რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ბოსტნეულს შორის, ყველაზე სასარგებლო ფესვნაყოფიანი ბოსტნეულია. მათი მკვებავი ნივთიერებები, მცენარის ზრდასთან ერთად, სწორედ მიწის ქვეშ დამალულ ნაწილში გროვდება. ასეთი ბოსტნეული დიდხანს ინახება, თითქმის არ კარგავს თავის თვისებებს. ფესვნაყოფიანთა სამკურნალო თვისებები ხალხურ მედიცინაში აქტიურად გამოიყენება.
სტაფილო – მხედველობისთვის
ბოსტნეულის დედოფალი შეიცავს В ჯგუფის, РР, С, Е, К ვიტამინებს, 1.3% ცილებს, 7% ნახშირწყლებს. მასში დიდი რაოდენობითაა მინერალური ნივთიერებებიც, რომლებიც ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია: კალიუმი, რკინა, ფოსფორი, მაგნიუმი, კობალტი, სპილენძი, იოდი, თუთია, ქრომი, ნიკელი, ფტორი და სხვ.
სტაფილოს მთავარი “თულფია” ბეტა-კაროტინი (ნივთიერება, რომელიც ადამიანის ორგანიზმში A ვიტამინად იქცევა). ნივთიერება სასარგებლოა მხედველობისთვის, უზრუნველყოფს კანისა და ლორწოვანი გარსების კარგი მდგომარეობის შენარჩუნებას.
სტაფილო, განსაკუთრებით კი მისი წვენი, გამოიყენება სამკურნალო კვებაში ჰიპო- და A ავიტამინოზის, ღვიძლის, გულ-სისხლძარღვთა, თირკმლისა და კუჭის დაავადებების, ანემიის, პოლიართრიტის, მინერალური მიმოცვლის დარღვევის დროს. სტაფილოს პიურე კარგია კოლიტის დროს.
სტაფილო, აგრეთვე, შეიცავს ფიტონციდებსაც. სურდოს სამკურნალოდ, სტაფილოს წვენი შეგიძლიათ ნესტოში ყოველ საათში ჩაიწვეთოთ. რეკომენდებულია სტაფილოს წვენის მიღება თაფლთან ერთადაც. მას იყენებენ ყელის სავლებად ანგინის დროს, წინასწარ მდუღარე წყალში გადაზავებულს.
რამდენიმე სტაფილო დახეხეთ ან დააფქვიეთ ბლენდერში, დაწურეთ წვენი, შეურიეთ თაფლს ან შაქარს გემოვნებით და მიიღეთ 1 ს.კ. დღეში 4-5-ჯერ, ყელში უსიამოვნო შეგრძნებების ან ხმის ხრინწიანობის დროს.
სტაფილოს წვენით ივლებენ პირის ღრუს ღრძილების ანთებისა და სტომატიტის დროსაც. ხველის სამკურნალოდ, ბრონქიტის, ლარინგიტის, ტრაქეიტისა და პნევმონიის დროს ნახველის გამოდევნის გასამარტივებლად, ხალხური მედიცინა გვირჩევს სტაფილოს წვენის რძესთან ერთად (1:1) მიღებას, 1 ს.კ. დღეში 5-6-ჯერ, ან თაფლთან ერთად (1:1), 1 ჩ.კ. დღეში 5-6-ჯერ. ეს ნაზავი ხშირად გამოიყენება პედიატრიაშიც.
მამაკაცებისთვის, სქესობრივი უძლურობის დროს, სასარგებლოა თაფლიანი სტაფილოს წვენის მიღება: 1 ს.კ. ჭამამდე, დღეში 3-4-ჯერ. კუჭის მჟავიანობის შესამცირებლად, დაჭერით 2 საშუალო სტაფილო, დაასხით 3 ჭიქა წყალი და ადუღეთ მანამ, სანამ სითხე 1.5 ჭიქამდე არ შემცირდება. გააგრილეთ, დაასხით ეს ნახარში 1 ჩ.კ. ნედლ სელის თესლს. დალიეთ დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. სიმსუქნის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, მიირთვით სტაფილო კომბოსტოსთან და ძახველთან ერთად.
ხალხურ მედიცინაში, წვრილად დახეხილ სტაფილოსა და მის წვენს იზელენ დამწვრობებზე, კანის მოყინულ მონაკვეთებზე, ჭრილობებსა და წყლულებზე. დიათეზის დროს, სტაფილოს ნედლი ფოთლების ფაფას უსვამენ დაზიანებულ მონაკვეთებზე. ნეიროდერმიტის, წყლულების, დამწვრობების, განგრენოზული ჭრილობების დროს, გამოიყენება ნედლი ფოთლების წვენი და ფაა (გარეგანად).
კოლრაბი – ფიგურისთვის
იდუმალი სახელწოდება “კოლრაბი” მოიაზრებს კომბოსტოსებრთა ოჯახის მცენარეს, რომელსაც თითქმის არ აქვს ფოთლები, ხოლო მის ძირითად მასას წარმოადგენს ბოლქვი. იგი კომბოსტოს საკვები ნაწილია.
კოლრაბის რბილობი მდიდარია გლუკოზით, ფრუქტოზით, გოგირდის ნაერთებით, კალიუმის მარილებით, В1, В2, РР ვიტამინებითა და ასკორბინის მჟავით.
ტარტრონული მჟავის (ნივთიერება, რომელიც ანელებს საკვებით მიღებული ნახშირწულების გარდაქმნას ორგანიზმის საკუთარ ცხიმად) დამსახურებით, კოლრაბის რეგულარული მოხმარება ამცირებს ჭარბ წონას და გვეხმარება ორგანიზმიდან შლაკების გამოდევნაში. გარდა ამისა, კომბოსტოს შარდმდენი მოქმედებაც აქვს, წმენდს ნაწლავებს შლაკებისგან, ხსნის ანთებას საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების დროს, არეგულირებს წნევას და აძლიერებს და აჯანსაღებს მთელ ორგანზმს.
კოლრაბი, თეთრთავა კომბოსტოსგან განსხვავებით, უფრო მარტივად აითვისება, არ იწვევს ნაწლავების შებერილობასა და მეტეორიზმს.
გასტროენტეროლოგიური კვლევები ამტკიცებს, რომ კოლრაბის მოხმარება მნიშვნელოვნად ამცირებს სწორი ნაწლავის კიბოს რისკს, რადგან მის შემადგენლობაში გოგირდის ნაერთებია; ასევე, ფილტვების, სარძევე ჯირკვლის, შარდის ბუშტისა და მამაკაცის სასქესო ორგანოების კიბოს ალბათობაც მცირდება.
კოლრაბის მოხმარებისას, აღდგება ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციები, უმჯობესდება მადა, მსუბუქდება ისეთი დაავადებების მიმდინარეობა, როგორებიცაა ქრონიკული გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები და ნაღველკენჭოვანი დაავადება. კოლრაბის ნაჭერი შეგიძლიათ ჭამის წინ მისცეთ ბავშვებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც უარს ამბობს ძირითად კერძზე.
ძირთეთრა – ფილტვებისთვის
ძირთეთრას სამკურნალო თვისებები ტრადიციული მედიცინის მიერაა აღიარებული. იგი აუმჯობესებს საკვების მონელებას, აძლიერებს კაპილარების კედლებს, აქვს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, ხელს უწყობს ამოხველებას ფილტვების დაავადებების დროს, სასარგებლოა ფილტვების ტუბერკულოზის, ბრონქიტის, პნევმონიისა და ემფიზემის დროს.
ძირთეთრას მსუბუქი შაქრისშემამცირებელი ეფექტი აქვს. რეკომენდებულია მადის გასაღვიძებლად და სპაზმოლიტიკურ საშუალებას, საკვების მონელების დარღვევების, თირკმლებში ქვიშისა და კენჭების არსებობის დროს, და როგორც შარდმდენი საშუალება: 2-3 ს.კ. ხმელი, დაქუცმაცებული ფოთლები ან 2 ჩ.კ. დაქუცმაცებული ფესვი, ან 0.5 ჩ.კ. დანაყული ნაყოფი 2 ჭიქა წყალში ხარშეთ 15 წუთით, პირველ კვირას მიიღეთ 3-4 ს.კ., ხოლო მეორე კვირას – 5-6 ს.კ. დღეში, მესამე კვირას გადადით მეოთხედ ჭიქაზე.
ხალხურ მედიცინაში ბალახის ნახარში და ნაყენი გამოიყენება, როგორც შარდმდენი საშუალება წყალმანკის დროს, როგორც ტკივილგამაყუჩებელი – თირკმლების, ღვიძლისა და კუჭის კოლიკების, ხველისა და ციებ-ცხელების დროს.
ოხრახუშის ფესვი – კანისთვის
ამ მცენარეს შეგვიძლია “პატარა აფთიაქი” ვუწოდოთ. ოხრახუში შეიცავს კალიუმს, ნატრიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას, პროვიტამინ A-ს, В1, В2, РР, Е, С ვიტამინებს, ფიტონციდებს, რომლების ამცირებს ლპობისა და დადუღების პროცესებს.
ოხრახუშით შეიძლება თითქმის ყველა ორგანოსა და სისტემის განკურნება. იგი კარგად ეთავსება ნებისმიერ სხვა სამკურნალო საშუალებას. ოხრახუშის ფესვი შეუცვლელია შარდკენჭოვანი დაავადების, ცისტიტისა და პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ ბრძოლაში.
შარდმდენი საშუალება (ოხრახუშის ნაყენი): წვრილად დაჭერით ბოლქვი და მწვანილი, დაასხით მდუღარე წყალი (1 ს.კ. მასას 1 ჭიქა) და დააყენეთ 1 საათით. გადაწურეთ და მიიღეთ 0.5 ჭიქა დღეში ორჯერ.
გულიდან მომავალი შეშუპების დროს, ამზადებენ ნახარშს: 1 ს.კ. ფესვი ხარშეთ 1 ჭიქა წყალში 10 წუთით. დალიეთ დღეში ორჯერ, 1-2 ჭიქა. თუმცა, აღნიშნული ნახარშის უკუჩვენებაა ნეფრიტი.
მეტეორიზმის, ნაწლავის კოლიკების, მომატებული მჟავიანობის გასტრიტის დროს, დაგეხმარებათ ფესვების ნაყენი: 2 ს.კ. დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 0.5 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 5 საათით თერმოსში, დაწურეთ, გადაწურეთ და მიიღეთ დღეში ოთხჯერ, 1-2 ს.კ., ჭამამდე 30 წუთით ადრე.
პროსტატიტის სამკურნალოს, ოხრახუშის ფესვი დახეხეთ, 1 ს.კ. მასას დაასხით 100 მლ მდუღარე წყალი, შეახვიეთ და გააჩერეთ 10 საათით (მთელი ღამით). შემდეგ გადაწურეთ და დაწურეთ. მიიღეთ 1 ს.კ. დღეში ოთხჯერ, ჭამის წინ.
პირშუშხა – იმუნიტეტისთვის
პირშუშხა შეიცავს C ვიტამინს – ორგანიზმისთვის ერთ-ერთ ყველაზე აუცილებელ ნივთიერებას, რადგან იგი უამრავ ფუნქციას ასრულებს და, რაც მთავარია, უზრუნველყოფს იმუნურ დაცვას.
ასევე, მცენარის ფესვი შეიცავს კაროტინს, რომელიც ღვიძლში A ვიტამინად გარდაიქმნება, გვიცავს დაბერებისგან, კიბოსგან, მავნე ნივთიერებებისგან, კანის დაავადებებისგან, მხედველობის დაქვეითებისგან.
პირშუშხა მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებითაც: B1 აუმჯობესებს ცნს-ს მუშაობას; B2 – საუკეთესოდ გვეხმარება სტრესის დაძლევაში, ანუ, გრძნობებთან გამკლავებაში; B6 უზრუნველყოფს ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას, რაც აუცილებელია ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის; B9 – სისხლწარმომქმნელია. B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი სასარგებლოა კანისს, თმისა და თვალებისთვის.
ასევე, პირშუშხა განთქმულია კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის, მაგნიუმის, ნატრიუმის, სპილენძისა და მარგანეცის მინერალური მარილებით.
მცენარე გამოიყენება ტრადიციულ მედიცინაში, როგორც მადისაღმძვრელი საშუალება. გარდა ამისა, პირშუშხას ანტიბაქტერიული თვისებებიც აქვს, რამდენადაც შეიცავს მძლავრი ბაქტერიციდული მოქმედების ფიტონციდებს. იგი გამოყოფს მფრინავ ნივთიერებებს – მცენარეულ ანტიბიოტიკებს, რომლებიც ანადგურებს მიკრობებს.
სასუნთქი გზების დაავადებების დროს, ეფექტურად ათხელებს და გამოდევნის ლორწოს პირშუშხასა და ლიმონის წვენის ნარევი: დახეხეთ ფესვი წვრილად, 150 გ მიღებული ფაფა მოათავსეთ ბოთლში ან ქილაში, დაუმატეთ ორი ლიმონის წვენი და დააყენეთ 1 დღით. მიიღეთ ყოველდღე, 0.5 ჩ.კ. დილით და სადილის შემდეგ. არ დააყოლოთ წყალი ან ჩაი. წამლის მიღების პირველ დღეებში შეიძლება შენიშნოთ ცრემლდენა, თუმცა მომდევნო დღეებში პაციენტი ნაკლებად “იტირებს”.
როგორც დამარბილებელ და ამოსახველებელ საშუალებას, ხალხური მედიცინა გვირჩევს პირშუშხას წვენის მიღებას თაფლთან ერთად, 1:1 პროპორციით, 1 ს.კ. დილა-საღამოს.
პირშუშხას ფესვი დიდი ხანია ცნობილია, როგორც საშუალება ცხოვრებისეული ტონუსის ასამაღლებლად. რეკომენდებულია მისი მიღება დიდხნიანი დაავადებების შემდეგაც. დახეხეთ ფესვი და დაასხით არაყი ან სპირტი 1:5 პროპორციით. დააყენეთ 1 კვირით ბნელ ადგილას. მიიღეთ 10-15 წვეთი 0.5 ჭიქა წყალთან ერთად, დღეში 2-3-ჯერ, ფიზიკური და გონებრივი გამოფიტვის, მადის დაქვეითების დროს. ეს საშუალება დაგეხმარებათ სისხლდენისადმი მიდრეკილების, მალარიის, პოდაგრის, რევმატიზმის დროს.
ორგანიზმის დამცავი ფუნქციების გასაუმჯობესებლად, მიირთვით სალათი დახეხილი პირშუშხას, ჭარხლის, ვაშლის, ძახველისა და მწვანილისგან. კერძს პიკანტურ გემოს მიანიჭებს ზეითუნის ზეთისა და თაფლის სოუსი.
სურდოს დროს შეურიეთ 10 წილი თაფლი 0.5 წილ პირშუშხას უმ წვენს. ბამბის ტამპონით შეიზილეთ ცხვირის ლორწოვან გარსში დღეში 4-5-ჯერ.
შინაგანი გამოყენებისთვის: 150 მლ წვენს შეურიეთ 2 ლიმონის წვენი, მიიღეტ 0.5 ჩ.კ. დღეში ორჯერ, ჭამიდან 30 წუთის შემდეგ.
დიაბეტის დროს, შაქრის დონის შესამცირებლად, 10 წილ მჟავე რძეს შეურიეთ 1 წილი პირშუშხას დახეხილი ფესვი და დადგით 1 დღით მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში, ბნელ ადგილას, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამის წინ.
კარგი ეფექტი აქვს 1 ს.კ. ფესვის წვენისა და 1 ჭიქა კეფირის ახალ ნარევსაც, რომელიც დღეში სამჯერ უნდა მიირთვათ.
შავი ბოლოკი – კუჭისთვის
ეს ფესვნაყოფი შეუცვლელი საშუალებაა ჯანმრთელობის გასაძლიერებლად. ბოლოკი მდიდარია მინერალური ნივთიერებებით, ნახშირწყლებით, С, В1, В2 ვიტამინებით, ორგანული მჟავებით, ეთერზეთებით.
თავისი შემადგენლობის წყალობით, მცენარეს მძლავრი ანტიმიკრობული თვისებები აქვს. ბოლოკის წვენი გამოიყენება ნაწლავების სამკურნალოდ, თმების გასაძლიერებლად, ბრონქიტის სამკურნალოდ. გარდა ამისა, ბოლოკი გამოყენება ათეროსკლეროზის, შეშუპების, ანთების, ნაღველ- და შარდკენჭოვანი დაავადებების აღკვეთის მიზნით.
ხალხური მედიცინა გვირჩევს შავი ბოლოკის გამოყენებას ხველისა და ყივანახველას დროს, რადგან მას ამოსახველებელი, ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი თვისებები აქვს. ამისათვის, ამოჭერით ბოლოკის გულის ნაწილი ისე, რომ ერთგვარი ფინჯანი გამოგივიდეთ, ხოლო შიგნით ჩაასხით თაფლი (შეგიძლიათ, ჩაყაროთ შაქარი). დაახლოებით 4 საათში, იგი გაიხსნება. მიიღეთ 1 ჩ.კ. ეს წვენი დღეში ოთხჯერ. თუ ხველა ძალიან მშრალია, მიიღეთ 0.5 კოვზი, ოღონდ დღეში რვაჯერ.
ახლადდახეხილი ბოლოკით იზელენ სხეულის ცალკეულ ნაწილებს პოლიართრიტის, პოდაგრის, ნეკნებშორისი ნევრალგიის, რადიკულიტის, მიოზიტისა და სხვა დაავადებების დროს.
დახეხილი ბოლოკი და მისი წვენი გვეხმარება ჩირქოვანი ჭრილობებისა და წყლულების შეხორცებაშიც. ამ და სოკოვანი ეკზემის შემთხვევაში, დაგეხმარებათ შავი ბოლოკის დაფქული, წყალში გახსნილი თესლი ან ფოთლები. ეს უკანასკნელი დააქუცმაცეთ, ცოტა ხნით მოათავსეთ წყლით სავსე ჭურჭელში და შემდეგ მიიღეთ აბაზანა.
ნიღბები: წვრილად დაჭერით ბოლოკი, დაუმატეთ ნაღები ან მცენარეული ზეთი ისე, რომ ძალიან თხელი მასა არ მიიღოთ, და დაიდეთ რამდენიმე წუთით სახეზე ან ხელებზე.
ბოლოკს შეუძლია ჭორფლების მოშორება. ამისათვის, ამოავლეთ ბოსტნეულის ნაჭერი ნაღებში და 30 წუთით დაიდეთ სახეზე.
ბოლოკის თაფლთან და არაყთან შერეული წვენით იზელენ მტკივან სახსრებსაც.
ნიახური – სისხლისთვის
ნიახურს ძვირფას საკვებ და სამკურნალო თვისებებს ანიჭებს დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერება, რომლებიც ბოსტნეულში ადამიანის ორგანიზმისთვის ხელსაყრელი თანაფარდობითაა. მცენარე შეიცავს ნახშირწყლებს, კალიუმის, მაგნიუმის, კალციუმის, მარგანეცის, რკინის, თუთიის, ფოსფორის, ნატრიუმის მარილებს. ყურადღებას იმსახურებს ვიტამინური შემადგენლობაც: С, А, В1, В2, В6, К, Е, PP. ნიახური შეიცავს დიდი რაოდენობით ფიტონციდს, გლუკოზიდს, ცილას.
მკვებავი თვისებებით, მას პირველი ადგილი უჭირავს ბოსტნეულ კულტურებს შორის. ასეთი ქიმიური შემადგენლობის წყალობით, მცენარეს დაუჯერებელი სამკურნალო თვისებები აქვს:
იგი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის. საკვების მომნელებელი ორგანოების, თირკმლების, ღვიძლის მდგომარეობაზე, დამამშვიდებელი გავლენა აქვს ნერვულ სისტემაზე, აუმჯობესებს სისხლწარმოქმნას.
ნიახური დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზეც. რეგულარული მოხმარება ზრდის ცხოვრებისეულ ტონუსს, ორგანიზმი ახალგაზრდავდება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზრდასრული ადამიანებისთვის.
ნიახურის წვენი სასარგებლოა ფილტვების დაავადებების, ავიტამინოზის, ნერვული აშლილობების, სქესობრივი უძლურობის, ასთმის დროს, ანაყრებს წყურვილს და გვატენიანებს სიცხეში.
ჰიპოვიტამინოზი: დალიეთ 1 ჩ.კ. ნიახურის წვენი (ფოთლებისა და ფესვისგან) დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
ნერვოზი, გულის უკმარისობა, ნებისმიერი წარმოშობის შეშუპება: 2 ჩ.კ. ნედლ დაქუცმაცებულ მწვანილს ან ფესვს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 2 საათით, გადაწურეთ და დაწურეთ. მიიღეთ 2 ს.კ. დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
გასტრიტი, კუჭის წყლული (კუჭის წვენის შემცირებული მჟავიანობა) მეტეორიმი, კოლიტი, რომელსაც ყაბზობა ახლავს: 1 ს.კ. დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 1 ჭიქა ცივი, გადადუღებული წყალი, დააყენეთ 3 საათით თავდახურულ ჭურჭელში, გადაწურეთ და დაწურეთ. დალიეთ 1/4 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
შარდკენჭოვანი დაავადება: 2 ჩ.კ. თესლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ ორთქლის აბაზანაზე 0.5 საატით, გააჩერეტ 1 საათით, გადაწურეთ, ნედლეული დაწურეთ, დაასხით მდუღარე წყალი საწყის მოცულობამდე და დალიეთ 2 ს.კ. დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
იმპოტენცია: დალიეთ ნიახურის ფოთლებისა და ფესვების 1 ჩ.კ. უმი წვენი, დღეში 3-4-ჯერ, ჭამის წინ.
პროსტატიტი: დალიეთ 1 ს.კ. უმი წვენი, დღეში 4-5-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.
ვიტილიგო: წაისვით კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე მცენარის წვენი.
რევმატიზმი, პოდაგრა: 1 ს.კ. დაქუცმაცებულ ნედლ ფესვს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ სითბოში 4 საათით და გადაწურეთ. მიიღეთ 2 ს.კ. დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
უძილობა: 35 გ ფესვს დაასხით 1 ლ ცივი, გადადუღებული წყალი, დააყენეთ 8 საათით და გადაწურეთ. დალიეთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ.
პიელონეფრიტი, ცისტიტი: დალიეთ 1-2 ჩ.კ. ნიახურის წვენი, დღეში ორჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ჭრილობები, წყლულები: დანაყული ფოთლები 2-3 საათით დაიდეთ დაზიანებულ მონაკვეთზე და დაიფიქსირეთ ბინტით. სახვევი შეიცვალეთ დღეში 3-4-ჯერ.