„იმის მიუხედავად, რომ ტკბილეულის მავნე გავლენაზე ბევრი საუბრობს, მასზე უარის თქმა მაინც ძნელია. იქნებ საჭირო არცაა? სჯობს კანფეტები და ნამცხვრები ჯანსაღი ტკბილეულით ჩაანაცვლოთ. მსმენია, რომ მაგალითად თაფლი კაკალთან ერთად ვიტამინებით, მიკროელემენტებით და სხვა აუცილებელი ნივთიერებებით სავსეა. იქნებ სასარგებლო ტკბილეულის რამდენიმე სხვა რეცეპტი გამიზიაროთ? ვფიქრობ, ინფორმაცია ყველა მკითხველისთვის საინტერესო იქნება. პატივისცემით, ვ.მ.“
ნამდვილად, თაფლი კაკალთან ერთად გემრიელი კერძია, რომელიც ბევრ სასარგებლო თვისებას ფლობს.
ფუტკრის თაფლი ადვილად ათვისებადი ნახშირწყლების წყაროა: გლუკოზა (36%) და ფრუქტოზა (38%), მასში თითქმის ყველა ვიტამინი, მინერალური ნივთიერება, ორგანული მჟავები და ფერმენტები შედის. ის სასარგებლოა გულის, ღვიძლის და ფილტვების დაავადებების, ანემიის, ენერგიის დაცლის, ყაბზობის დროს. ამისთვის 1 ჭიქა წყალთან ერთად უზმოზე მიიღეთ.
ნიგოზი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მთელ კომპლექსს შეიცავს, რომლებიც თავის ტვინის სისხლძარღვებზე დადებით გავლენას ახდენენ, გულს და ღვიძლს აძლიერებენ, ძლიერ ნერვულ დაძაბულობას ხსნიან. ისინი A, E, C და P ვიტამინების, მინერალების (კალიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, რკინა, მაგნიუმი, კალციუმი, იოდი) წყაროა. 60% ცხიმებისგან შედგება, მაგრამ ეს ცხიმები უჯერია, ანუ ქოლესტერინს პრაქტიკულად არ შეიცავს. მისი მიღება რეკომენდებულია გონებრივი და ფიზიკური შრომის დროს.
ასევე ძალიან სასარგებლოა თაფლის, კაკლის და ჩირის ნაკრებიც. ის იმუნიტეტს ზრდის და დაავადებების მიმართ წინააღმდეგობას აძლიერებს. ზამთარში მისი მიღება განსაკუთრებით აქტუალურია. ასევე გულს აძლიერებს, დაბალ ჰემოგლობინს ზრდის და წნევას არეგულირებს.
სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ მათ, ვისაც ამ კომპონენტებზე ალერგია აქვთ, ასევე 3 წლამდე ბავშვებმა.
1. თაფლის, ნიგვზის და ჩირების ტკბილეული
ინგრედიენტები:
- 150 გრ თაფლი
- 100 გრ კაკლის ბირთვი
- 100 გრ გარგარის ჩირი
- 1 მსხვილი ლიმონი
- 100 გრ ქიშმიში
მომზადება:
ლიმონი გარეცხეთ და მდუღარე წყალი გადაავლეთ (ასე თავის არომატს ბოლომდე მოგცემთ). გარგარის ჩირი და ქიშმიში თბილ წყალში ცოტა ხნით გააჩერეთ, შემდეგ გამდინარე წყალში გარეცხეთ. ნიგოზი, გარგარის ჩირი, ქიშმიში და ლიმონი ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ და თხევად თაფლს აურიეთ. მინის ქილა სასარგებლო ნარევით აავსეთ და გრილ ადგილას შეინახეთ. 1 ჩ/კ ტკბილეული დილით, ჭამამდე მიიღეთ.
2. კოჭას გემრიელი ნამცხვარი
ინგრედიენტები:
- 2 ჭიქა ფქვილი
- ¾ ჭიქა მცენარეული ზეთი
- 1 ბანანი
- 2 ჩ/კ სოდა ან საცხობი ფხვნილი(ცომის გამაფხვიერებელი)
- 1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი
- 3 ჩ/კ დაფქული კოჭა
- ½ ჩ/კ მიხაკი
- 1 ჩ/კ ფორთოხლის ცედრა
- ½ ჩ/კ სოდა
მომზადება:
ღუმელი 200 გრადუსამდე გააცხელეთ. საცხობ ფორმას ქაღალდი დააფინეთ. ბანანი ქერქისგან გაწმინდეთ და პიურეს მიღებამდე დაჭყლიტეთ. მცენარეული ზეთი, ფქვილი, დანარჩენი ინგრედიენტები დაუმატეთ და მიქსერით ან ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ. მზა ცომიდან ნიგვზის ზომის პატარა ბურთები გააკეთეთ და საცხობ ფორმაზე ერთმანეთისგან მოშორებით დააწყვეთ. თითოეული ბურთი თითებით გააბრტყელეთ. 7-10 წუთით აცხვეთ.
3. გემრიელი და სასარგებლო „კანფეტი“ თესლით(მზესუმზირა, გოგრა) და ჩირით
ინგრედიენტები:
- 100 გრ თესლი ან ნებისმიერი კაკალი
- 100 გრ ფინიკი
- 100 გრ ლეღვი
- ქოქოსის ფანტელები მოსართავად
მომზადება:
თესლი ყავის საფქვავში დაფქვით, ჩირი დააბლენდერეთ. ყველაფერი აურიეთ და კანფეტები გააკეთეთ, სულ 12-15 ცალი გამოგივათ. ტკბილეულმა თქვენი თვალიც რომ გაახაროს, ქოქოსის ფანტელებში ამოავლეთ. გემრიელად მიირთვით.
4. სუფრა გაამრავალფეროვნეთ ლიმონის ფუნთუშებით
ინგრედიენტები:
- 2 ჭიქა ფქვილი
- 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 1 ს/კ ლიმონის ცედრა
- 1/3 ჩ/კ მარილი
- 1,25 ჭიქა სოიოს ან თხის რძე
- 1,5 ს/კ დაფქული სელის თესლი
- 3 ს/კ ლიმონის წვენი
- 3 ს/კ მცენარეული ზეთი
- ¼ ჭიქა ყაყაჩოს თესლი
მომზადება:
ღუმელი 190 გრადუსამდე გააცხელეთ. მცენარეული ზეთი კექსის საცხობ ფორმას წაუსვით (სულ 10-12 ფორმა დაგჭირდებათ). ცალკე თასში სოიოს რძე და სელის თესლი აურიეთ, 2-3 წუთით გააჩერეთ, რომ გასქელდეს (სელის თესლი კვერცხის ნაცვლად მუშაობს და ცომს კრავს). დიდ თასში ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და ლიმონის ცედრა აურიეთ. რძის და სელის თესლი ლიმონის წვენს და მცენარეულ ზეთს დაუმატეთ. ყველაფერი ერთმანეთს კარგად აურიეთ, თითოეული ფორმა 2/3 მოცულობაზე შეავსეთ. 25 წუთით აცხვეთ, სუფრაზე გატანის წინ თაფლის „წვეთებით“ მორთეთ.
5. მარტივი და გემრიელი შვრიის კერძი
შვრია სჯობს უმი მიირთვათ (ასე ყველა სასარგებლო თვისებას მაქსიმალურად შეინარჩუნებს). მარცვლეული წყალში ან ნელთბილ რძეში ნახევარი საათით ჩაალბეთ და გემოვნებით ნუში ან ნიგოზი, ქიშმიში, გახეხილი ვაშლი და თაფლი დაუმატეთ.
შვრიის მარცვლები ცილებს, ცხიმებს და ნახშირწყლებს, ასევე ნატრიუმს, კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, რკინას, მაგნიუმს, თუთიას, მანგანუმს, სპილენძს, იოდს, E, B1, B2, B6 და K ვიტამინებს ჰარმონიულად აერთიანებს. შვრია მშობიარობის შემდეგ ქალებს ძალების აღდგენაში დაეხმარებათ, ჰიპერაქტიურ ბავშვებს „დაამშვიდებს“. შვრია მნიშვნელოვანი კვების კომპონენტია შაქრიანი დიაბეტის, კუჭის და ნაწლავების ანთებითი დაავადებების დროს, ასევე გემრიელი და სასარგებლო კერძია.
6. საკუთაეი თავი ხილის ნაყოფით გაანებივრეთ
ინგრედიენტები:
- 90 გრ ბრინჯი
- 30 გრ ქიშმიში
- 30 გრ გარგარის ჩირი
- 30 გრ შავქლიავი
- 30 გრ კარაქი
მომზადება:
ბრინჯი ნახევარ მომზადებამდე მოხარშეთ, გარჩეული და წყალში გარეცხილი ქიშმიში, შავქლიავი, გარგარის ჩირი, კარაქი დაუმატეთ და აურიეთ. მასა ფორმებში ჩაასხით და ღუმელში 10-15 წუთით აცხვეთ. სუფრაზე გატანის წინ ცოტა თაფლი დაუმატეთ.
7. თქვენს სუფრას ხაჭო-სტაფილოს ნამცხვარი დაამშვენებს
ინგრედიენტები:
- 100 გრ ხაჭო
- 160 გრ სტაფილო
- 40 გრ ფუნთუშა
- 1 კვერცხი
- 12 გრ კარაქი
მომზადება:
სტაფილო მოხარშეთ, წვრილ სახეხზე გახეხეთ, ცოტა წყალში ჩამბალი ფუნთუშა, კვერცხი, ხაჭო, არაჟანი, ცოტა მარილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. მასა კარაქ წასმულ ტაფაზე გადმოიტანეთ და 20-25 წუთით ღუმელში აცხვეთ. სუფრაზე გატანის წინ არაჟნით ან თაფლით მორთეთ.
8. ვიტამინების ჩაი
სასარგებლო ტკბილ კერძებს ვიტამინების ჩაი კარგად ერწყმის. ის დადებითა გავლენას ახდენს გაცვლის პროცესებზე, იმუნიტეტს აძლიერებს, ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია.
200 მლ სასმელზე:
- 20 გრ ხმელი ასკილის ნაყოფი
- 10 გრ ხმელი ცირცელის ნაყოფი
- 5 გრ ხმელი თავშავას ბალახი
- 200 მლ წყალი
მომზადება:
ასკილის და ცირცელის ნაყოფებს წყალი დაასხით და 5 წუთით ხარშეთ, შემდეგ თავშავას ბალახი დაუმატეთ და 10 წუთით დააყენეთ. გემრიელად მიირთვით!