როგორ შევინახოთ ჭარხალი ზამთრისთვის: 6 ეფექტური მეთოდი და რჩევები

1
ჭარხლის შენახვა

ჭარხალი უპრეტენზიო კულტურაა და თითქმის ყველა ბოსტანში კარგად იზრდება.

ამიტომ, შემოდგომაზე მებაღეებს ჯერ უხვი მოსავალი ახარებთ, შემდეგ კი ფიქრობენ, თუ როგორ შეინახონ ის რაც შეიძლება დიდხანს.

ხელსაყრელ პირობებში ბოსტნეული სასარგებლო ნივთიერებებსა და სასიამოვნო გემოს ხანგრძლივად ინარჩუნებს.

ჩვენ მოვამზადეთ მარტივი და გამოცდილი მეთოდების ჩამონათვალი, თუ როგორ ხდება ჭარხლის შენახვა ზამთრისთვის ისე, რომ ის გემრიელი და ჯანსაღი დარჩეს.

ჭარხლის შენახვა: მოსავლის მომზადება და იდეალური პირობები

ბოსტნეულის ხანგრძლივად შესანახად მხოლოდ სარდაფი არ არის აუცილებელი. მთავარია, სწორად შეარჩიოთ ჯიში, დროულად აიღოთ მოსავალი და დაიცვათ ტემპერატურული რეჟიმი.

როგორ შევარჩიოთ ჭარხალი შესანახად

ყველამ როდი იცის, რომ „სწორი“ შენახვა სათესლე ჯიშის შერჩევით იწყება. სხვა კულტურების მსგავსად, ჭარხალსაც აქვს საადრეო, საგვიანო და საშუალო სიმწიფის ჯიშები.

ადრეული ჯიშები საუკეთესოა ახალი სახით მისართმევად.

მათ მალევე მოიხმარენ, ზედმეტს კი აკონსერვებენ. ასეთი ჯიშები შესანახად არ გამოდგება.

საშუალო სიმწიფის ბოსტნეული შედარებით დიდხანს ინახება, მაგრამ გაზაფხულამდე გაძლება მაინც გაუჭირდება.

შესანახად ყველაზე კარგად საგვიანო ჯიშები გამოგადგებათ. ისინი ზაფხულამდე ძლებს, თუმცა სხვებზე გვიან მწიფდება. კარგად ინახება მხოლოდ სრულად დამწიფებული ძირხვენები.

ეს ნიშნავს, რომ მოსავალი დროულად უნდა აიღოთ. დაუმწიფებელი ჭარხალი ფოროვანი და წყლიანია. ჭარბი ტენის გამო ის სწრაფად ლპება. ზედმეტად გადამწიფებული კი, პირიქით, ძალიან მკვრივი და გამაგრებულია.

მის შიგნით უხეში ბოჭკოები ჩნდება და რბილობი გემოს კარგავს, რისი გამოსწორებაც უკვე შეუძლებელია. ამიტომ დამწიფებული ჭარხალი მაშინვე უნდა ამოიღოთ.

სიმწიფის დადგენა მცენარის ვიზუალით ძალიან მარტივია. ფოჩი მიწაზე წვება, ქვედა ფოთლები კი ყვითლდება და ხმება. ძირხვენის ზედა ნაწილი შეიძლება ნიადაგის ზედაპირიდან ოდნავ ამოიწიოს.

თუ ჭარხალს ამოვიღებთ, მის ზედა ნაწილზე პატარა ბორცვებს დავინახავთ. მთავარი ფესვი თხელდება და ოდნავ ხმება. დანარჩენი ფესვები მუქდება და სცვივა.

საყურადღებო ნიშანია ახალი ფესვების გაჩენა — ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჭარხალი გადამწიფდა და ხელახლა დაიწყო ზრდა. ასეთი მოსავალი სასწრაფოდ უნდა აიღოთ.

მოსავლის აღება და მომზადება

კარგად მხოლოდ სწორად აღებული და მომზადებული ბოსტნეული შეინახება. მოსავლის ასაღებად მშრალი, თბილი დღე უნდა შეარჩიოთ. კარგი იქნება, თუ მანამდე 5-7 დღის განმავლობაში არ უწვიმია.

ჭარხალი ფრთხილად ამოიღეთ მიწიდან, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ ფიწალი და გასაშრობად იატაკზე (ან მიწაზე) 2-3 საათით დატოვეთ. შემდეგ ფოჩი მოაჭერით, რათა მან ძირხვენიდან ტენი არ ამოქაჩოს.

დატოვეთ არაუმეტეს 1 სმ სიგრძის „ყუნწი“.

აუცილებლად გაითვალისწინეთ: ფოჩი ბასრი ინსტრუმენტით უნდა მოაჭრათ, მისი ხელით მოგლეჯა კატეგორიულად იკრძალება.

ამ დროს კანის დაზიანების რისკი დიდია. გარდა ამისა, ღეროს დაჭყლეტილ ქსოვილებში ინფექცია მარტივად იჭრება და ლპობას იწყებს.

ბოსტნეული ნაკვეთიდან გაიტანეთ და კარგად განიავებად ოთახში ან ფარდულში გაშალეთ. მშრალ ამინდში აღებული ბოსტნეული არაუმეტეს ორი დღისა შრება. ნესტიანი ნიადაგიდან ამოღებულს კი 4-7 დღე სჭირდება.

ამის შემდეგ ძირხვენებს მიკრული მიწა უნდა მოაცილოთ (გამოიყენეთ ნაჭრის ხელთათმანები). შემდეგ შემოაჭერით მთავარი ფესვი ისე, რომ 5-6 სმ დარჩეს, დანარჩენი წვრილი ფესვები კი სრულად მოაცილეთ. ბოლოს ჭარხალი გადაარჩიეთ და შესანახად მხოლოდ საღი, დაუზიანებელი ეგზემპლარები გადადეთ.

შენახვის ოპტიმალური პირობები

მოსავლის კარგად შენახვა მხოლოდ ხელსაყრელ პირობებშია შესაძლებელი. ჭარხალი საკმაოდ მომთხოვნია. პირველ რიგში, მას ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა არ უყვარს.

ოპტიმალური ტემპერატურა 1-დან 3°C-მდეა. ნულის ქვემოთ ბოსტნეული იყინება. ტემპერატურის მატებისას კი დიდი შანსია, რომ ძირხვენებმა ზრდა დაიწყოს. ეს ახალი ფოთლების გაჩენით გამოიხატება.

ზრდაზე ჭარხალი საკვები ნივთიერებების მარაგს ხარჯავს და სწრაფად ჭკნება.

ეს კულტურა ძალიან მომთხოვნია ტენიანობის მიმართაც. ოპტიმალური მაჩვენებელი 80-დან 90%-მდეა, გადახრები კი არასასურველია.

დაბალი ტენიანობა ძირხვენების გამოშრობას იწვევს, მაღალი კი — ლპობას. გარდა ამისა, ბოსტნეული აუცილებლად ბნელ ადგილას უნდა შეინახოთ, სინათლეზე ის ზრდას დაიწყებს.

ჭარხლის შენახვის 6 საუკეთესო მეთოდი

იდეალური პირობები სარდაფში იქმნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბინაში შენახვა შეუძლებელია. გთავაზობთ სახლის პირობებში ჭარხლის შენახვის 6 გამოცდილ მეთოდს.

1. ყუთები შემავსებლით

ბოსტნეულის შესანახად სტაბილური ტენიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის მიღწევა შემავსებლით არის შესაძლებელი. საუკეთესო ვარიანტია ქვიშა, რომელიც ტენს კარგად აკავებს. ის აუცილებლად სუფთა უნდა იყოს. სასურველია მისი წინასწარ გახურება პათოგენების გასანადგურებლად.

ქვიშის ნაცვლად შეგიძლიათ ნახერხი, ხის ნაცარი ან ტორფი გამოიყენოთ. აიღეთ პლასტმასის ან ხის ყუთები (ან დიდი ვედროები). ძირზე 2-3 სმ სისქის შემავსებელი ჩაყარეთ. დააწყვეთ ჭარხალი ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებოდეს.

დააყარეთ შემავსებელი და ზემოდან შემდეგი რიგი დაალაგეთ. ბოლო ფენა აუცილებლად 2-3 სმ სისქის შემავსებელი უნდა იყოს. ყუთი გრილ საკუჭნაოში ან შემინულ აივანზე დადგით. სიმშრალის შემთხვევაში ქვიშა პულვერიზატორით ოდნავ დანამეთ.

2. კარტოფილთან ერთად შენახვა

ეს ბოსტნეული ერთად ძალიან კარგად ინახება, რადგან კარტოფილი ჭარბი ტენისგან ფუჭდება, ჭარხალი კი მას იწოვს. ყუთში ჯერ კარტოფილი ჩაყარეთ, ზემოდან კი ჭარხლის ერთი-ორი რიგი დააწყვეთ.

ლპობის თავიდან ასაცილებლად ზემოდან ცირცელის (ცირცლის) რამდენიმე ტოტი დაადეთ. ეს მეთოდი იდეალურია სარდაფისთვის. აივანზე შესანახად კი თბოიზოლირებული ყუთები დაგჭირდებათ.

3. პლასტმასის პარკები

სტაბილური ტენიანობის შენარჩუნება სხვაგვარადაც შეიძლება. ძირხვენები სქელი პოლიეთილენის პარკებში მოათავსეთ. შეგიძლიათ სპეციალური პერფორირებული პარკები იყიდოთ, ან ჩვეულებრივ დიდ პარკებში ჰაერისთვის ბევრი პატარა ნახვრეტი თავად გააკეთოთ.

პარკი მოცულობის ორ მესამედზე შეავსეთ და ისე შეკარით, რომ ბოსტნეულის ზემოთ ჰაერის „ბალიში“ დარჩეს. ზედმეტი ტენის შესაწოვად პარკში შეგიძლიათ ქაღალდი ან ნაჭერიც ჩაყოლოთ. ეს მეთოდი აივნებისა და საკუჭნაოებისთვის მოსახერხებელია.

4. მარილიანი ხსნარით დამუშავება

უკეთ შესანახად ძირხვენებს მარილიანი ხსნარით ამუშავებენ, რაც მათ დაავადებებისა და ლპობისგან იცავს. 1 ლიტრ წყალში 10-15 გრამი მარილი კარგად გახსენით. თითოეული ჭარხალი სითხეში სრულად ამოავლეთ, გააშრეთ და შემდეგ შეინახეთ.

უმჯობესია, ისინი ქვიშიან ყუთებში ან პლასტმასის პარკებში მოათავსოთ და გრილ ადგილას გაიტანოთ.

5. თიხის საფარველი

ნორმალური ტენიანობის შენარჩუნებაში თიხის ჭიქურიც გვეხმარება. მისი გაკეთება საკმაოდ მარტივია. თიხის ფხვნილი (ზოგჯერ ცარცთან ერთად) წყალში გახსენით. მასა არაჟნის სისქის უნდა იყოს.

თითოეულ ჭარხალს ფესვში მოკიდეთ ხელი, თიხის მასაში ამოავლეთ და ზედმეტი სითხე ჩამოწურეთ. შემდეგ გასაშრობად დააწყვეთ ან დაკიდეთ. გაშრობის შემდეგ პროცედურა გაიმეორეთ. ასე დამუშავებული ბოსტნეული ტენს პარკებისა და შემავსებლების გარეშეც ინარჩუნებს.

6. მაცივარში შენახვა

მაცივრის ბოსტნეულის განყოფილებაში ძირხვენების შესანახად ოპტიმალური პირობებია. თითოეული ჭარხალი ქაღალდში ან ფოლგაში შეახვიეთ და უჯრაში ჩააწყვეთ. ასევე შეგიძლიათ, ისინი ნახვრეტებიან პლასტმასის პარკებში მოათავსოთ.

მცირე რაოდენობით ჭარხლის შესანახად ეს საუკეთესო გზაა. შესაძლებელია მისი გაყინვაც — წინასწარ გაფცქვენით, გარეცხეთ და სასურველ ფორმაზე დაჭერით. გაყინეთ ერთ ფენად, შემდეგ კი პარკებში ან კონტეინერებში გადაიტანეთ.

გავრცელებული შეცდომები შენახვისას

რათა მოსავალი არ გაგიფუჭდეთ, მოერიდეთ შემდეგ შეცდომებს:

  • ჭარბი ტენიანობა: შენახვამდე ბოსტნეული აუცილებლად უნდა გაშრეს (ნესტიან ამინდში აღებული — 5-7 დღე).
  • არასწორად მოჭრილი ფოჩი: ნორმალური სიგრძე 8-10 მმ-ია. უფრო გრძელი ან მოკლე ხშირად ლპება.
  • არასწორი ტემპერატურა: იდეალურია 1-3°C. სხვა შემთხვევაში ჭარხალი ფუჭდება.
  • ცუდი ვენტილაცია: ჰერმეტულ პარკებში, ნახვრეტების გარეშე, ტენი გროვდება და ბოსტნეული ლპება.

მთავარი წესი: კატეგორიულად იკრძალება ოდნავ დაზიანებული ძირხვენების შენახვა. დაზიანებულ ადგილებში ბაქტერიები და სოკოები მარტივად აღწევს და ლპობა სწრაფად იწყება.