ფიჭვის კვირტები საპატიო ადგილს იკავებს მრავალ სხვა სამკურნალო მცენარეს შორის. მოამზადეთ ისინი, რათა სამკურნალო საშუალება ყოველთვის გქონდეთ საშინაო აფთიაქში.
ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე ეფექტურ სამკურნალო რეცეპტს, თუმცა მანამდე უნდა გავერკვეთ კვირტების მოკრეფისა და მომზადების საკითხებში.
ფიჭვის კვირტებს გაზაფხულზე (მარტი-აპრილი) ამზადებენ, ზრდის პერიოდის დასაწყისში, როცა კვირტები არომატული და წებოვანია. ახალგაზრდა ხეებს აჭრიან მორჩების ზედა ნაწილებს, რომლებზეც შემდეგ კვირტები ამოდის. ნედლეული უნდა გამოშრეს გრილ, განიავებად ოთახში, რამდენადაც სითბოში იგი ჭკნობას იწყებს.
10 გ კვირტი უნდა მოხარშოთ 1 ჭიქა წყალში, თავდახურულ ჭურჭელში, დააყენოთ 2 საათით, გადაწუროთ და მიიღოთ 1 ს.კ. დღეში 3-4-ჯერ, როგორც ამოსახველებელი, მადეზინფიცირებელი და შარდმდენი საშუალება.
ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს იღებენ კვირტების ნახარშს: 10 გ ხმელ ნედლეულს ხარშავენ 1 ჭიქა წყალში 30 წუთით, შემდეგ წურავენ და მდუღარე წყლით საწყის მოცულობამდე აჰყავთ. მიიღებენ 1 ს.კ.-ს დღეში სამ-ოთხჯერ.
ანალოგიურად მზადდება და დღეში სამჯერ მიიღება ნახარში პიელონეფრიტის, ცისტიტის, ასციტისა და თირკმლებისა თუ უროგენიტალური გზების სხვა დაავადებების დროს.
ოსტეოქონდროზი: გარეცხეთ და ქსოვილზე გააშრეთ კვირტები, შემდეგ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და შეურიეთ შაქარს 2:1 პროპორციით. მოათავსეთ მასა შუშის ქილაში, მჭიდროდ დაახურეთ და 2 კვირით შედგით მაცივარში. როცა ქილის შემცველობა ფერს შეიცვლის და მწვანის ნაცვლად გაყავისფერდება – წამალი მზადაა. მიიღეთ 1 ჩ.კ. დღეში სამჯერ. ჩაყლაპვამდე, წამალი დიდხანს უნდა გაიჩეროთ პირში. მკურნალობა 2-3 კვირას საჭიროებს.
დამამშვიდებელი აბაზანა: 50 გ კვირტები ხარშეთ 1 ლ წყალში მანამ, სანამ ქვაბში 50 მლ ნახარში არ დარჩება. გადაწურეთ და ჩაღვარეთ აბაზანაში, 34—36°С წყალში. აბაზანა 10-15 წუთით უნდა მიიღოთ. მკურნალობას 10 პროცედურა ჰყოფნის.
ვიტამინური სასმელი: 3 ს.კ. კვირტებს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი (ან რძე), ადუღეთ 15 წუთით, გადაწურეთ, მიიღეთ 0.5 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.
გამელოტება: 100 გ კვირტები ხარშეთ 30 წუთით 1 ლ წყალში, დააყენეთ 10 წუთით, გადაწურეთ და შეიზილეთ თავის კანში ან გაივლეთ თმები დაბანის შემდეგ.
ფიჭვის თაფლი: ეს საშუალება ვიტამინების ნაღმია. მის მოსამზადებლად, გარეცხეთ ახალმოკრეფილი კვირტები ცივ წყალში, ჩაყარეთ ემალის ქვაბში, დაასხით 2 წილი ცივი წყალი, დაახურეთ თავსახური და ნელ ცეცხლზე აადუღეთ. ხარშეთ 15-20 წუთით. ნახარშს მდუღარე წყალი უნდა დაასხათ საწყის მოცულობამდე, დაუმატოთ 2 წილი შაქარი და, მორევით, ისევ აადუღოთ. მიღებული სიროფი ჩაასხით ქილაში და მჭიდროდ დააცეთ თავსახური. შენახვისას სიროფი შაქრდება. მიიღეთ 1 ს.კ. ჩაისთან ან რძესთან ერთად. ეს საშუალება ხველის დროსაც გვშველის.
ყურადღება! არაა რეკომენდებული ფიჭვის კვირტების პრეპარატების შინაგანი გამოყენება ნეფრიტის, ფეხმძიმობისა და ჰეპატიტის დროს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!