7 წლის ბიჭმა აზიაში გზავნილი გააგზავნა. 11 წლის შემდეგ შეტყობინება მიიღო, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა

0
1409

როცა შორეულ 2000 წელს 7 წლის ბიჭმა, ტირელ ვულფმა საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მრავალი წლის შემდეგ ეს საქციელი მის ბედს შეცვლიდა.

აქციის პირობების მიხედვით, აშშ-ს მცხოვრები ბავშვები შობის დღესასწაულამდე ფილიპინებში ფეხსაცმლის ყუთებს აგზავნიდნენ, რომლებიც სხვადასხვა სასარგებლო და საყვარელი ნივთებით იყო სავსე: სკოლის ნივთები, სათამაშოები და ა.შ. ასევე საკუთარი სახელი უნდა დაეწერათ და ფოტო ჩაედოთ. ტირელმა ყველა პირობა შეასრულა.

თითქმის 10 წელი გავიდა, როცა 2009 წელს ტირელმა შეტყობინება მიიღო, რომ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე ვიღაც ჯოანა მარჩანს მეგობრობაში დამატება სურდა. ბიჭმა არ იცოდა, თუ ვინ იყო და ამიტომ თხოვნა გააუქმა. თუმცა 2 წლის შემდეგ მსგავსი შეტყობინება კვლავ მოვიდა. ტირელმა გადაწყვიტა ეკითხა, თუ ჯოანა საიდან იცნობდა.

გოგონამ უამბო იმ საჩუქრის შესახებ, რომელიც ოდესღაც ფეხსაცმლის ყუთით მიიღო. ტირელმა დედის დახმარებით გაიხსენა, რომ ბავშვობაში ქველმოქმედებით იყო დაკავებული და გოგონასთან ურთიერთობა დაიწყო.

როგორც აღმოჩნდა, ჯოანამ მადლობის წერილი ჯერ კიდევ მაშინ გამოუგზავნა, მაგრამ ის სადღაც გზაში დაიკარგა. მოგვიანებით გოგონამ უამბო, რომ უბრალოდ აინტერესებდა, თუ ბიჭი ახლა როგორ გამოიყურებოდა და რით იყო დაკავებული.

ურთიერთობის შედეგად გაირკვა, რომ მათ ბევრი საერთო ჰქონდათ. ორივე მორწმუნეა და ერთნაირი მსოფლმხედველობა აქვთ. ცოტა ხნის შემდეგ ტირელმა ჯოანასთან სტუმრად ჩასვლა გადაწყვიტა.

ბიჭი მამასთან კომპანიაში მუშაობდა, ხიდებს აშენებდა და სარკინიგზო გზებს აგებდა და საკმაო თანხის გამომუშავება შეძლო, რომ 10 დღე ფილიპინებზე დაესვენა. ის ძალიან ნერვიულობდა, რადგან მარტო პირველად მოგზაურობდა და თან სხვა ქვეყანაში.

როგორც კი მიწაზე დაეშვა, ჯოანას შეხვდა. ტირელი საკუთარ თვალებს არ უჯერებდა, გოგონა იმდენად ძლიერ მოეწონა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჯოანაც იმავეს გრძნობდა.

10 დღე ძალიან სწრაფად გაფრინდა და მათ განშორება უჭირდათ. პირველ რიგში, ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით ჯოანას მამის თანხმობის გარეშე თავს წყვილად ვერ გამოაცხადებდნენ. მეორეც, არ იცოდნენ, თუ რამდენი ხნით შორდებოდნენ. თუმცა ტირელი დაბრუნებას დაპირდა.

და ბიჭმა სიტყვა შეასრულა. ცოტა ხნის შემდეგ ჯოანასთან უკვე 1 თვით ჩავიდა. ამასთან გოგონას მამას მისი ხელი სთხოვა. მამა დათანხმდა, მაგრამ დედა წინააღმდეგი იყო, რადგან ისინი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდები იყვნენ და აჩქარება არ ღირდა.

მაშინ ტირელი მამას დაუკავშირდა, რომელიც ფილიპინებში ჩამოვიდა. ამის შემდეგ ჯოანას დედამ დათმო. ის მიხვდა, თუ ტირელს მისი ქალიშვილი რამდენად ძლიერ უყვარდა.

ქორწილი შტატებში გადაიხადეს. სამწუხაროდ, ჯოანას მშობლებმა ცერემონიალზე დასწრება ვერ შეძლეს, მაგრამ მათ პირდაპირი ინტერნეტ ტრანსლაცია ჩაურთეს. ტირელს საკმაოდ კარგი სამუშაო აქვს, ამიტომ ჯოანა საცხოვრებლად მასთან გადავიდა.

წყვილი აპირებს რომ ფული დააგროვოს და ფილიპინებში ჯოანას მშობლებთან კიდევ ერთი ქორწილი გადაიხადონ. მანამდე კი იმ საქველმოქმედო ორგანიზაციას დაუკავშირდნენ, რომელიც დღემდე სხვადასხვა ქვეყნის ბავშვებისთვის საჩუქრებს აგზავნის. მათ შიგნიდან დაინახეს, თუ ყველაფერი როგორ ხდება და კვლავ მონაწილეობა მიიღეს.

ტირელი და ჯოანა უზომოდ ბედნიერები არიან, რომ ერთმა პატარა გზავნილმა მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. როგორც ხედავთ, ზოგჯერ მეორე ნახევარი შეიძლება თქვენგან ათასობით კილომეტრით შორს ცხოვრობდეს, მაგრამ ბედი შეხვედრის შანსს მაინც მოგცემთ. მთავარია – ეს შანსი გამოიყენოთ!

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი