„იყო ლამაზი 20 წლის ასაკში, ბუნებრივია. აი, როცა ლამაზი ხართ 35 ან 40 წლის ასაკში, ეს უკვე ცხოვრებისეული პოზიციაა“ – თქვა ერთხელ ერთ-ერთმა ულამაზესმა ქალმა მონიკა ბელუჩმა. მართლაც, ყველა ქალი შეიძლება იყოს ლამაზი. ამისთვის მხოლოდ ცოტა ძალისხმევა უნდა გაიღოთ.
ჩემი საყვარელი დეიდა თავისი ლამაზი კანით ყოველთვის აოცებდა ირგვლივ მყოფ მამაკაცებს და ქალებს. ასაკის მატების შემდეგაც კარგად გამოიყურება და უფრო მეტად მეპარებოდა ეჭვი, რომ სახლში აქვს ჯადოსნური პორტრეტი, რომელიც მის ნაცვლად ბერდება. მაგრამ ერთხელ დეიდამ აღიარა, რომ სილამაზისთვის ბრძოლაში მისი მთავარი დამხმარეა ჟელატინის ნიღაბი გლიცერინით. საიდუმლო რეცეპტი გამიზიარა და ახლა მეც ხშირად ვიღებ კომპლიმენტებს ჩემი გარეგნობის შესახებ.
სახის ნიღაბი გლიცერინით
ასეთი მარტივი და ხელმისაწვდომი ნიღაბი ანელებს კანის დაბერების პროცესს. დიდი ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი გახდება, წვრილი ნაოჭები გაქრება, ხოლო კანი უფრო ელასტიკური და ბზინვარე გახდება.
ინგრედიენტები:
- 1 ჩ/კ ჟელატინი
- 100 მლ გლიცერინი
- 1 ჩ/კ თაფლი
- 100 მლ მინერალური წყალი, უგაზო
- 1 აბი ასპირინი
- 1-2 წვეთი ლავანდის ზეთი
მომზადების წესი:
1. მოსახერხებელი მინის ან პლასტმასის ჭურჭელი აიღეთ. მასში ჟელატინი მოათავსეთ და მინერალური წყალი დაასხით. ნახევარი საათი გააჩერეთ გასასივებლად.
2. ასპირინი დაფშვენით ფხვნილის მიღებამდე. მხოლოდ დანის წვერით დაგჭირდებათ, ანუ მთელი აბი შეგიძლიათ არ აიღოთ.
3. უკვე გასივებული ჟელატინი დანარჩენ ინგრედიენტებს შეურიეთ. ჭურჭელი ნიღბით ცხელ წყალში მოათავსეთ და სპატულით (ლითონის არ უნდა იყოს) ბოლომდე გახსნამდე აურიეთ.
4. მზა ნიღაბი გააცივეთ, პერიოდულად აურიეთ. ნიღაბი მზადაა! ეს რაოდენობა რამდენიმე კვირისთვის საკმარისია, რადგან ადვილად ინახება მაცივრის კარზე.
5. გამოყენებამდე საჭირო რაოდენობის ნიღაბი ხელით ან წყლის ორთქლზე შეათბეთ.
6. ნიღაბი სახეზე და ყელზე წაისვით, დაძინებამდე 1,5-2 საათით ადრე.
7. შემდეგ ნიღაბი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით მსუბუქი დამატენიანებელი კრემი, რომ დაჭიმულობა თავიდან აიცილოთ. ასევე ნიღბის ნარჩენები შეგიძლიათ მოიშოროთ ხელსახოცით და ისე დაიძინოთ, ხოლო დილით წყლით ჩამოიბანოთ და ჩვეული მოვლის პროცედურა ჩაიტაროთ.
8. რეკომენდებულია ნიღაბი გამოიყენოთ 5 დღის განმავლობაში, შემდეგ გაიმეოროთ პროცედურა კვირაში 2-ჯერ ეფექტის შესანარჩუნებლად.
ნიღბის ეფექტი
ჟელატინი კოლაგენის წყაროა და კანში ცილის ცვლას აუმჯობესებს. ჟელატინის შემცველი კოსმეტიკური საშუალების წასმისას კოლაგენი ეპიდერმისის ღრმა ფენაში აღწევს და კანის ჯანსაღ და სუფთა იერს აღადგენს.
გლიცერინი ხელს უწყობს კანში წყლის შეკავებას, რითაც იცავს გაუწყლოებისგან და დაბერებისგან. ამიტომაც გლიცერინი ხშირად ხვდება კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობაში, რომელთა უმეტესობა თავად შეგიძლიათ დაამზადოთ.
ლავანდის ზეთი არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, აქრობს სიწითლეს და აქერცვლას, ასევე დაგეხმარებათ დაასვენოთ კანი დატვირთული დღის შემდეგ. ეს ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა არომატულ ზეთთან ერთად კანზე მეტი შედეგის მისაღწევად.
ხელნაკეთი ჟელატინის ნიღბის შედეგი დიდხანს არ დააყოვნებს. გახსოვდეთ, რომ ლამაზი გარეგნობის შენარჩუნებაში მთავარია რეგულარულობა.