ძნელია დაივიწყო ომლეტის არომატი, რომელსაც ბაღში გვაჭმევდნენ. დიდხანს ვცდილობდი იმ გემოს აღდგენას ჩემს სამზარეულოში, მაგრამ სულ სხვა რამ გამომდიოდა. დამეხმარა მეზობელი გულნარა, რომელიც ადრე საბავშვო ბაღში მუშაობდა. გამიზიარა ომლეტის მომზადების საიდუმლო, რომ მიმეღო ისეთი, როგორიც ბავშვობაში იყო.
მას შემდეგ, რაც ჩემმა შვილებმა ამ ომლეტს გემო გაუგეს, ყოველ შაბათ-კვირას მის მომზადებას მთხოვენ. მეც სიამოვნებით ვამზადებ მას და ომლეტის კიდევ რამდენიმე საყვარელ ვარიანტს. სცადეთ და იპოვეთ თქვენი ფავორიტი მოცემულ რეცეპტებს შორის.
როგორ მოვამზადოთ ომლეტი?
ალბათ, იცით, რომ ომლეტის სამშობლო საფრანგეთია. ფრანგები შეფმზარეულის პროფესიონალიზმს ომლეტის მომზადების უნარით ზომავენ. გასაკვირი არ არის, რადგან მისი მომზადება გარკვეულ უნარებს და ცოდნას მოითხოვს.
დაიმახსოვრეთ, რომ ომლეტისთვის კვერცხი მხოლოდ ჩანგლით ან სათქვეფით უნდა ათქვიფოთ. მიქსერი სხვა კერძებისთვის შეინახეთ. სქელძირიან ჭურჭელში ომლეტი ყველაზე კარგად გამოდის.
კლასიკური ომლეტი მხოლოდ კარაქით მზადდება. თუ მცენარეული ზეთით ჩაანაცვლებთ, სულ სხვა გემოს მიიღებთ.
ომლეტი, როგორც საბავშვო ბაღში
ინგრედიენტები:
- 3 კვერცხი
- 150 მლ რძე
- 40 გ კარაქი
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
1. კვერცხი ღრმა ჭურჭელში ჩატეხეთ და ჩანგლით კარგად ათქვიფეთ.
2. რძე დაუმატეთ და ისევ აურიეთ. გემოვნებით მარილი მოაყარეთ.
3. ისეთი ომლეტი რომ მიიღოთ, როგორსაც საბავშვო ბაღში გვაჭმევდნენ, შეწვის ნაცვლად ღუმელში გამოაცხვეთ. საცხობ ფორმას კარაქი წაუსვით და კვერცხის მასა ჩაასხით.
4. ომლეტი 15 წუთი აცხვეთ. ამას მეტი ან ნაკლები დრო შეიძლება დასჭირდეს, ღუმლის სიმძლავრის მიხედვით. ოქროსფერი ქერქით ორიენტაცია აიღეთ.
5. მზა ომლეტი ღუმლიდან გამოიღეთ და მაშინვე გამდინარე კარაქი მოასხით. ოდნავ შეაგრილეთ და ნაჭრებად დაჭერით. ომლეტი მზადაა!
ომლეტი კარტოფილით
ომლეტის ეს უჩვეულო ვარიანტი უფრო ნოყიერი კერძების მოყვარულებს მოეწონებათ. სავახშმოდ იდეალურია.
ინგრედიენტები:
- 3 საშუალო ზომის კარტოფილი
- 3 კვერცხი
- 1 ხახვი
- 30 მლ მცენარეული ზეთი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი:
- კარტოფილი გათალეთ და დააქუცმაცეთ. ზოლებად, კუბებად დაჭერით ან გახეხეთ. ზედმეტი სითხე გადაწურეთ. ხახვი ნახევარ რგოლებად დაჭერით.
- ტაფაზე ცხელ ზეთში კარტოფილი გადაიტანეთ და 10 წუთი შეწვით, ხშირად აურიეთ. შემდეგ ხახვი დაუმატეთ და ისევ აურიეთ.
- 5 წუთის შემდეგ მარილი მოაყარეთ და მომზადებამდე შეწვით.
- ამ დროში კვერცხი ათქვიფეთ, ცოტა მარილი და წიწაკა დაუმატეთ.
- კარტოფილს და ხახვს კვერცხის მასა დაასხით, თავსახური დაახურეთ და სუსტ ცეცხლზე ამზადეთ. პროცესის დასაჩქარებლად ომლეტი გადააბრუნეთ, რამდენიმე ნაწილად დაყავით. ასე მიიღებთ მოწითალო ქერქს ორივე მხრიდან.
ომლეტი ყველით და ლორით
ასეთი ომლეტი ხორცის და ყველის მოყვარულებს მოეწონებათ. გამოირჩევა უჩვეულო ფორმით. იტალიური ღვეზელის „კალცონეს“ ფორმას წააგავს. ამის ხარჯზე კერძი ძალიან წვნიანი გამოდის.
ინგრედიენტები:
- 2 კვერცხი
- 3 ს/კ რძე
- 100 გ ხმელი ყველი
- 75 გ ლორი
- 2 ს/კ ფქვილი
- მწვანილი გემოვნებით
- მცენარეული ზეთი შესაწვავად
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ოდნავ შემთბარი რძე კვერცხს დაუმატეთ და აურიეთ. მარილი მოაყარეთ, ფქვილი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
- ლორი პატარა კუბებად დაჭერთ, ყველი მსხვილად გახეხეთ.
- ტაფაზე ცხელ ზეთში კვერცხის ნარევი დაასხით. როცა ომლეტი შეწითლდება, გადააბრუნეთ.
- მთელ ზედაპირზე ყველი მოაყარეთ, ერთ ნახევარზე ლორი მოათავსეთ. დაუმატეთ მწვანილი სურვილისამებრ. ბლინი შუაზე გადაკეცეთ ისე, რომ ლორი დაფაროთ, კიდეები შეკარით.
- კერძი ორივე მხრიდან კიდევ 2 წუთი შეწვით, რომ ყველი გადნეს. ომლეტი მზადაა.
ომლეტი სოკოთი
ინგრედიენტები:
- 6 კვერცხი
- 150 მლ რძე
- 6 ქამა სოკო
- მარილი გემოვნებით
- მწვანილი და სუნელები გემოვნებით
- მცენარეული ზეთი შესაწვავად
მომზადების წესი:
- სოკო ფირფიტებად დაჭერით, მცენარეულ ზეთში ნახევრად მომზადებამდე შეწვით.
- კვერცხი, რძე, მარილი და სანელებლები აურიეთ. სოკოს კვერცხის ნარევი დაასხით და სწრაფად აურიეთ.
- თავსახური დაახურეთ და კიდევ 10 წუთი შეწვით.
ტკბილი ომლეტი მანანის ბურღულით
ასეთი ომლეტი მოეწონება როგორც ბავშვებს, ასევე უფროსებს, რომლებსაც ტკბილი საუზმე უყვართ.
ინგრედიენტები:
- 2 კვერცხი
- 100 მლ რძე
- 1 ს/კ მანანის ბურღული
- 1 ჩ/კ შაქარი
- 25 გ კარაქი
მომზადების წესი:
- კვერცხი და შაქარი აურიეთ. რძე დაუმატეთ და ისევ აურიეთ.
- მანანის ბურღული დაუმატეთ და მიქსერით ათქვიფეთ.
- ტაფაზე კარაქი გაადნეთ და კვერცხის ცომი გადაიტანეთ. თავსახური დაახურეთ და 10 წუთი აცხვეთ გლუვი ზედაპირის მიღებამდე.
- ომლეტს დაუმატეთ მურაბა, შესქელებული რძე, არაჟანი ან ხილის ნაჭრები გემოვნებით. გემრიელად მიირთვით!
ომლეტი ძეხვით და მწნილი კიტრით
უჩვეულო გემოს კომბინაციების მოყვარულებს მოეწონებათ ომლეტის ეს რეცეპტი. მწნილი კიტრი კერძის გემოს წვნიანს და ორიგინალურს ხდის.
ინგრედიენტები:
- 4 კვერცხი
- 300 მლ რძე
- 2 პატარა მწნილი კიტრი
- 40 გ საექიმო ძეხვი (ან სხვა მოხარშული)
- მცენარეული ზეთი შესაწვავად
- მარილი და სანელებლები გემოვნებით
- მწვანილი
მომზადების წესი:
- რძე, კვერცხი და მარილი აურიეთ.
- კიტრი და ძეხვი კუბებად დაჭერით. მწვანილი დააქუცმაცეთ. დაჭრილი ინგრედიენტები კვერცხს დაუმატეთ. მარილი, სანელებლები დაუმატეთ და აურიეთ.
- ტაფაზე ზეთი გააცხეთ, მომავალი ომლეტის ნარევი ჩაასხით და ორივე მხრიდან მომზადებამდე შეწვით.
მოამზადეთ ომლეტი ამ რეცეპტებით თქვენი ოჯახის წევრების სასიხარულოდ. ასევე საქმეში შეგიძლიათ ჩართოთ კრეატივი და რეცეპტს საყვარელი ინგრედიენტები დაუმატოთ.