გამოგვყავს ჩაის სოკო. მინდა ვიცოდე მისი სასარგებლო თვისებების შესახებ. პატივისცემით, ს.ვ.
წერილს პასუხს სცემს ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ლუბოვ დუდჩენკო:
ჩაის სოკო, რომელიც ჩვენთან აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოვიდა, გამოირჩევა უამრავი სასარგებლო თვისებით. ჩაის ხის ნაყენი საკმაოდ მდიდარია თავისი ქიმიური შემადგენლობით, რამდენადაც შეიცავს ორგანულ მჟავებს (ძმარ-, მჟაუნ- ლიმონ-, რძე- ვაშლმჟავას და სხვ.), ასკორბინის მჟავასა და ტიამინს, შაქარს, ცხიმოვან მჟავებს, ჩაის ფოთლების პურინებს და სხვ.
გარდა ამისა, ჩაის სოკოს ნაყენს ორგანიზმის ცხოველქმედებისთვის აუცილებელი ფერმენტები აქვს. ხალხური მედიცინა ნაყენს მრავალი დაავადების დროს გვირჩევს. კერძოდ, მისი მოხმარება სასარგებლოა მათთვის, ვისაც საკვების მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები, ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის დაავადებები, ქრონიკული ენტეროკოლიტი, გასტრიტი, ჰიპოტონია აქვს.
ეფექტურია ჩაის სოკოს ნაყენი ანგინის, ტონზილიტის, გრიპის, ინფექციური ჭრილობების სამკურნალოდ. იგი აძლიერებს ცნს-ს, არეგულირებს წნევას (ამცირებს არტერიული ჰიპერტენზიის დროს, ხოლო ჰიპოტონიკებში ზრდის მას). ეფექტურია ყაბზობის დროს, აღადგენს კუჭის ბუნებრივ მიკროფლორას ანტიბიოტიკების ან სხვა ქიმიური პრეპარატების მიღების შემდეგ.
ჩაის სოკოს ნაყენის ყოველდღიური მოხმარება შეიძლება დღეში 2-3-ჯერ, 0.5 ლ ერთ ჯერზე, ჭამიდან 1 საათის შემდეგ. ან ყოველდღე, ნახევარი ჭიქა ჭამამდე, დღეში 3-4-ჯერ. სასმლის ბოლო ულუფა მიიღეთ ძილის წინ.
ზოგადად, ადამიანს შეუძლია, დამოუკიდებლად განსაზღვროს ნაყენის მისაღები რაოდენობა, თავისი მდგომარეობისა და ორგანიზმის მოთხოვნილების გათვალისწინებით.
ჩაის სოკოს მიღებასთან დაკავშირებული მკაცრი გაფრთხილებები არ არსებობს, თუმცა, სასურველია, მიღებიდან ორი თვის შემდეგ მოიწყოთ ერთთვიანი შესვენება, ნაყენის მჟავებით კუჭის გაღიზიანება რომ აიცილოთ თავიდან.