ცოტა ხნის წინ მეგობარს შევხვდი მაღაზიაში და მისი საყიდლების სიამ გამაკვირვა. ეტლში სასურსათო პროდუქტებთან ერთად დავინახე რამდენიმე ბოთლი არაყი, თან ყველაზე იაფფასიანი. ვკითხე, ხომ არ ახლოვდებოდა რაიმე დღესასწაული მის ოჯახში, რომლის შესახებაც დამავიწყდა. აღმოჩნდა, რომ მეგობარმა არყის გამოყენების უჩვეულო მეთოდები იპოვა.
ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა გახდა ის, რომ არყის დალევის და ცომში დამატების გარდა, ამ ძლიერ სასმელს გამოყენების ბევრი სხვა ვარიანტი აქვს. გადავწყვიტე რამდენიმე ბოთლი შემეძინა. მისი გამოყენების შედეგმა შოკში ჩამაგდო. დარწმუნებული ვარ, თქვენც გაგაოცებთ!
არყის გამოყენება საოჯახო საქმეებში
არაყი ძლიერი ალკოჰოლური სასმელია. მისი მიღება იწვევს უამრავ დისკუსიას, რომელიც მთავრდება იმით, რომ ის უფრო მავნეა, ვიდრე სასარგებლო. აი, საოჯახო საქმეებში ბევრად მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე მენიუში.
ობს ებრძვის
ობი და სოკო სახლის ნებისმიერ ოთახში შეიძლება გამოჩნდეს, მაგრამ ყველაზე ხშირად გვხვდება სამზარეულოში და სააბაზანოში. არაყი ამ უსიამოვნებას მარტივად გაუმკლავდება. სუფთა წყალი სპრეის ბოთლში ჩაასხით და სოკოთი დაზიანებულ ადგილებს შეასხურეთ. 10 წუთის შემდეგ ზედაპირი წყლით ან სველი ღრუბლით გადაწმინდეთ.
მინას წმენდს
500 მლ წყალში რამდენიმე სუფრის კოვზი არაყი გააზავეთ. სპრეის ბოთლით ეს ხსნარი მინას შეასხურეთ, შემდეგ მშრალი პირსახოცით გაამშრალეთ. ამ ხსნარით შეგიძლიათ გაწმინდოთ არა მხოლოდ ფანჯარა, არამედ სარკე და სათვალის მინაც. სიტყვაზე, ასე დაიცავთ სათვალის მინას დაორთქვლისგან, რაც ცივ სეზონზე განსაკუთრებით გამოსადეგია.
ბროლს წმენდს
ბროლის ჭაღი რომ გაწმინდოთ, სავალდებულო არ არის ჭერიდან მოხსნათ. 500 მლ თბილ წყალში 4 სუფრის კოვზი არაყი გააზავეთ და ნარევი გამორთულ ჭაღს შეასხურეთ. წინასწარ იატაკზე პირსახოცი ან პარკი დააფინეთ. ამ საშუალებით ჭაღს ძველ ჭუჭყსაც მოაშორებთ.
სანტექნიკას ლაქებს აშორებს
დასუფთავების შემდეგაც სანტექნიკაზე ლაქები რჩება და არ ბზინავს? არაყი აქაც დაგეხმარებათ. არაყში დასველებული ჩვრით სანტექნიკაზე ლაქები გადაწმინდეთ. ასე სისუფთავეს და ბზინვარებას უზრუნველყოფთ.
თამბაქოს სუნს აქრობს
თუ სახლში მწეველი ცხოვრობს, თამბაქოს სუნი ავეჯში გამჯდარი იქნება. განსაკუთრებით ეხება რბილ დივანს და სავარძელს. მის მოსაშორებლად არაყი და წყალი თანაბარი პროპორციით აურიეთ და შეასხურეთ ავეჯს, ხალიჩას და ფარდას. სპირტის სუნი სწრაფად აორთქლდება და თან თამბაქოს სუნსაც გააქრობს.
ასევე არაყი დაგეხმარებათ მანქანის საფარის შემთხვევაშიც, რომელიც სრულად არ იწმინდება.
ფეხსაცმლის სუნს აქრობს
თუ თქვენს ფეხსაცმელს ტარების შემდეგ უსიამოვნო სუნი გაუჩნდა, შიგნიდან გაწმინდეთ არაყში დასველებული ბამბის დისკით. ფეხსაცმელი აივანზე ან გარეთ გაიტანეთ, რომ კარგად გაშრეს.
ფეხსაცმელს წელავს
ახალი ფეხსაცმლის გასაწელად შიგნიდან არყით დაასველეთ, ჩაიცვით და ცოტა გაიარეთ. ფეხსაცმელი ოდნავ გაიწელება და თქვენი ფეხის ფორმას მიიღებს. პროცედურა რამდენჯერმე შეგიძლიათ გაიმეოროთ, სანამ ფეხსაცმელი სატარებლად კომფორტული არ გახდება.
ოფლის სუნს აქრობს
არაყი ოფლის სუნსაც გაუმკლავდება, რადგან ბაქტერიებს კლავს. ქსოვილს დაასხით და სუნი სწრაფად აორთქლდება.
ეს ხრიკი განსაკუთრებით გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, თუ რესტორანში იმყოფებით და განახლების საჭიროებას გრძნობთ. სუფრიდან რამდენიმე ხელსახოცი აიღეთ და არყით დაასველეთ. შეუმჩნევლად წაისვით ტანსაცმელზე ოფლის გამოყოფის ადგილებში (ჩვეულებრივ, ესაა იღლიებთან და ზურგზე) და დაელოდეთ. არაყი სწრაფად გაშრება და სუნს მოგაშორებთ. ახლა შეგიძლიათ გააგრძელოთ გართობა. უსიამოვნო სუნი არ შეგაწუხებთ.
წებოს აშორებს
არაყი ზედაპირზე წებოს ნარჩენებსაც აშორებს. ეს ეხება სტიკერების და სკოჩის წებოს, რომლის მოშორება რთულია. თუ სტიკერი საერთოდ არ შორდება, არყით დაასველეთ და დაელოდეთ. წებოს ნარჩენები სპირტიანი ბამბის დისკით გაწმინდეთ მანამ, სანამ ზედაპირი არ გასუფთავდება.
ყვავილების სიცოცხლის ვადას ზრდის
ნაჩუქარმა ყვავილმა თავისი გარეგნობით დიდხანს რომ გაგახაროთ, ლარნაკში წყალს 1 სირჩა არაყი და 1 ჩ/კ შაქარი დაუმატეთ. პერიოდულად წყალი გამოცვალეთ და იგივე პროცედურა გაიმეორეთ.
როგორც ხედავთ, არაყი ნებისმიერ სახლში გამოსადეგია და მისი დალევა სულაც არ არის საჭირო.