როგორ მოვიქცეთ, თუ ვერცხლისწყლის თერმომეტრი გატყდება

33

ვერცხლისწყლის თერმომეტრი შეუცვლელი ნივთია სახლის აფთიაქში. თანამედროვე ელექტრონული თერმომეტრებისგან განსხვავებით, ის არასოდეს გაფუჭდება და არ საჭიროებს ბატარეების გამოცვლას. მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ვერცხლისწყლის თერმომეტრი შემთხვევით გატყდება? დიდი ხანია ვიცით ადამიანებისთვის ვერცხლისწყლის ორთქლის საშიშროების შესახებ, ამიტომ სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედოთ. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოგიმზადეთ ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციები.

ფაქტები ვერცხლისწყლის თერმომეტრების შესახებ

ვერცხლისწყალი ერთადერთი ლითონია, რომელიც ბუნებრივ მდგომარეობაში თხევადია. ვინაიდან მას აქვს დაბალი სიმკვრივე და ფართო ტემპერატურული დიაპაზონი, ეს ლითონი მოსახერხებელია თერმომეტრებში გამოსაყენებლად. სინამდვილეში, პირველი თერმომეტრი, რომელიც გამოიყენეს ადამიანის სხეულის ტემპერატურის გასაზომად, იყო ვერცხლისწყლის თერმომეტრი.

მე-18 საუკუნეში ვერცხლისწყლის საშიშროების შესახებ ნაკლებად იცოდნენ. რაზე შეიძლება ვისაუბროთ, თუ მას სხვადასხვა დაავადების სამკურნალო საშუალებად იყენებდნენ. ახლა უკვე ვიცით, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ვერცხლისწყლის ორთქლმა ადამიანის ჯანმრთელობას. ხანგრძლივი ზემოქმედება გამოიწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევებს, სასუნთქი გზების, თირკმელების, ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანებას.

ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ჩვენ თითქმის არასდროს ვხვდებით ამ შხამიან მეტალს. მისი ერთადერთი წყარო ვერცხლისწყლის თერმომეტრია. თუ ის მთელია და არ აქვს რაიმე დაზიანება, მაშინ არანაირი საფრთხე არ არსებობს, შეგიძლიათ უსაფრთხოდ გამოიყენოთ იგი. მაგრამ როდესაც ვერცხლისწყლის თერმომეტრი ტყდება, თქვენ აუცილებლად უნდა მიმართოთ ყველა ღონეს საკუთარი თავის და თქვენი ოჯახის დასაცავად.

სწორი მოქმედებები, ვერცხლისწყლის თერმომეტრის გატეხისას

თუ ვერცხლისწყლის თერმომეტრი გატყდება, არსებობს შესაძლებლობა, რომ ვერცხლისწყლის ბურთი გაგორდეს, შეუმჩნეველი დარჩეს თქვენს სახლში და ზიანი მიაყენოს ოჯახის ყველა წევრს. აი, რა უნდა გააკეთოთ ამის თავიდან ასაცილებლად:

ნაბიჯი 1

როგორც კი შეამჩნევთ ვერცხლისწყლის წვეთებს იატაკზე, პირველი რაც უნდა გააკეთოთ არის ბავშვებისა და შინაური ცხოველების შორს გაყვანა. გაიკეთეთ დამცავი ნიღაბი და ხელთათმანები.

ნაბიჯი 2

გამორთეთ ყველა გამათბობელი მოწყობილობა და გახსენით ფანჯარა. რაც უფრო მეტი სითბო იქნება იმ ოთახში, სადაც ვერცხლისწყლის თერმომეტრი გატყდა, მით უფრო სწრაფად დაიწყება აორთქლების პროცესი.

ნაბიჯი 3

აიღეთ ნებისმიერი ჭურჭელი, ჩაასხით წყალი და გააზავეთ მასში მათეთრებელი საშუალება ან კალიუმის პერმანგანატი 1:5 თანაფარდობით.

ნაბიჯი 4

ვერცხლისწყლის ბურთულების მოსაშორებლად, თქვენ უნდა აიღოთ სქელი ქაღალდი ან მუყაო, შპრიცი და ფუნჯი. ფუნჯით გადააგორეთ დიდი ბურთები მუყაოზე და მოათავსეთ კალიუმის პერმანგანატის ან მათეთრებელი საშუალების ხსნარში. პატარა წვეთები შეაგროვეთ შპრიცით და ასევე ჩაყარეთ ხსნარში.

ნაბიჯი 5

ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ძნელად მისადგომი ადგილი, სადაც შეიძლებოდა ვერცხლისწყალი მოხვედრილიყო. ერთ წვეთის დატოვებაც კი არ შეიძლება! გამოიყენეთ სანათი შესამოწმებლად, რადგან ვერცხლისწყალი კარგად ირეკლავს სინათლეს.

ნაბიჯი 6

უმჯობესია გადაყაროთ ნივთები, რომლებიც მეტალს შეეხო. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაასხათ ხსნარი, სადაც ვერცხლისწყალი მოათავსეთ – წაიღეთ იგი გადასამუშავებელ პუნქტში.

თუ ვერცხლისწყლის თერმომეტრი გატყდება, პანიკაში არ უნდა ჩავარდეთ. უბრალოდ დაიცავით ეს მარტივი წესები, რომლებიც დაგიცავთ თქვენ და თქვენს ოჯახს. გახსოვდეთ, რომ უნდა იყოთ ფრთხილად და ყურადღებით და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს