გულყვითელა სხვადასხვა დაავადებისგან განკურნებაში გვეხმარება

273
photo by Nickolas Titkov on wikipedia

ნარგიზელა, გულყვითელა თუ კალენდულა გამორჩეული ხალხური საშუალებაა. იგი ნებისმიერ პირობებში იზრდება. ყვავილს მოქმედების ფართო სპექტრი აქვს. გულყვითელასადმი ოფიციალური მედიცინაც პატივისცემით გამოირჩევა. ამის შესახებ მეტყველებს ის ფაქტი, რომ კალენდულას ყვავილები ყველა აფთიაქში იყიდება. წარმოგიდგენთ სხვადასხვა დაავადების სამკურნალო რეცეპტებს კალენდულას მონაწილეობით.

პროქტიტი და პარაპროქტიტი (სწორი ნაწლავის ნახეთქები და ანთება)

ამ დაავადების დროს, კალენდულა მიკროოყნების სახით გამოიყენება. 1 ჩ.კ. ყვავილებს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 30 წუთით, გადაწურეთ, შეიყვანეთ უკანა ტანში რეზინის დგუშის გამოყენებით (წინასწარ უნდა გაიკეთოთ გამწმენდი ოყნა). სასურველია, ეს პროცედურა ღამით გააკეთოთ.

ღვიძლის დაავადებები

გულყვითელა აუმჯობესებს ნაღველწარმოქმნას, რითაც ხელს უწყობს ღვიძლის გაწმენდას ტოქსინებისგან. გარდა ამისა, იგი ახშობს ამ ორგანოში ანთებით პროცესებს. ყვავილის მოქმედების გასაუმჯობესებლად, მისი მიღება უკეთესია სხვა ბალახებთან ერთად: კრაზანასთან, ველურ ძირტკბილასთან, ნეგოსთან, გვირილის ყვავილებთან, მატიტელასთან და ხეჭრელის მერქანთან ერთად, თანაბარი წილებით. 20 გ მასას ასხამენ 3 ჭიქა ცივ წყალს, გააჩერეტ 8-10 საათით, შემდეგ ხარშეთ 5 წუთით, დააყენეთ 30 წუთით და გადაწურეთ. დალიეთ 5-6 ულუფად დღის განმავლობაში. ან, 2 ს.კ. ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი, გაათბეთ მდუღარე წყლის ორთქლზე 15 წუთით და გადაწურეთ. მიიღეთ 1-2 ს.კ. დღეში 2-3-ჯერ, თბილი.

კანის პრობლემები

კანის ცხიმიან სებორეას, კოჭებზე არსებულ წყლულებს, ნაირფეროვან სირსველს, იმპეტიგოს (სტრეპტოკოკით ან სტაფილოკოკით დაზიანება), ნებისმიერ ჩირქოვან გამონაყარს წარმატებით კურნავენ კალენდულას მარილიანი ნაყენის გამოყენებით.

50 გ ხმელ ყვავილებს დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ მთელი ღამით. დილით გადაწურეთ, ნედლეული დაწურეთ. ნაყენს დაუმატეთ 50 გ მსხვილი მარილი და მოურიეთ მის სრულ გახსნამდე. მარილიან ნაყენში ალბობენ 6-8 ფენად დაკეცილ მარლას და 1 საათით იდებენ დაზიანებულ მონაკვეთებზე, დღეში ორჯერ. კომპრესის მოხსნის შემდეგ, დაზიანებული მონაკვეთები უნდა დაიზილოთ მალამოთი, რომელიც იხვის ან ქათმის ქონითაა დამზადებული. 1 წილ ქონზე უნდა აიღოთ კალენდულას 5 წილი სპირტიანი ნაყენი, კარგად მოურიეთ და 2 საათის განმავლობაში გააჩერეთ ორთქლის აბაზანაზე, სპირტის ასაორთქლებლად (არ დაუშვათ ემულსიის ადუღება). ასეთი მალამო განსაკუთრებით კარგია მოყინვისა და კოჭების ტროფიკული წყლულების სამკურნალოდ. სისხლდენიან წყლულებზე კი იდებენ მარლას, ჩალბობილს კალენდულას ყვავილებისა და აბზინდის ფოთლების ტინქტურაში. ჭრილობები დაჩირქების გარეშე ხორცდება.

ცხვირ-ხახის ანთება

სტომატიტი, გინგივიტი, დისტროფიული პაროდონტოზი, ტონზილიტი – პირის ღრუსა და ყელში ნებისმიერი სახის ანთება იკურნება კალენდულას სავლებით. 20 გ ყვავილებს დაასხით 100 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ მთელი ღამით, გადაწურეთ და გამოივლეთ ცხვირ-ხახის ანთებული მონაკვეთი ყოველ 2 საათში. მწვავე ანგინის დროს, ყელი ყოველ 30 წუთში უნდა გამოივლოთ.

კუჭისა და ნაწლავის დაავადებები

გასტრიტის, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, კოლიტის, ენტეროკოლიტის, ღვიძლისა და საშარდე გზების დაავადებების დროს ბალახეული ნაკრები გვეხმარება: თანაბარი რაოდენობით აღებული გულყვითელას, გვირილის, ფარსმანდუკის 2 ს.კ. ნარევს დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ მთელი ღამით. გადაწურეთ და მიიღეთ 3/4 ჭიქა დღეში სამჯერ, 40 დღის განმავლობაში. 14-დღიანი შესვენების შემდეგ, კურსი გაიმეორეთ. მუცლის შებერილობისა და მეტეორიზმის დროს, ბალახეულ ნაკრებს უნდა დაუმატოთ 1 ს.კ. დაქუცმაცებული კატაბალახას ფესვები და კამის თესლები. ხოლო ბოყინის დროს – კიდევ 2 ს.კ. ჭაობის კოთხოჯის ფესვი.

თვალების დაავადებები

ბლეფარიტის მსუბუქი ფორმები, საცრემლე და გამომყოფი არხების დაბინძურების გარეშე, ასევე, კონიუქტივიტი და ჯიბლიბო იკურნება გულყვითელას ხმელი, დაორთქლილი ყვავილების კომპრესებით: 1 ს.კ. ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. მხედველობის შესუსტების დროს, ნაკრებს უმატებენ კორდისკბილას ყვავილებს (1:1). მკურნალობის კურსი ექვსთვიანია.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

რომლებსაც თან ახლავს გახშირებული გულისცემა, ქოშინი და შეშუპება, განიკურნება კალენდულათი, ადონისითა და კატაბალახათი. შეურიეთ ბალახები თანაბარი რაოდენობებით, 1 ს.კ. ნაკრებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ მთელი ღამით, გადაწურეთ და დალიეთ 2 ს.კ. ყოველ 3 საათში, მიუხედავად საკვების მიღებისა. ამასთან, არ შეწყვიტოთ მკურნალობა, რომელიც ექიმმა დაგინიშნათ. მიიღეთ ნაყენი ყოველთვე, ათი დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი 6 თვე უნდა გაგრძელდეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს