იქნება წარბთან გადაკვეთის წერილი.
ფერის ბალანსი
წარბების შეღებვის პირველი წესი – დაივიწყეთ შავი საღებავი. დიახ, ადრე ითვლებოდა, რომ წარბები შავი უნდა ყოფილიყო. მაგრამ მას შემდეგ გაყიდვაში გამოჩნდა უფრო ბუნებრივი ფერების საღებავები. გახსოვდეთ, რომ შავი წარბები მხოლოდ შავგვრემნებს უხდებათ, ყველა დანარჩენებს ის დამატებით ასაკს მატებს.
შავგვრემანი ქალების წარბები, ისევე როგორც ყავისფერთმიანი ქალების, საუკეთესოდ გამოიყურება იმ ფერში, რომელიც შეესაბამება თმის ფერს, მაგრამ უნდა იყოს ორი ტონით ღია. ქერათმიანი ქალბატონებისთვის შესაფერისია წარბები, რომლებიც მათ თმაზე ოდნავ მუქია. მთავარია დაიცვან ტემპერატურა – რუხი-ყავისფერი და გრაფიტის წარბები უხდება ცივ ფერებს, ყავისფერი კი თბილ ფერებს. ქერებმა უნდა აირჩიონ წარბის ფერი ორი ტონით უფრო მუქი, ვიდრე მათი თმის ფერი, ასევე ტემპერატურაზე დაკვირვებით.
წარბების შესაღებად, შეგიძლიათ გამოიყენოთ საღებავის ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი – ხნა ან საღებავი. ვინაიდან ხნას შეუძლია ოდნავ გააშროს კანი, მშრალი კანის მქონეებმა არ უნდა გამოიყენონ. ხნა საუკეთესოდ შეეფერება უხეშ და მკვრივ თმას. ასევე ის ხსნა იქნება ცხიმიანი კანის მქონე ადამიანებისთვის, რომელზედაც საღებავი თითქმის არ ჩერდება.
მშრალი და დაბერებული კანის მქონე ადამიანებისთვის საღებავი საუკეთესო არჩევანი იქნება. ის უფრო სათუთად შეღებავს თქვენს თმას და დამატებით არ გამოაშრობს.
რბილი ხაზები
გახსოვდეთ, რომ წარბებზე არ უნდა ივარჯიშოთ გეომეტრიის ცოდნაში. წარბებზე მკვეთრი კუთხეები ახალგაზრდა გოგონებს მკაცრ იერს მისცემს. 50 წელზე უფროსი ასაკის ქალებს, კუთხოვანი წარბები ასაკს შემატებს.
საღებავის წასმისას ხაზი ოდნავ რომ შერბილდეს, შეგიძლიათ კანი ოდნავ გაჭიმოთ საფეთქლისკენ. არ დაგავიწყდეთ, რომ წარბის თავი არ უნდა იყოს კვადრატული. ამ ეფექტის თავიდან ასაცილებლად, საღებავი წარბების დასაწყისიდან უნდა ჩამოიბანოთ წასმიდან რამდენიმე წუთის შემდეგ.
წარბის კუდი ყველაზე მუქი ნაწილი უნდა იყოს. ამისათვის, ამ ადგილას საღებავი ცოტა უფრო მეტ ხანს გაიჩერეთ. თუმცა, გახსოვდეთ, რომ საღებავს არ უნდა მისცეთ წარბებზე გაშრობის საშუალება. თუ გსურთ მიაღწიოთ კუდის უფრო ინტენსიურ ფერს, უმჯობესია საღებავი ჩამოიბანოთ და ხელახლა წაისვათ.
დაიმახსოვრეთ, რომ სწორად გაფორმებული წარბები თქვენს სახეს მოვლილ იერს შემატებს, ინტენსიური მაკიაჟის არ არსებობის შემთხვევაშიც კი.