მანიკიური ყოველდღიური მოვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რიტუალია ყველა ქალისთვის. მნიშვნელობა არ აქვს, დამოუკიდებლად იკეთებთ სახლში თუ სპეციალისტთან სალონში. ნებისმიერ შემთხვევაში გვსურს პროცედურის ეფექტის გახანგრძლივება, იდეალური საფარის შენარჩუნება და ფრჩხილების დაცვა დაზიანებისგან. საოცარია, რომ ამის მიღწევა ძმრით შესაძლებელია. რა უნდა გააკეთოთ?
ძმარი ფრჩხილებისთვის: სარგებელი და გამოყენება
რატომ არის სასარგებლო ძმრის წასმა ფრჩხილებზე?
დავიწყოთ იმით, რატომ არის სასარგებლო ძმარი ფრჩხილებისთვის. ფრჩხილების მთავარი პრობლემა არის მტვრევადობა და მოყვითალო ფერი. ძმარი ორივე ნაკლოვანებას ებრძვის. უმჯობესია, თუ გამოიყენებთ ვაშლის ძმარს. მასში შედის B, E, C, A ჯგუფის ვიტამინები, ასევე კალციუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი და ბევრი სხვა მიკროელემენტი, რომლებიც აუცილებელია ფრჩხილის ფირფიტის გასამაგრებლად. გარდა ამისა, ძმარს, როგორც მჟავას შესანიშნავი მათეთრებელი თვისებები აქვს. ის ბაქტერიებს და სოკოს კლავს, სხვადასხვა დაავადებებისგან იცავს, ზოგჯერ სამკურნალოდ გამოიყენება.
ძმრის გამოყენების მეთოდები ფრჩხილებისთვის
ძმარი ფრჩხილებზე სხვადასხვა გზით შეგიძლიათ გამოიყენოთ იმის მიხედვით, თუ რა მიზნის მიღწევა გსურთ მანიკიურით. აი, რამდენიმე მარტივი მეთოდი:
1. აბაზანა ფრჩხილებისთვის. 1 ჭიქა თბილი წყალი ჩაასხით ღრმა თასში, დაუმატეთ 2 კოვზი ვაშლის ძმარი და მწიკვი ლიმონმჟავა. ფრჩხილები ამ აბაზანაში 10-15 წუთი გააჩერეთ, შემდეგ გაიმშრალეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი. პროცედურა კვირაში რამდენჯერმე ჩაიტარეთ, სასურველია საღამოს. ლიმონმჟავა იმავე რაოდენობის ზღვის მარილით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ.
2. გაწმენდა. ეს მარტივი პროცედურა განსაკუთრებით ეფექტურია მანიკიურის პროცედურამდე. თუ ფრჩხილებს გაიწმენდთ ვაშლის ძმრით დასველებული ბამბის დისკებით, არა მხოლოდ გაამაგრებთ მას, არამედ ზედაპირსაც ცხიმს მოაშორებთ. ასე ლაქს თანაბრად წაისვამთ და უფრო დიდხანს გაძლებს.
3. გაუფერულება. ალბათ, ნაცნობია სიტუაცია, როდესაც, მაგალითად, ბორშჩის მომზადების შემდეგ თითები და ფრჩხილები ვარდისფერია და საპნით არ შორდება. თუ ხელებს დაიბანთ ჯერ ძმრით, შემდეგ თხევადი საპნით, ფრჩხილების ქვეშ სიწითლეს მოიშორებთ.
4. ლაქის მოცილება. თუ ფრჩხილის ლაქის მოსაშორებელი საშუალება არ გაქვთ, სუფრის ძმარი გამოიყენეთ. მჟავა ლაქას მოგაშორებთ. არ დაგავიწყდეთ, ამის შემდეგ ხელები დაიტენიანოთ, რათა სიმშრალე თავიდან აიცილოთ.
სხვა ხრიკები მანიკიურისთვის
გიზიარებთ სხვა რჩევებსაც, რომლებიც იდეალური მანიკიურის შექმნაში დაგეხმარებათ.
1. ლაქმა დიდხანს რომ გაძლოს, 2 ფენა ბაზა წაისვით. ასე დაიცავთ ფრჩხილებს დაზიანებისგან ყოველდღიური საქმეების შესრულებისას. ასევე შეამცირებთ ფრჩხილის მოტეხვის შანსს, მაგალითად, ჭურჭლის ან ტანსაცმლის რეცხვისას.
2. კუტიკულა ჯობია არ მოიჭრათ, არამედ ფორთოხლის ხის სპეციალური ჩხირით უკან გასწიოთ. ასეთი ჩხირი კოსმეტიკური და საყოფაცხოვრებო ნივთების ნებისმიერ მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ.
3. გამოიყენეთ ბამბის ჩხირები, თუ ლაქი ფრჩხილის ფირფიტის კიდეზე გადმოვიდა. ასე ფრთხილად შეასწორებთ ლაქის საფარის წაშლის გარეშე.
4. ლაქით შეღებეთ ფრჩხილების თავისუფალი ბოლოები. ეს სწორედ ის ადგილია, საიდანაც ლაქი აცლას იწყებს.
5. არ გაქლიბოთ ფრჩხილები მისთვის არაბუნებრივ ფორმაში. თუ ბუნებრივად მომრგვალებულია, მაშინ კვადრატულ ფორმაში მტვრევადი გახდება.
6. წასმამდე ლაქის ფლაკონი ხელში შეათბეთ. ასე უფრო თხევადი და ელასტიკური გახდება, ფრჩხილებზე თანაბრად გადანაწილდება.
უკვე იცით, რომ იდეალური მანიკიურის შესაქმნელად მომზადება რთული არ არის. ამაში ძმარი დიდ დახმარებას გაგიწევთ. ამ ჯადოსნური ხრიკებით მეგობრების შესაშურ ფრჩხილებს მიიღებთ.