გველის სურო ხსნის სისხლძარღვების სპაზმებს

0
1349

გველის სურო(Vinca minor) ლათინურად ნიშნავს დაწვნას – აქედან მოდის მისი სახელწოდებაც. ესაა ქენდირისებრთა ოჯახის მცენარე, რომელსაც გართხმული აგებულება და ტყავისებრი მოზამთრე ფოთლები აქვს. მცენარის სამკურნალო და სხვა თვისებებს შუა საუკუნეებშიც კი იცნობდნენ. მაშინ სწამდათ, რომ გველის სუროს გარკვეული მაგიური თვისებები ჰქონდა, რომლებსაც ავი სულების განდევნა და სიყვარულის მოზიდვა შეეძლო.

დღეისათვის გველის სუროს ფართოდ იყენებენ როგორც სამეცნიერო, ისე ხალხურ მედიცინაშიც. ზოგიერთი მკურნალი გვირჩევს ამ მცენარის მოხმარებას ისეთი მძიმე დაავადებების დროს, როგორებიცაა ლეიკოზი, ლიმფოგრანულომატოზი, თავის ტვინის დაავადებები და სხვ.

გამაჯანსაღებელი მიზნით გამოიყენება მიწისზედა ნაწილი – ღეროები, ფოთლები, ყვავილები. ნედლეულს კრეფენ მცენარის ყვავილობის პერიოდში (მაის-ივნისში). ღეროებს ჭრიან, რადგან მცენარის მოწყვეტა არ შეიძლება.

გველის სურო წარმატებით გამოიყენება I და II ხარისხის ჰიპერტონიის (ნახარში), გულის ცხოველქმედების დარღვევების (მათ შორის, არითმიის), თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმების, შაკიკის, ავიტამინოზის, გამონაყარის, დიაბეტის, ფაღარათის, კოლიტის, ტუბერკულოზის, ფილტვების ემფიზემის, ფილტვების, ნაწლავების, საშვილოსნოსა და ცხვირის სისხლდენის დროს.

ნახარშით ივლებენ პირის ღრუს, კბილის ტკივილის, ლორწოვანი გარსის ანთების, პირის ღრუს უსიამოვნო სუნის დროს. ნახარშით, ასევე, იბანენ სისხლმდენ და ჩირქოვან ჭრილობებს, იკეთებენ კომპრესებს ეკზემის დროს. სახის კანის ელასტიურობისა და სირბილისთვის, შეგიძლიათ გველის სუროს ნახარშით ჩამოიბანოთ.

გველის სუროს ტინქტურა (არაყზე): ნახევარლიტრიანი ქილა მესამედამდე გაავსეთ დაქუცმაცებული ბალახებით (ღეროები, ფოთლები, ყვავილები). პირთამდე დაასხით არაყი, დაახურეთ და დააყენეთ ბნელ და თბილ ადგილას  9 დღე, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 7 წვეთი, გაზავებული 50 მლ წყალში, დილა-საღამოს, ჭამის წინ (ლეიკოზის დროს).

ნაყენი წყალზე: 1 ჩ.კ. ბალახს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 20 წუთით და გადაწურეთ. მიიღეთ დღეში სამჯერ, 1 ს.კ.

გველის სუროს ფოთლების ნახარში: 1 ს.კ. ნედლეული 1 ჭიქა წყალში ხარშეთ 1 წუთით, დააყენეთ 30 წუთით და გადაწურეთ. მიიღეთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამის წინ.

გველის სუროს ნახარში (გარეგანი გამოყენებისთვის): 1 ს.კ. ნედლეული 1 ჭიქა წყალში ხარშეთ 1 წუთით, დააყენეთ და გადაწურეთ. გამოიყენეთ გარეგანად ჭრილობებზე, ჩირქოვან წყლულებზე, კანის ქავილის, ეკზემის, გამონაყარის, პირის ღრუსა და ღრძილების დაავადებების დროს და ა.შ.

ყურადღება! ჰიპერტონიის დროს, სპირტიანი ნაყენის გამოყენება არაა რეკომენდებული. რამდენადაც გველის სურო შხამიანი მცენარეა, მისი პრეპარატების მოხმარებისას დოზირება მკაცრად უნდა დაიცვათ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი