ძირშავა და ბატატი – სასარგებლო და მკვებავი ფესვები

0
1072
ფოტო: Jérôme SAUTRET on wikimedia

ბაღში ძირშავა და ბატატი მომყავს. რითაა სასარგებლო ეს მცენარები? პატივისცემით, თქვენი მუდმივი მკითხველი, ს.ვ.

წერილს პასუხობს ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ლუბოვ დუდჩენკო:

ესპანური სკორცონერა (იგივე ძირშავა, შავი სტაფილო, ტკბილი ფესვი, კევის ბალახი) ველური სახით ევროპისა და აზიის უამრავ ქვეყანაში იზრდება. გარედან, სკორცონერას ფესვი გრძელ, შავ სტაფილოს ჰგავს. ნაყოფი შიგნიდან თეთრია, გაჭრისას გამოიყოფა რძიანი წვენი.

ფესვი უნდა ამოითხაროს გვიან შემოდგომაზე, ყინვების შემდეგ. ეს ფრთხილად უნდა გააკეთოთ – დაზიანებული ფესვები დიდხანს არ ინახება. სრული ფესვები კი სტაფილოსავით შეინახება. შეგიძლიათ, ფესვი მიწაში გააჩეროთ, თუმცა არსებობს საშიშროება, რომ მას თაგვები შეჭამენ.

მცენარე შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებასა და პოლისაქარიდ ინულინს, ვიტამინებსა და მინერალებს. ამიტომ, მას იყენებენ ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებასა და დიეტურ კვებაში, საკვების მომნელებელი სისტემის ორგანოების დაავადებების დროს, სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად, დიაბეტის დროს, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და სწრაფი რეაბილიტაციისთვის, მძიმე დაავადებისა და ოპერაციის შემდეგ.

არსებობს მონაცემები, რომ ძირშავა ორგანიზმიდან გამოდევნის რადიონუკლიდებს, ანელებს სიმსივნის ზრდას, აკავებს პოდაგრის, რევმატიზმის, პოლიართრიტის განვითარებას, დადებითად მოქმედებს ღვიძლის, თირკმლების, შარდის ბუშტის, კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციონირებაზე, ეფექტურია გულისა და თირკმლების დაავადებების დროს. ადამიანის ორგანიზმზე იგი საერთოგამაძლიერებელ ეფექტს ახდენს.

ძირშავას გემოვნური თვისებები არაჩვეულებრივია, თუმცა, მის მოხმარებამდე მცენარეს რძიანი წვენი უნდა მოაშოროთ. ამის გაკეთება მარტივია: ფესვებს მოასხით მდუღარე, კანი მარტივად რომ გაიცქვნას, ამის შემდეგ, 2-3 საათით ჩაალბეთ წყალში.

ძირშავას ორგანიზმი კარგად ითვისებს და კარგია მისი რეგულრული მოხმარება. ფესვისგან შეგიძლიათ სხვადასხვა კერძის მომზადება, იგი უხდება ბოსტნეულს, ხორცსა და თევზს. გემოთი ოდნავ მოგაგონებთ სატაცურსა და ყვავილოვან კომბოსტოს.

ძირშავას, დახეხილს თუ წვრილად დაჭრილს, იყენებენ სალათებში, სტაფილოსთან, კიტრთან, ნიორთან და მწვანილთან ერთად. სალათებს აზავებენ ზეითუნის ზეთითა და ძმრით, ან ლიმონით ან არაჟნით. ფესვნაყოფს ხარშავენ მარილიან წყალში და წვავენ გახუხულ პურთან ერთად კარაქზე, უმატებენ წვნიანებს სანელებლის სახით, ამზადებენ ბოსტნეულის სოუსებს ხორციანი კერძებისთვის, გარნირებისთვის, თუშავენ. ახალგაზრდა ფოთლებიც სალათებში გამოიყენება. ხმელი და დაფქული ფესვისგან ამზადებენ სასმელს.

ბატატის, იმავე ტკბილი კარტოფილის სამშობლოდ ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა ითვლება. ბოსტნეულს მაღალი კვებითი ღირებულება აქვს, მდიდარია ვიტამინებითა (კერძოდ, A პროვიტამინით) და მინერალური ნივთიერებებით. ფესვნაყოფი ჩვეულებრივი კარტოფილის მსგავსად გამოიყენება, თუმცა უფრო სწრაფად იხარშება. ძალიან გემრიელია გამომცხვარი ბატატი. სალათებში ბატატებს ნედლად ხეხავენ. შეგიძლიათ, იგი შეაზავოთ წიწაკითა და კარით, მიირთვათ ხორცთან, გარნირის სახით.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი