ფოლიუმის მჟავით მდიდარი კერძების რეცეპტები.

186
ფოტო: propionix

ვიტამინებით მდიდარი სალათი – თანაბარი რაოდენობით დაჭერით ისპანახი, მოხარშული კვერცხი და ვირთევზას ღვიძლი (სწორედ ეს პროდუქტები შეიცავს დიდი რაოდენობით ფოლიუმის მჟავას, ხოლო სალათს დაუვიწყარი, მდიდარი გემო აქვს). შეაზავეთ ზეითუნის ზეთით.

სალათი “აისბერგი” – 300-500 გ სალათის ფოთლები გარეცხეთ, ოდნავ გააშრეთ, დაფლითეთ საშუალო ზომის ნაჭრებად. მოასხით 1 ლიმონის ახლადდაწურული წვენი, მოაყარეთ მარილი (სასურველია, ზღვის) გემოვნებით, კარგად მოურიეთ და შეაზავეთ ზეითუნის ზეთით.

სალათი “ცეზარი” – 150 გ სალათის ფოთოლი დაფლითეთ ხელით, წვრილად დაჭერით 1 კონა კამა, 150 გ მოხარშული ქათამი, 2-3 მოხარშული კვერცხი და 100 გ ყველი დაჭერით წვრილ კუბებად, შეაზავეთ მცენარეული ზეთითა და ლიმონის წვენით, გემოვნებით მოაყარეთ მარილი და შავი დაფქული პილპილი.

ყვავილოვანი კომბოსტოსა და სტაფილოს სალათი – 1 თავი ყვავილოვანი კომბოსტო გაარჩიეთ, გარეცხეთ, დაასხით მდუღარე და შემდეგ დაჭერით. 4 ც სტაფილო დახეხეთ, 2 ც კიტრი დაჭერით რკალებად. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, მოაყარეთ მარილი, შეაზავეთ მცენარეული ზეთითა და ლიმონის წვენით, მოაყარეთ სასურველი მწვანილი.

ისპანახი კვერცხით – 220 გ ისპანახი მოხარშეთ, დაწურეთ, შეურიეთ მწვანე ხახვს, მწვანილს, მარილს, და მოათავსეთ ტაფაზე. მოასხით 1 კვერცხი, ათქვეფილი მწვანილთან ერთად, და აცხვეთ ღუმელში მომზადებამდე.

ისპანახი ბრინჯით – 1 კგ ისპანახზე – 1 ს.კ. მცენარეული ზეთი, 0.5 ჭიქა დაქუცმაცებული გახუხული პური, 3 კვერცხი, 100 გ დახეხილი ყველი ან ხაჭო, 0.5 ჭიქა ბრინჯი, 1 ჭიქა რძე. ისპანახი გადაარჩიეთ და გარეცხეთ. დაჭერით და მოთუშეთ მცენარეულ ზეთში, დარბილებამდე. დაუმატეთ 0.5 ჭიქა გახუხული პური, გამორთეთ ცეცხლი და გააგრილეთ მასა. დაუმატეთ კვერცხი და ყველი. აადუღეთ ქვაბში 1.5 ჭიქა წყალი, მოათავსეთ მასში პატარა თავი ხახვი, ბრინჯი, მარილი, დაახურეთ და ხარშეთ ნელ ცეცხლზე, ბრინჯის მომზადებამდე. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და მოათავსეთ მასზე ისპანახის მასის ნახევარი. ზემოდან – სწორ ფენად დაადეთ ბრინჯი და “დაახურეთ” დარჩენილი ისპანახი. მოასხით რძით ათქვეფილი კვერცხი. გამოაცხვეთ ღუმელში.

ისპანახთან ერთად გამომცხვარი პომიდორი – 8 პომიდორს მოაჭერით ზედა ნაწილი და ფრთხილად ამოაცალეთ გული. 1 ჭიქა ისპანახი შეწვით მცენარეულ ზეთში, დაუმატეთ 2 კვერცხი და 0.5 ჭიქა დახეხილი ყველი. პომიდვრები გატენეთ, დაალაგეთ კარაქწასმუმლ ტაფაზე, დაუმატეთ პომიდვრის რბილობი, მოასხით მცენარეული ზეთი და აცხვეთ ღუმელში. გამოცხობის დასრულებამდე, მოასხით 2 კვერცხთან ათქვეფილი 1 ჭიქა რძე, მოაყარეთ მარილი და მწვანილი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს