თირკმლები ადამიანის ორგანიზმში მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც წყლის და მინერალების ბალანსს არეგულირებს, სისხლს ნარჩენი პროდუქტებისგან ფილტრავს და ორგანიზმიდან მათ გამოდევნას ხელს უწყობს. ყველაზე ძლიერი ჯანმრთელობაც იმის დამადასტურებელი არაა, რომ თირკმლები მთელი ცხოვრების მანძილზე ჯანსაღი იქნება. ზოგიერთ ადამიანს თირკმლის სხვადასხვა დაავადება აწუხებს, მაგრამ არ იციან, თუ როგორ შეინარჩუნონ ამ ორგანოს ჯანმრთელობა, რომ არ მდგომარეობამდე არ მივიდნენ.
ეს სტატია სწორედ ასეთი ადამიანებისთვისაა. წაიკითხეთ 5 რეალურად მოქმედი მეთოდის შესახებ, რომლებიც ჯანსაღი თირკმლების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
მეთოდი 1: წყალი დალიეთ
ყურადღება მიაქციეთ, რომ ორგანიზმი სითხის დეფიციტის პირობებში არ აღმოჩნდეს. წყლის დეფიციტი თირკმლების შრომისუნარიანობას ამცირებს: ის სისხლს ცუდად გაწმენდს. დროთა განმავლობაში გაუწყლოება თირკმლების სერიოზულ დაზიანებას იწვევს. თუ მათი ჯანმრთელობის შენარჩუნება გსურთ, წყალი დალიეთ. სითხე ორგანიზმიდან ნატრიუმის, შარდოვანას, ტოქსინების და სხვა ნარჩენი პროდუქტების გამოდევნას ხელს შეუწყობს. თირკმლის ქრონიკული დაავადების განვითარების რისკი მნიშვნელოვნად შემცირდება, თუ ყოველდღე 1,5 – 2 ლიტრ წყალს დალევთ. ეს თირკმლის ჯანსაღი მდგომარეობის შესანარჩუნებლად ოპტიმალური რაოდენობაა.
მეთოდი 2: სპორტით დაკავდით
თირკმლის ჯანმრთელობისთვის ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანია. ჭარბი წონის ან ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის შემთხვევაში თირკმლის დაავადების განვითარების მაღალი რისკი გამორიცხული არაა. ფიზიკური ვარჯიში არტერიულ წნევას ამცირებს, შაქრიან დიაბეტს, გულის დაავადებებსა და თირკმლის ქრონიკული დაავადებებს აფერხებს. უკვე არსებული ჭარბი წონის შემთხვევაში სასურველია, რომ წონაში დასაკლებად ექიმს მიმართოთ და ფიზიკური ვარჯიშის შესრულების შესაძლებლობა და აუცილებლობა დააზუსტოთ.
მეთოდი 3: თამბაქოს მოწევა შეწყვიტეთ
ეს პუნქტი ეხება მათ, ვინც მავნე ჩვევით ცოდავს. თამბაქოს მოწევა ფილტვებზე, გულსა და პირის ღრუზე უარყოფით გავლენას ახდენს. ეს ყველასთვის ცნობილია, მაგრამ მან შეიძლება სხვა ორგანოებზეც გავლენა იქონიოს, რადგან არტერიულ წნევას სწევს. თირკმლის დაავადების, მათ შორის ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკი იზრდება.
მეთოდი 4: თირკმლის დაავადების სიმპტომების შესახებ იცოდეთ
თითოეულმა ადამიანმა თირკმლის სხვადასხვა დაავადების ნიშნების შესახებ უნდა იცოდეს. როგორც წესი, სიმპტომებს იშვიათად ამჩნევენ იმ მიზეზით, რომ მათ შესახებ არ იციან. მათ მიეკუთვნება: გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა, სისუსტე, გაზრდილი მოთენთილობა, ძილის პრობლემები, შარდვის სიხშირის ცვლილება, გონებრივი შესაძლებლობის გაუარესება, კუნთოვანი სპაზმი, ხშირი ბოყინი, ფეხების შეშუპება, ქავილი, გულმკერდის ტკივილი, სუნთქვის გართულება, მაღალი წნევა და მისი კონტროლის სირთულე.
მეთოდი 5: სწორად იკვებეთ
ყოველდღიური რაციონი სასარგებლო მიკროელემენტებით და ვიტამინებით გაჯერებული უნდა იყოს. ზოგიერთ პროდუქტში ძალიან ბევრი ნატრიუმი და სხვა ელემენტი შედის, რომლებიც წნევას ზრდიან და თირკმლებზე ცუდ გავლენას ახდენენ. სწორედ ამიტომ, გადამუშავებული პროდუქტების და ნახევარფაბრიკატების მოხმარება შეზღუდეთ, ისინი თირკმლებს და ზოგად ჯანმრთელობას აზიანებენ. უფრო სასარგებლოა ახალი ხილი, ბოსტნეული, მთელი მარცვლეულის პროდუქტები და ნაკლებად ცხიმიანი პროდუქტები.