ინდური ხახვი(ძაღლნიორა) სახსრებისთვის

410
photo by naturescape.co.uk

ინდური ხახვი(ძაღლნიორა) ოთახის მცენარეა, რომელიც სხვადასხვა დაავადების დროს შესანიშნავ დამხმარე საშუალებას წარმოადგენს. თუმცა ფრთხილად უნდა იყოთ, ინდური ხახვი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, თუ მას საკვებად გამოიყენებთ.

ართრიტის და პოლიართრიტის დაავადების დროს ინდური ხახვით მომზადებული საშუალება ტკივილს აქრობს და ანთებით სახსრებზე თერაპიულ მოქმედებას ახდენს. ამ შემთხვევაში სპირტიანი ნაყენი ყველაზე მეტად ეფექტური იქნება.

სპირტიანი ნაყენის რეცეპტი: 1 ღერო დაქუცმაცებული მცენარე მინის ქილაში მოათავსეთ, არაყი დაასხით (10 ნაწილ არაყზე 1 ნაწილი ნედლი მასალა) და 14-15 დღე ბნელ ადგილას დააყენეთ. ეს ნაყენი ჯერ ხელისგულზე დაისხით, შემდეგ მტკივნეულ ადგილას დღეში 3-ჯერ შეიზილეთ. გახურების შეგრძნებას 10-15 წუთში იგრძნობთ.

ნაყენი ევკალიპტის ზეთზე: მინის ჭურჭელში 15 მლ ეთერზეთს 50 მლ სამედიცინო სპირტი დაუმატეთ. კარგად აურიეთ, შემდეგ თავსახური მჭიდროდ დაახურეთ და 1 საათით გააჩერეთ. 15 სმ სიგრძის ინდური ხახვის ფოთოლი თეფშზე ფაფის მიღებამდე დაჭყლიტეთ, შემდეგ მინის ჭურჭელში გადაიტანეთ და ევკალიპტის ზეთის და სპირტის ნარევი დაასხით. თავსახური მჭიდროდ დაახურეთ, რამდენჯერმე შეანჯღრიეთ, ბნელ ადგილას 7 დღე გააჩერეთ, პერიოდულად აურიეთ. დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ ფოთლების მოშორების გარეშე ნაყენი მტკივნეულ ადგილას (სახსრები, ძვლები) წაისვით, შარფით ან თბილი ხელსახოცით შეიფუთეთ.

ბალახების ნაკრები: 15 გრ პიტნის ფოთოლი, 15 გრ ფარსმანდუკის ყვავილები, 30 გრ კრაზანას ბალახი, 15 გრ კამის თესლი, 15 გრ ინდური ხახვის ფოთლები. შერჩეული ინგრედიენტი დააქუცმაცეთ, აურიეთ, შემდეგ 2 ს/კ ნარევი აიღეთ და მინის ქილაში გადაიტანეთ, 2 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, თავსახური დაახურეთ, პირსახოცით შეფუთეთ და 2 საათით გააჩერეთ. შემდეგ მეორე ჭურჭელში ორ ფენა გაკეცილი მარლით გადაწურეთ და საფენებისთვის გამოიყენეთ.

გაფრთხილება! სანამ საფენებს გაიკეთებთ, კანზე ტესტირება ჩაიტარეთ, რადგან მგრძნობიარე კანის შემთხვევაში ქავილი და სიწითლეა მოსალოდნელი.

ღამით სახსრებზე ინდური ხახვისა და ღორის ქონისგან (1:15) მომზადებული მალამოს წასმა ძალიან კარგია. ხახვის დიდი ფოთოლი დააქუცმაცეთ, მინის ქილაში გადაიტანეთ და ქონი დაუმატეთ. ორივე ინგრედიენტი კარგად აურიეთ და მალამო მტკივნეულ სახსრებზე წაისვით. შალის ქსოვილით შეიხვიეთ და საფენი დილამდე გაიჩერეთ. დილით სიმსუბუქეს იგრძნობთ. ასეთი პროცედურა 10-15-ჯერ გააკეთეთ. თქვენ სახსრების მდგომარეობის გაუმჯობესებას იგრძნობთ – ტკივილი გაქრება და სიარული გაგიადვილდებათ.

წვრილად გახეხილი პირშუშხას ფესვები ინდური ხახვის დაქუცმაცებულ ფოთლებს 2:1 პროპორციით აურიეთ და ეს ნარევი მტკივნეულ რადიკულიტზე, სახსრებზე, ზურგსა და წელზე წაისვით.

1 ჭიქა იასამნის ყვავილები მინის ქილაში მოათავსეთ, 5 ს/კ ინდური ხახვის ნაყენი დაუმატეთ, 0,5 ლ არაყი დაასხით, თავსახური მჭიდროდ დაახურეთ და 7-10 დღე დააყენეთ. ეს ნაყენი შეგიძლიათ ზურგის, წელის და სახსრების ტკივილის დროს შესაზელად გამოიყენოთ.

სასურველია, ნებისმიერი ხალხური საშუალების გამოყენების წინ ექიმთან კონსულტანცია გაიაროთ. ყოველი ასეთი პროცედურის შემდეგ ორპირ ქარს და გაცივებას მოერიდეთ. ჯანმრთელად იყავით და საკუთარ თავს მოუფრთხილდით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს