რომელი თაფლია ყველაზე სასარგებლო ადამიანის ორგანიზმისთვის

2097
ფოტო: freestocks-photos on Pixabay

თაფლს შესანიშნავი გემოვნური, მკვებავი და სამკურნალო თვისებები აქვს. იგი ისე უყვართ, რომ ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ მომენტს “თაფლობის თვე” უწოდეს. სამწუხაროდ, თაფლს იმედის გაცრუებაც შეუძლია.

ყალბი თაფლი

ყალბი პროდუქტის გამოსარჩევად, უპირველეს ყოვლისა, უნდა იცნობდეთ ნამდვილი თაფლის ძირითად მახასიათებლებს:

  • ახალი თაფლი საკმაოდ თხევადი და გამჭვირვალეა. დროთა განმავლობაში, იგი კრისტალიზდება და სქელდება. სისქეს თაფლის ხარისხის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნიშნად მიიჩნევენ;
  • ყურადღება გაამახვილეთ თაფლის ძაფების წელვადობასაც. ნატურალური ყვავილის თაფლის წელვადი ძაფი წყდება, ხოლო შაქრის სიროფით მომზადებული თაფლი თხელი, უწყვეტი ძაფით იწელება;
  • განუმეორებელი არომატიც თაფლის ნატურალობის ნიშანია. თუმცა, ზოგიერთ სახეობას, მაგალითად, წაბლის თაფლს, არ აქვს გამოხატული სუნი. მსუბუქი არომატი აქვს თაფლს, რომელსაც შქრის სიროფით გამოკვებილი ფუტკრები ამზადებენ;
  • თაფლის სიტკბო ფრუქტოზის კონცენტრაციაზეა დამოკიდებული. ყალბი თაფლი არასაკმარისად ტკბილი ან პირიქით, გულისამრევად ტკბილია. ეს დამოკიდებულია იმ მინარევებზე, რომლებსაც ფალსიფიკაციისთვის იყენებენ.

რომელი თაფლია უფრო სასარგებლო

თუ გეცოდინებათ, როგორი შეიძლება იყოს თაფლი და რისთვისაა სასარგებლო მისი თითოეული სახეობა, მარტივად გაერკვევით მის სიყალბესა და იმაში, თუ როგორი პროდუქტი უნდა შეარჩიოთ. თაფლის ფერი დამოკიდებულია ნექტრის შეფერილობაზე, იგი შეიძლება ღია ყვითლიდან ყავისფერ-მწვანემდე მერყეობდეს (ყველაზე ღია აკაციისაა). თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ თაფლი დროთა განმავლობაში მუქდება.

აკაციის თაფლი – ერთ-ერთი საუკეთესოა, მას ანტიმიკრობული თვისებები აქვს. იგი გამოიყენება ნაღვლის, თირკმლისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სამკურნალოდ.

ძიძოს თაფლი – მასაც პირველხარისხოვან სახეობად მიიჩნევენ. ესაა ძალიან გემრიელი, ღია ქარვისფერი ან თეთრი თაფლი, მსუბუქი სასიამოვნო არომატით, რომელიც ვანილის სურნელს მოგაგონებთ. თავად ძიძო სამკურნალო მცენარეა, ხოლო თაფლი, რომელიც მისი ყვავილებისგან მზადდება, უფრო სასარგებლოა. იგი გამოიყენება სასუნთქი ორგანოების დაავადებების, თავის ტკივილის, უძილობის, წინააღმდეგ, სასარგებლოა გულის დაავადებების დროს: ხელს უწყობს კორონარული სისხლძარღვების გაფართოვებას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს გულიდან მომავალ შეშუპებებს, არეგულირებს წნევას.

ცაცხვის თაფლს ღია ყვითელი ფერი და ცაცხვის არომატი აქვს. ასეთი თაფლი ძალიან მსუყე და მკვებავია. იგი გამოიყენება, როგორც ანტიბაქერიული, ანთების საწინააღმდეგო და ამოსახველებელი საშუალება. ცაცხვის თაფლით მკურნალობენ ლარინგიტს, ანგინას, სურდოს, ბრონქულ ასთმას, ისვამენ ჭრილობებსა და დამწვრობაზე.

მინდვრის თაფლის ფერი შეიძლება უფერულიდან ღია ნარინჯისფერ-ყვითლამდე მერყეობდეს. მინდვრის თაფლს ანტიმიკრობული, სისხლშემაჩერებელი, დამამშვიდებელი და მსუბუქი საფაღარათე მოქმედება აქვს. იგი გამოიყენება სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების, თავის ტკივილისა და უძილობის სამკურნალოდ.

წიწიბურის თაფლი შეიცავს უფრო მეტ მინერალურ ნივთიერებასა და ცილას, ვიდრე თაფლის ღია სახეობები, განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა მასში რკინაც. ამიტომ, წიწიბურის თაფლი სასარგებლოა სისხლნაკლებობისა და ანემიის დროს. იგი აახლებს სისხლს, წმენდს სისხლძარღვებს, ხელს უწყობს დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციას. ამ თაფლით მკურნალობენ ავიტამინოზს, ჰიპერტონიას, იღებენ ტვინა და თვალის ბადურაში სისხლჩაქცევის, სხივური დაავადების დროს.

წაბლის თაფლი ძალიან მუქი ფერისაა. მისი თვისებები სასარგებლოა კუჭ-ნაწლავისა და თირკმლის დაავადებების სამკურნალოდ.

წამალი “ყველაფრისგან”

ყველა მცენარეულ და ცხოველურ პროდუქტს შორის, თაფლი ყველაზე უფრო მდიდარია მიკროელემენტებით. მის შემადგენლობაში შედის მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა, სპილენძი, კალციუმი, გოგირდი და სხვ. მუქი ფერის თაფლი მეტ მინერალურ ნივთიერებას შეიცავს. ამიტომ, მას იყენებენ მიკროელემენტებით განკურნებადი დაავადებების წინააღმდეგ. გარდა ამისა, თაფლის მცირე დოზა არეგულირებს ნახშირწყლის მიმოცვლას შაქრიანი დიაბეტის დროს.

თაფლის შემადგენლობაში შედის B ჯგუფის ყველა ვიტამინი, აგრეთვე, C და E ვიტამინები. B ჯგუფის ვიტამინები არეგულირებს ნერვული სისტემის ცხოველქმედებას, მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, დადებითად მოქმედებს კანის, თმისა და ლორწოვანი გარსების მდგომარეობაზე, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. C ვიტამინი აუცილებელია ნივთიერებათა მიმოცვლისთვის ქსოვილებში, იგი ასტიმულირებს ორგანიზმის დამცავ ძალებს, უნარჩუნებს სისხლძარღვებს, კუნთებს, ძვლებსა და კბილებს პირვანდელ სტრუქტურას. ამრიგად, თაფლს დამსახურებულად უნდა ვუწოდოთ ბიოგენური სტიმულატორი.

მთავარი – შენახვა

თაფლის სამკურნალო და მკვებავი თვისებების შესანარჩუნებლად, აუცილებელია შენახვის შესაფერისი პირობების დაცვა. ასე თაფლი დიდხანს არ დაკარგავს თავის თვისებებს. წესები მარტივია: გრილი ადგილი (ოღონდ არა მაცივარი!) და თიხის, შუშის, მინანქრის ან პლასტმასის ჭურჭელი – ეს ყველაზე ჰიგიენური მასალებია.

თაფლიანი სასმელი

ინგრედიენტები

  • 120 გ თაფლი
  • 1.5 ლ წყალი
  • 80 გ შაქარი
  • 3 მიხაკის კვირტი
  • 5 შავი პილპილის მარცვალი
  • 3 სურნელოვანი პილპილის მარცვალი
  • 1 ჩ.კ. დარიჩინი

მომზადება

  1. გააზავეთ თაფლი 250 მლ წყალში და აადუღეთ მაღალ ცეცხლზე, მოხსენით ქაფი. ცალკე ჭურჭელში აადუღეთ 250 მლ წყალი შაქართან ერთად. შეურიეთ ორივე სითხე და მოამზადეთ ნელ ცეცხლზე, სანამ მოცულობა ორჯერ არ შემცირდება;
  2. აადუღეთ დარჩენილი წყალი სანელებლებთან ერთად და თავდახურული გააჩერეთ 15 წუთით;
  3. გადაწურეთ სურნელოვანი წყალი საცერში, შეურიეთ თაფლის ნახარშს და სწრაფად გაათბეთ;
  4. მიირთვით ცხლად და გემრიელად!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს