ზოგიერთ ადამიანს საშინელი ჩვევა აქვს – ფრჩხილებს იკვნეტს. ამ მავნე ჩვევის მიზეზი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს: ზოგიერთი ადამიანი, მაგალითად, ამას იმიტომ აკეთებს, რომ ნერვიულობს ან სხვა საქმე არ აქვს, სხვები მაშინ, როცა რაღაცაზე ფიქრობენ. მათ თავშიც კი არ მოსდით, რომ ეს არაესთეტიკური და არაჰიგიენურია. პრობლემა, უმეტესწილად, ქალებს აწუხებთ. თუმცა, არსებობს უამრავი გზა ამ მავნე ჩვევის დასათმობად.
- როგორც კი ფრჩხილების კვნეტის სურვილი გაგიჩნდებათ, ეცადეთ, ყურადღება გადაიტანოთ ან უბრალოდ სხვა სასარგებლო საქმით დაკავდეთ.
- თუ მოგეწყინათ, წაიკითხეთ საინტერესო წიგნი ან ჟურნალი, მიირთვით სასარგებლო ხილი.
- თუ ნერვიულობთ, ნუ იჯდებით ერთ ადგილას, იმოქმედეთ: დაელაპარაკეთ მეგობრებს, დაურეკეთ ახლობლებს…
- მოიშორეთ ეს მავნე ჩვევა, თუნდაც ჰიგიენური თვალსაზრისით. ფრჩხილები ხომ არასტერილურია და მათთან მუდმივი კონტაქტით პირის ღრუს ლორწოვან გარსს დაინფიცირების საფრთხეს უქმნით. ამ ჩვევამ, შესაძლოა, სტომატიტამდე მიგიყვანოთ.
- ეფექტური საშუალებაა ლამაზი მანიკურიც.
- შეიძინეთ სპეციალური მწარე ლაქი (მას აფთიაქში შეიძენთ) და მუდმივად ისვით ფრჩხილებზე. თუ უცებ ხელი წაგიცდებათ და ფრჩხილების კვნეტას გადაწყვეტთ, სიმწარე აუცილებლად შეგაჩერებთ!
- გამოიყენეთ რადიკალური მეთოდი – სალონის პირობებში გაიზარდეთ ფრჩხილები. აკრილის ან გელის ფრჩხილს ვერ მოკვნეტთ, ამის საშუალებას არც ამ მომსახურების ფასი მოგცემთ.
- დაენაძლევეთ მეგობარს, რომ ამ ჩვევისგან გათავისუფლდებით. ასე სასურველ ჯილდოსაც მიიღებთ!
- წაისვით ფრჩხილებზე მდოგვი – მისი გემო არ მოგეწონებათ.
- ფრჩხილებიც მოფხიკეთ საპონი. არც მისი გემოა დიდად სასიამოვნო.
- თუ რამის ღრღნის სურვილი გაგიჩნდათ, აიღეთ … ბავშვის კბილების საქავებელი – ასე ფრჩხილებს შეინარჩუნებთ.
- სთხოვეთ დახმარება ახლობლებს: ყოველ ჯერზე, როცა ფრჩხილების კვნეტისას შეგნიშნავენ, დაგტუქსონ ან თუნდაც ხელებზე დაგარტყან.
- ეცადეთ, ნაკლები ინერვიულოთ, რომ ჩვევა თავისთავად გაქრეს.
- ყოველთვის იქონიეთ თან ფრჩხილის ქლიბი, რათა დაზიანებული ფრჩხილი კი არ მოიკვნიტოთ, არამედ მოიქლიბოთ.
გახსოვდეთ, რომ მოკვნეტილი ფრჩხილები ამაზრზენად გამოიყურება. მტკიცედ დაისახეთ ამ მავნე ჩვევის მოშორება მიზნად და შედეგს აუცილებლად მიაღწევთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს