სახის საზაფხულო ნიღბები ფოტოდაბერების თავიდან ასაცილებლად

0
359
ფოტო: Karen Arnold on publicdomainpictures

ზაფხული, მზე, სიცხე… ზაფხულის მზის ქვეშ წოლა, თბილ წყალში ბანაობა, სახეზე მსუბუქი ნიავის შეგრძნება ერთი დიდი სიამოვნებაა. თუმცა ზაფხულში თქვენი კანი ასეთ სიამოვნებას ვერ იზიარებს. პაპანაქება დღეების დაწყებისთანავე სახის კანი აუტანელ დისკომფორტს განიცდის: მცხუნვარე მზე კანს ხან აშრობს, ხან ბევრ ოფლს და ცხიმს გამოყოფს. ეს კანზე მოქმედი ყველა უარყოფითი ფაქტორი არაა, რომელიც არასასურველ ფოტოდაბერებას, ანუ კანის ნაადრევ დაბერებას იწვევს. ამის თავიდან ასაცილებლად სპეციალური მზისგან დამცავი საშუალება და ნიღბები უნდა გამოიყენოთ. დაცვის ფაქტორი ინდივიდუალურად შეირჩევა, რაც კანის ტიპსა და მზეზე ყოფნის დროზეა დამოკიდებული. კანზე მისი ტიპის მიხედვით უნდა იზრუნოთ.

მშრალი კანი. 2 ს/კ თაფლი და 2 ჩ/კ რძე აურიეთ და სახესა და ყელზე წაისვით. 10 წუთის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ან ასეთი ნიღაბი გამოიყენეთ: გარგარის რბილობი ზეითუნის ზეთს აურიეთ ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. ნიღაბი 10 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ცხიმიანი კანი. ვაშლი წვრილ სახეხზე გახეხეთ, 5 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ, კარგად აურიეთ და სახეზე წაისვით. 10 წუთის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

მეორე ნიღაბი: კვერცხის ცილას 1 ჩ/კ ლიმონის წვენი და 5-10 წვეთი ნიგვზის ნაყენი დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ და სახეზე წაისვით (თვალის და ტუჩის ირგვლივ კანს მოერიდეთ). 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

მესამე ნიღაბი: მწიფე პომიდორი დაჭყლიტეთ და სახეზე წაისვით. 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

მგრძნობიარე კანი. თაფლი შეათბეთ და ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ. შემდეგ სახესა და ყელზე ფრთხილად წაისვით. 15 წუთის შემდეგ თბილი და ცივი წყლის მონაცვლეობით ჩამოიბანეთ.

მეორე ნიღაბი: სალათის ფურცლები ზეითუნის ზეთში დაასველეთ, ლიმონის წვენი შეასხით, შემდეგ სახეზე დაიდეთ, ზემოდან მინერალური წყლით გაჟღენთილი ქაღალდის სალფეთქი დაიფარეთ. 10 წუთში ნიღაბი მოიშორეთ, სახე რძეში დასველებული სელის სალფეთქით გაიწმინდეთ, შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ.

მესამე ნიღაბი: 1 ს/კ თაფლი, კვერცხის გული, 1 ჩ/კ გლიცერინი და ცოტა ფქვილი აურიეთ. ამასთან დაახლოებით ¼ ჭიქა მასა უნდა მიიღოთ. ნიღაბი სახესა და ყელზე 10 წუთით წაისვით, შემდეგ ჩამოიბანეთ (ეს ნიღაბი სახის კანის მოქნილობას ზრდის).

მეოთხე ნიღაბი: 1 მუჭა შვრიის ფანტელები წყალს აურიეთ, რამდენიმე წვეთი თაფლი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. ეს ნარევი კანზე რამდენიმე წუთით წაისვით, შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ (ეს ნიღაბი კანს არბილებს, შეგიძლიათ სკრაბის სახით გამოიყენოთ).

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი