ალერგია სიცივეზე: სისხლძარღვების სპაზმაში არ აგერიოთ და სწორად იმოქმედეთ

0
954

ცივ ამინდში ბევრი ადამიანი ჩივის, რომ ქუჩაში მშვიდად ყოფნა არ შეუძლიათ: სურდო, ცრემლდენა ჩნდება, თუმცა თბილ შენობაში მოხვედრისთანავე უსიამოვნებები ქრება. „ეს ცივი ალერგიაა“ – ასე განმარტავენ რეაქციას, რადგან სიმპტომები სიცივის ზემოქმედებით ვლინდება. „ცივ ალერგიასთან მსგავსი სიმპტომები დაკავშირებული არაა. „საქმე სპაზმატიურ (უნებლიე გახანგრძლივებული კრუნჩხვითი შეკუმშვა) ან გაფართოებულ სისხლძარღვებს უკავშირდება“ – ირწმუნება ელენა ბაჩინსკაია, კიევის ალერგიული ცენტრის ექიმი-ალერგიისტი. როგორ გავუგოთ საკუთარ ორგანიზმის, რომ ნებისმიერი ამინდის ნორმალურად გადატანა შეძლოს? როგორ ამოვიცნოთ ცივი ალერგია და თავი დავიცვათ? ამის შესახებ სპეციალისტები გიამბობენ.

სიმპტომები შეიძლება თავისით გაქრეს.

ელენა, რა არის ცივი ალერგია და როგორ ვლინდება?

ცივი ალერგია ორგანიზმის სპეციფიკური რეაქციაა ცივ ჰაერთან, წყალთან ან საკვებთან კონტაქტის დროს. ამ დაავადებისკენ მიდრეკილ ადამიანს ჰაერის ზემოქმედებით მაგალითად, კანზე ძლიერი სიწითლე ან კანის ზედაპირის სიმკრთალე, გამონაყარი, ქავილი შეიძლება გამოუვლინდეს არა მხოლოდ ცივ ჰაერთან კონტაქტის მქონე ადგილას, არამედ კანის მთელ ზედაპირზე. ასევე დამახასიათებელი ზოგადი სისტემური რეაქციები. მაგალითად, არტერიული წნევის შემცირება, თავის ტკივილი, სისუსტე, ცივი სასმელების, კერძების, ნაყინის ჭამის დროს – მუცლის ტკივილი, საყლაპავის შეშუპება (რაც განსაკუთრებით საშიშია). ცივი ალერგია იდიოპათიური (როცა დაავადების მიზეზი უცნობია) ჭინჭრის ციების (დამახასიათებელია – კანზე გამონაყარი, სიწითლე, ქავილი) ერთ-ერთი სახეობაა. ითვლება, რომ თითოეულ ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონდა ჭინჭრის ციება, მათ შორის ცივი ალერგია.

მსოფლიო სტატისტიკის მონაცემებით, შემთხვევების 70% ქალებში გვხვდება და შეიძლება საშუალოდ 1,6 წელი გაგრძელდეს, რის შემდეგ შეიძლება თავისით გაქრეს. არსებობს მონაცემები, რომ ცივი ალერგია შეიძლება კონსერვანტების მოხმარებამ გამოიწვიოს. კონსერვანტებს შეიცავს სხვადასხვა ხორცის, თევზის და ბოსტნეულის კონსერვი, ჩიფსები, ძეხვის ნაწარმი, ტკბილი გაზიანი წყალი, შეფუთული წვენი.

ცივი ალერგია სიცივეზე ცხვირის სისხლძარღვების რეაქციაში არ აგერიოთ. ცხვირით სუნთქვა რთულდება, რაც თავის მხრივ ცრემლდენას იწვევს, რადგან საცრემლე არხში ცრემლის დენა ფერხდება. ეს არხი თვალს და ცხვირს უკავშირდება და თავისუფალი სუნთქვა მასში ცრემლის დენისთვის აუცილებელ ნეგატიურ წნევას ინარჩუნებს.

ჭეშმარიტი პრობლემის აღმოსაჩენად და სწორი მიდგომის მოსაძებნად (ერთ-ერთი შესაძლო მეთოდი – ადგილობრივი გამკვრივება), სჯობს ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან და ოფთალმოლოგთან კონსულტანციები გაიაროთ.

ორგანიზმის კომპლექსური კვლევა ჩაიტარეთ.

როგორ აიხსნება ცივი ალერგიის ჭეშმარიტი გამოვლინება, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ?

ორგანიზმის გაუმართაობის მიზეზი, რომელიც ცივ ალერგიას იწვევს, ბევრია: კარიესი, ჭიები, სხვადასხვა ქრონიკული დაავადება (ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი, კოლიტი, გასტრიტი), ანთებითი პროცესები, ვირუსული, ბაქტერიული ინფექციები. ნამდვილი მიზეზის დასადგენად თერაპევტთან კონსულტანცია გაიარეთ. ის ორგანიზმის კომპლექსურ გამოკვლევას დაგინიშნავთ (სისხლის ანალიზი, შარდის ანალიზი, ღვიძლის ტესტები, შინაგანი ორგანოების ექოსკოპია) და აუცილებლობის შემთხვევაში სხვა სპეციალისტთან გადაგამისამართებთ. რა თქმა უნდა, სჯობს ქრონიკული დაავადება არ მიუშვათ და წელიწადში ერთხელ მაინც პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაიტაროთ და ანალიზები გაიკეთოთ, 40 წელს ზემოთ ქალებმა გინეკოლოგს, ხოლო კაცებმა უროლოგს უნდა მიმართონ.

როგორ დავიცვათ თავი მტკივნეული რეაქციებისგან

როგორ დავსვათ ცივი ალერგიის დიაგნოზი?

ამის გაკეთება ალერგიის ცენტრში ალერგიაზე ტესტის (ცივი ტესტის) დახმარებით ხდება. კანის გარკვეულ უბნებზე სიცივე იდება და შემდეგ ორგანიზმის რეაქციაზე დაკვირვება ხდება. თუ გარკვეულ დროში ფართო სიწითლე გამოვლინდება, ტესტი დადებითად ჩაითვლება, ანუ ცივი ალერგიის დიაგნოზი დადასტურებულია.

როგორ დავიცვათ თავი ამ დაავადების უარყოფითი გამოვლინებისგან?

თუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ტკივილებით, გულძმარვით, მეტეორიზმით და სხვა სიმპტომებით რეაგირებს, რაციონიდან ცივი კერძები, ასევე მწვავე, მარილიანი, შემწვარი, დაკონსერვებული, მაიონეზი, კეტჩუპი, მდოგვი, ცივი გაზიანი სასმელები გამორიცხეთ. თბილი საკვები მიიღეთ, უპირატესობა ორთქლზე მომზადებულ ან ღუმელში გამომცხვარ, მოხარშულ კერძებს, ხილს და ბოსტნეულს, ფაფა და რძისმჟავა პროდუქტებს მიანიჭეთ. სწორი დიეტა მდგომარეობას მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს.

თუ ცივი ალერგია ხელის კანზე ვლინდება, ხელთათმანები ატარეთ. აფთიაქებში შეგიძლიათ სახის და ხელის კანის მოვლის სპეციალური საშუალებები შეიძინოთ, რომლებიც სიცივეში გასვლამდე 15-20 წუთით ადრე ისმება.

თუ ქუჩაში ალერგიული რეაქციები ძლიერ ვლინდება (ქალები განსაკუთრებით ნერვიულობენ, რომ სახე წითლდება), ქუჩაში გასვლამდე ნახევარი საათით ადრე ანტიალერგიული აბი მიიღეთ.

ქალებს, რომლებიც კაპრონის კოლგოტებს ატარებენ, კარგად უჩანთ კანის ის ადგილები, რომლებიც სიცივეს ზემოქმედების ქვეშ მოექცნენ (ფეხსაცმელსა და ზედა ტანსაცმელს შორის) – მათ სჯობს შარვალი ჩაიცვან. ყურადღება თქვენს ჯანმრთელობას მიაქციეთ და ასე არა მხოლოდ ცივი ალერგიის, არამედ ბევრი სხვა პრობლემის თავიდან აცილებას შეძლებთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი