ბავშვებისა და უფროსების უმეტესობა ტკბილეულზე გიჟდება. რა თქმა უნდა, ახლა მაღაზიის თაროებზე შეგიძლიათ იპოვოთ ყველა გემოვნების და ფასის დელიკატესი, მაგრამ მათი ხარისხი, სამწუხაროდ, კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. ადრე ვცდილობდი, სრულად ამომეღო ტკბილეული ბავშვის მენიუდან, სანამ არ ვიპოვე ღირსეული შემცვლელი – სასარგებლო ტკბილი ძეხვი.
რეცეპტი მირჩია დიეტაზე მყოფმა მეგობარმა. ტკბილი ძეხვი იდეალურად ანაცვლებს შოკოლადს და სხვა ტკბილეულს, რომლებიც დიეტური კვებისას რაციონიდან უნდა ამოიღოთ. ასეთი ტკბილეული გავაკეთე ჩემი ოჯახისთვის და შედეგით გაოცებული დავრჩი. ახლა ბავშვი მაღაზიაში ტკბილეულის დახლთან ახლოსაც არ მიდის.
ტკბილი ძეხვი ჩირისგან
ჩირისგან მომზადებული ტკბილი ძეხვი შეუძლია მიირთვან მათაც, ვინც სამარხვო და ვეგეტარიანულ მენიუს იცავს. კარგი გემოს გარდა ძეხვი შეიცავს ბევრ ვიტამინს და მიკროელემენტს, რომლებიც ორგანიზმს ჯანმრთელობას და ენერგიას აძლევს.
ინგრედიენტები:
- 250 გ ფინიკი
- 250 გ გარგარის ჩირი
- 0,5 ჭიქა სეზამის თესლი
- 150 გ კეშიუ
- 2 ს/კ მზესუმზირას თესლი
- 1 ს/კ ფორთოხლის ცედრა
- მწიკვი დარიჩინი
- მწიკვი ილი
მომზადების წესი:
1. ფინიკს კურკა მოაშორეთ, გარგარის ჩირი 15 წუთი მდუღარე წყალში გააჩერეთ. ჩირი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ.
2. კაკალი და ნახევარი ჭიქა სეზამის თესლი ღუმელში რამდენიმე წუთი გააცხელეთ. ჯერ კიდევ ცხელი, ჩირს დაუმატეთ. ასევე დაუმატეთ სანელებლები, თესლი, ფორთოხლის ცედრა და ყველაფერს კარგად აურიეთ.
3. ხილი-კაკლის მასას ძეხვის ფორმა მიეცით. დარჩენილ სეზამის თესლში ამოავლეთ და პერგამენტის ქაღალდში გაახვიეთ. რამდენიმე საათი მაცივარში შეინახეთ. ესეც ასე, ტკბილეული მზადაა!
ხანდახან ბავშვებისთვის ცალკე კანფეტებს ვამზადებ, რადგან ამ ფორმით ტკბილეული მათთვის უფრო ნაცნობია. კანფეტები შეგიძლიათ ამოავლოთ არა მხოლოდ სეზამის თესლში, არამედ კაკაოში ან ქოქოსის ფანტელებში.
ტკბილეული მოსაბეზრებელი რომ არ გახდეს, სხვადასხვა ჩირს მონაცვლეობით ვიყენებ. უკვე დასახელებული პროდუქტების გარდა ტკბილ ძეხვს ვუმატებ ქიშმიშს, შავქლიავს ან ხმელ ალუბალს. კეშიუ შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ნიგვზით, მაგრამ მას უფრო გამოხატული გემო აქვს.
ტკბილი ძეხვით სტუმრებსაც შეგიძლიათ გაუმასპინძლდეთ, რადგან შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ და მაცივარში შეინახოთ. როგორც ხედავთ, ჯანმრთელობაზე ზრუნვა მარტივი და ნამდვილად გემრიელი შეიძლება იყოს.