„ჩემ მეუღლეს მწვავე ენტეროკოლიტი აქვს. ის ადგილობრივ საავადმყოფოში მკურნალობდა, მაგრამ თავს ჯერ კიდევ ცუდად გრძნობს. ამ შემთხვევაში ფიტოთერაპევტები რომელი ბალახების გამოყენებას გვირჩევენ? პატივისცემით, ოლღა“.
წერილს უკრაინის მედიცინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, ა.ა.ბოგომოლცის სახელობის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიური და კლინიკური ფარმაკოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი, ივან ჩეკმანი პასუხობს.
ენტეროკოლიტი წვრილი და მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებაა. მწვავე ენტეროკოლიტის მკურნალობის დროს ფიტოთერაპიას აუცილებლად დიეტას უთავსებენ. გარდა ამისა, ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, შემკვრელი და ანტიალერგიული თვისებების მქონე საშუალებებს, ასევე ნაწლავების სეკრეტორულ-ევაკუაციური ფუნქციის დამარეგულირებელ საშუალებებს იღებენ.
თქვენ შეგიძლიათ ასეთი სამკურნალო მცენარეები გამოიყენოთ:
მანანას ტოტების ნაყენი: 2 ს/კ დაქუცმაცებულ ტოტებს 500 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 2 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. 50 მლ ნაყენი დღეში 4-6-ჯერ, ჭამის წინ დალიეთ.
ლურჯი ევკალიპტის ფოთლების ნახარში (შეგიძლიათ გამოიყენოთ მონაცრისფერო ევკალიპტი): 4 ს/კ ფოთლებს 500 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 20 წუთით ადუღეთ, 1 საათით დააყენეთ და გაფილტრეთ. 50 მლ ნახარში დღეში 4-ჯერ, ჭამის შემდეგ დალიეთ.
სხვადასხვა სახეობის ევკალიპტის ფოთლების ნაყენი: 10 გრ ნედლ მასალას 50 მლ 70%-იანი ეთილის სპირტი დაასხით და 7 დღე დააყენეთ. 15-20 წვეთი დღეში 4-ჯერ, ჭამის შემდეგ დალიეთ.
სააფთიაქო პრეპარატი „ქლოროფილიპტი“, რომელიც ქლოროფილების ნარევს წარმოადგენს, ჭამამდე 40 წუთით ადრე ინიშნება: 5 მლ 1%-იანი სპირტიანი ხსნარი 50 მლ მდუღარე წყალში გააზავეთ.
ოთხფურცელა მარწყვა-ბალახის ძირნაყოფის ნაყენი: 2 ს/კ დაქუცმაცებულ ნედლ მასალას 500 მლ მდუღარე წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ, 4 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. 1-2 ს/კ დღეში 6-ჯერ, ჭამის წინ დალიეთ.
სააფთიაქო თავსისხლას ძირნაყოფის და ფესვების ნახარში: 4 ს/კ დაქუცმაცებულ ნედლ მასალას 500 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 5 წუთით ადუღეთ, 4 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. 1-2 ს/კ დღეში 6-ჯერ დალიეთ.
სააფთიაქო თავსისხლას ძირნაყოფის და ფესვების თხევადი ექსტრაქტი: დაქუცმაცებულ ნედლ მასალას 1:2 პროპორციით მდუღარე წყალი დაასხით, მოცულობის განახევრებამდე ადუღეთ, შემდეგ გადაწურეთ. 40 წვეთი ექსტრაქტი დღეში 6-ჯერ დალიეთ.
სააფთიაქო თავსისხლას ბალახის ნახარში: 3 ს/კ დაქუცმაცებულ ნედლ მასალას 500 მლ ცივი, ანადუღარი წყალი დაასხით, 10 საათით დააყენეთ და გადაწურეთ. 50 მლ დღეში 6-ჯერ დალიეთ.