გულყვითელა – აუცილებელი ყვავილი საშინაო აფთიაქში

0
517
ფოტო:Nickolas Titkov on wikimedia

სამკურნალო გულყვითელა არამხოლოდ ბაღის შესანიშნავი სამკაული, არამედ ძალიან სასარგებლო და ფართოდ გამოყენებული ხალხური და ოფიციალური სამკურნალო საშუალებაა.

გულყვითელას სამკურნალო თვისებები

გულყვითელა შესანიშნავი დამხმარეა ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, ელენთის, კუჭის სპაზმების, შარდკენჭოვანი დაავადებების დროს; აგრეთვე, ხველის, ჰიპერტონიის, გული ნევროზისა და მსგავსი დაავადებების სამკურნალოდ. გარეგანად მას იყენებენ საშვილოსნოს ყელის ეროზიისა და უკანა ტანის ნახეთქების მოსარჩენად. იგი ხსნის შეშუპებასა და ქავილს, რომლებსაც მწერების კბენა იწვევს, ამისთვის ყვავილის ფოთლების წვენის ან ნაყენის წასმაც საკმარისია. ხოლო იმ ჭრილობების დასაბანად, რომლებიც დიდი ხანია არ ხორცდება, ყვავილედების ახალ წვენს იყენებენ.

გულყვითელას ნაყენი, ტინქტურა და მალამო კარგად მოქმედებს დამწვრობის, მოყინვის, ვენების ვარიკოზული გაგანიერების, ქუსლებისა და ხელების ნახეთქების, წყლულებისა და ფისტულების დროს.

ამასთან, გულყვითელა დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ამცირებს აგზნებადობასა და არტერიულ წნევას, აუმჯობესებს ძილს, ხსნის თავის ტკივილებს.

გულყვითელას ყვავილები, თუ მათ სამკურნალოდ იყენებთ, უნდა მოკრიფოთ დილით, ცვრის გაშრობის შემდეგ. იგი უნდა მოჭრათ ყვავილის ყუნწიანად, ყვავილი რომ არ დააზიანოთ. მოკრეილი ნედლეული მოათავსეთ ფანჩატურში ან კარგად განიავებად მშრალ და თბილ ოთახში. ამასთან, იგი დროდადრო უნდა გადაატრიალოთ.

გულყვითელა – ღვიძლის შესანიშნავი დამხმარე

კუჭის წყლულის, გასტრიტისა და ღვიძლის დაავადებების დროს გვეხმარება გულყვითელას ნაყენი, რომელსაც ასე ამზადებენ: 1 ს.კ. ყვავილებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 საათით. მზა ნაყენი გადაწურეთ და მიიღეთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ. იგივე ნაყენი გამოიყენება ყელის გამოსავლებად ანგინისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების დროს.

სხვადასხვა გარეგანი დაზიანების დროს რეკომენდებულია გულყვითელას ნაყენის გამოყენება, რომელსაც შეიძენთ აფთიაქში ან დამოუკიდებლად მოამზადებთ. ამისთვის, 2 ს.კ. დაქუცმაცებული ნედლი ფოთლები ჩაყარეთ შუშის ჭურჭელში, დაასხით 0.5 ჭიქა სპირტი ან არაყი და დააყენეთ 2 კვირით ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, პერიოდულად შეანჯღრიეთ. შემდეგ მასა გადაწურეთ, დაწურეთ და გადაღვარეთ მუქი შუშის ბოთლში. შეინახეთ მაცივარში 1 წლის განმავლობაში. მიღებამდე, ნაყენი უნდა გააზავოთ წყალთან: 1 ჩ.კ. 200 მლ წყალზე. ამ საშუალებით ჩამოიბანეთ ჭრილობები, ჩირქგროვები, დამწვრობები და კანის სხვა სახის დაზიანებები.

საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს, 1 ს.კ. ეს ან აფთიაქის ნაყენი გააზავეთ 1 ლ წყალში და გამოიბანეთ საშოს გამოსაბანად.

ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების დროს, მიიღეთ გულყვითელას ნაყენი: დაიწყეთ 20 წვეთით და თანდათან გაზარდეთ 1 ს.კ.-მდე, მიიღეთ დღეში 2-3-ჯერ.

მეჭეჭებს მოგაშორებთ გულყვითელას ნედლი ყვავილედები, რომლებიც უნდა დანაყოთ და დაიდოთ მეჭეჭზე, ზემოდან კი დაიწებოთ ლეიკოპლასტი. პროცედურა გაიკეთეთ ღამით. გაიმეორეთ, სანამ მეჭეჭი არ მოგშორდებათ.

არითმიისა და აჩქარებული გულისცემის დროს, 2 ჩ.კ. გულყვითელას ყვავილედებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 საათით და გადაწურეთ. დალიეთ 0.5 ჭიქა დღეში სამჯერ.

პაროდონტოზის დროს, 10 გ ყვავილედებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 2 საათით, გადაწურეთ და გამოიყენეთ პირის ღრუს სავლებად.

ჰიპერტონიის დროს დაგეხმარებათ გულყვითელას ნაყენი, რომელსაც შემდეგნაირად ამზადებენ: 40 გ ყვავილებს დაასხით 100 მლ 40%-იანი სპირტი, დააყენეთ 1 კვირით. მიიღეთ 20-30 წვეთი დღეში სამჯერ.

გულყვითელას მალამოს ბაქტერიციდული თვისებები აქვს, ხელს უშლის ანთებითი პროცესების განვითარებას, აშორებს ქავილსა და გაღიზიანებას. სამკურნალო მალამო შეგიძლიათ რამდენიმე გზით მოამზადოთ. გთავაზობთ ორ მათგანს:

  1. კალენდულას ყვავილები დააფქვიეთ, 50 გ ნედლეულს შეურიეთ 200 გ ღორის ქონის ერბო. დადგით მდუღარე წყლის თავზე და აადუღეთ მასა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ისე, რომ მორევა არ შეწყვიტოთ. შემდეგ გააგრილეთ, მოათავსეთ შუშის ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.
  2. შეაზილეთ 1 ჩ.კ. დაფქული ხმელი ყვავილები 1 ს.კ. ვაზელინს.

კალენდულას მალამო გამოიყენება გარეგანად იმ ჭრილობების დროს, რომლების ცუდად ხორცდება, დამწვრობების, ალერგიული გამონაყარისა და ახალშობილების ჩახურებული კანის, ვენების ვარიკოზული გაგანიერების, ნახეთქებისა და მსგავსი პრობლემების სამკურნალოდ.

კალენდულას ზეთსაც აქვს ბაქტერიციდული და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება და ხელს უწყობს ჭრილობების სწრაფ შეხორცებასა და ქსოვილების აღდგენას. მისი გამოყენება კარგია კანის დასაცავად გარემოს მავნე ზემოქმედებისგან, ასევე, შინაგანი ორგანოების გამოჯანმრთელებისთვის.

ზეთის მოსამზადებლად, შუშის ქილა გაავსეთ ნედლი ყვავილებითა და ფოთლებით, 3/4-მდე, და დაასხით ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი პირთამდე. დაახურეთ და შედგით 10 დღით მაცივარში. ქილა ყოველდღე უნდა შეანჯღრიოთ. შემდეგ გადაწურეთ და შეინახეთ მაცივარში.

გარეგანად გამოიყენეთ დამწვრობის, ჭრილობების, ხელებისა და ქუსლების ნახეთქების, ვენების ვარიკოზული გაგანიერების, ნაწოლების, ჩახურებებისა და წყლულების დროს.

ზეთი შინაგანად გამოიყენება ჰიპერტონიის (4 წვეთი 0.5 ჭიქა წყალზე, დღეში სამჯერ, ჭამამდე), თავის ტკივილების (შეიზილეთ საფეთქლებში, შუბლსა და კეფაზე) დროს. ასევე, ზეთი გვეხმარება კუჭის წყლულის, ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემებისა და გასტრიტის განკურნებაში.

ყურადღება!

გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და დაბალი წნევების მქონე ადამიანებისთვის, გულყვითელას პრეპარატების გამოყენება საჭიროა დიდი სიფრთხილით და მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, რადგან ამ მცენარეს აქვს უნარი, გაზარდოს გულის კუმშვები და შეამციროს სისხლის წნევა.

ასევე, კალენდულა არაა რეკომენდებული ნაღველკენჭოვანი დაავადებების დროს, რამდენადაც მას ნაღველმდენი მოქმედება აქვს და შეიძლება გამოიწვიოს კენჭების დაძვრა და სანაღვლე გზების ჩახერგვა. გარდა ამისა, კალენდულას პრეპარატების შინაგანი გამოყენება დაუშვებელია ფეხმძიმობის პერიოდში, ასევე, 12 წლამდე ბავშვებმა პრეპარატი მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ უნდა მიიღონ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი